in

რატომ “იმასქენი”? ანუ ცოტა რამ, ახალი ქართული ლუდის სახელდებაზე

ცოტა ხნის წინ, ბაზარზე ქართული კრაფტ ლუდი, სახელად “იმასქენი” გამოჩნდა. გაუფილტრავ ლუდს კომპანია “მაისტერბრაუ” ჩამოსასხმელი და ბოთლში დადუღებული სახით აწარმოებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ვაჭარაძემ BMG-ს უამბო, სახლის პირობებში ლუდის დამზადება და ბიზნესის კეთება, ინტერნეტში, ოსური ლუდის შესახებ სტატიის წაკითხვისას გაუჩნდა. ლუდის დასახელებამ ქართველ მარკეტერებში ორაზროვანი შეფასება დაიმსახურა. ჩვენ კი, დავინტერესდით კრეატორთა მოსაზრებებით, რამდენად შეეფერება სახელდება პროდუქტის კატეგორიას? ბუნებრივია, პირველ რიგში, გვსურდა ეს კითხვა კომპანიის წარმომადგენლებისთვის დაგვესვა, თუმცა, მათთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

სიტყვა #იმასქენი ბევრისთვის ილუსტრატორ გიორგი გამეზარდაშვილთან (გამეზა) ასოცირდებოდა. ამ თემატიკაზე შექმნილი სტიკერები, პოსტერები და სხვადასხვა სახალისო ილუსტრაციები მისგან მრავლად გვახსოვს. გამეზა ახალი ლუდის სახელდებას ასე აფასებს: “იმასქენი ისეთი უნივერსალური სიტყვაა, რომ რასაც გინდა, შეუსაბამებ. შეიძლება მოარგო ყველაფერს, ვულკანიზაციასაც და ლუდსაც. თუ ცხოვრობ, ე.ი. იმასშვრები. თუმცა, ნებისმიერ ნეიმინგს სწორი კომუნიკაცია სჭირდება.”

ნიკა ჟღერია, სააგენტო Mr.Wolf-ის ექაუნთ დირექტორი: “იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად ვიყენებთ საუბარში, შეიძლება მარტივად დასამახსოვრებელი გამოდგეს ბევრისათვის. ამავდროულად, რა კონტექსტშიც გამოიყენება “იმასქენი” (იმერეთში ძირითადად), რომ ნებისმიერი პრობლემური სიტუაციიდან გამოსავალია, ლუდის ხასიათისთვის შეიძლება საინტერესო გამოვიდეს ნამდვილად. თუმცა, საბოლოო ჯამში, დეტალური შეფასებისთვის ალბათ მაინც საჭირო იქნება, რომ გარკვეულ კომუნიკაციას დაველოდოთ ბრენდისგან და პროდუქტიც უფრო კარგად შევისწავლოთ. თუ ამ უკანასკნელში ხელის შეწყობას გადაწყვეტს ვინმე, რაზმაძის 47-ში შეგიძლიათ გამოუშვათ და უფრო დეტალურ რევიუსაც იმასვიზამთ.”

მიშკა სეხნიაშვილი, სააგენტო ABK-ის კოპირაიტერი: “ჩემი აზრით, ეს სახელი პრეზერვატივს დააკვდებოდა. თუკი ლუდი ოსურია, მაშინ იმერული სახელი აცდენა მგონია. თუმცა, აშკარად გაბედული ნაბიჯია, რაც დასაფასებელია. მეც ძალიან მაინტერესებს, რამდენად იმუშავებს ასეთი სახელდება.”

თქვენ როგორ ფიქრობთ, შეეფერება სახელი “იმასქენი” პროდუქტს?

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

რა კითხვები აქვთ ბავშვებს ღმერთთან? მარკეტერის ექსპერიმენტი

Apple-ის ჭკვიანი ჩაფხუტი – Lumos Matrix