არსებობს ასეთი გამოთქმა: „თუ შენს კომპანიას არ აქვს ვებსაიტი, ის არც არსებობს”. შესაბამისად, თუ გვსურს, რომ ვიარსებოთ და თანაც, ყველანაირად მოწესრიგებული ვებსაიტი გვქონდეს, ისეთი სისტემა უნდა შევარჩიოთ, რომელიც ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
ვებდეველოპმენტში კარგი ვებსაიტი გამართულის სინონიმია. მხოლოდ ვიზუალი ან მხოლოდ ტექნიკური ფუნქციების სიმრავლე არავის აინტერესებს, მთავარი ხარისხია, რომლის მიღწევაც ხშირად ძვირი ჯდება. ძვირი როგორც დროის მიხედვით, ისე ფინანსურად. ამის გამო კომპანიის წარმომადგენლები ხშირად ფიქრობენ: რა შეიძლება იყოს ისეთი, რაც ყველა საჭირო ფუნქციას გააერთიანებს, ამავდროულად იქნება მარტივი, დაცული, ბიუჯეტური და ცოტა დრო დასჭირდება შესაქმნელად? ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ჯერ კიდევ 2003 წელს ამერიკელმა მეთ მალენვეგმა შექმნა პლატფორმა WordPress, რომელიც დღესდღეობით ვებსაიტის აწყობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხელსაწყოა მსოფლიო მასშტაბით.
WordPress საქართველოშიც საკმაოდ პოპულარულია. მისი უპირატესობების შესახებ გვესაუბრება ლუკა ხალაძე, WordPress დეველოპერი და კომპანია Webfeatures-ის დამფუძნებელი. მას WordPress-ის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
პირველი ნაბიჯები ამ საქმეში წლების წინ, სტუდენტობისას გადადგა – იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ვებდეველოპმენტის უფასო კურსი გაიარა და მას შემდეგ უწყვეტად დაიწყო ამ სფეროში მუშაობა. როგორც ლუკა გვიყვება, იმ პერიოდში WordPress საქართველოში არც ისე ცნობილი პლატფორმა იყო და ის შემთხვევით წააწყდა ვიდეოებს ინტერნეტში, სადაც ნახა, როგორ აწყობდნენ ვებსაიტის ერთ გვერდს 1 დღეში WordPress-ის მეშვეობით. მას შემდეგ ის დაინტერესდა ამ ძრავის შესაძლებლობებით და თავადაც შეისწავლა. მოგვიანებით კი უკვე არაერთ პროექტზე დაიწყო მუშაობა და, დამკვეთების მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, საკუთარი კომპანიაც დააფუძნა, რომლის პორტფოლიოშიც დღეს 200-ამდე პროექტია. გარდა ამისა, ლუკა აქტიურ პოპულარიზაციას ეწევა WordPress-ის მიმართულებით, ხშირად ატარებს ვორკშოპებს, ტრენინგებსა და საჯარო ლექციებს.
M: ლუკა, რა არის WordPress და რისთვის გამოიყენება ის?
WordPress არის ვებსაიტის შექმნის სისტემა, რომელიც ღია კოდით მუშაობს და მისი გამოყენება დეველოპერს ნებისმიერი ტიპის ვებგვერდის დასამზადებლად შეუძლია, იქნება ეს საინფორმაციო, საიმიჯო, ელექტრონული კომერციის, ბლოგის თუ სხვა. არ აქვს მნიშვნელობა არც იმას, რამდენად დიდია კომპანია. მისი მორგება შეიძლება როგორც მცირე და საშუალო, ისე დიდი ბიზნესისთვის. ამ ძრავის უპირატესობა არის ბიუჯეტურობა, ნაკლები დროის დახარჯვა შექმნაზე და შემდგომი ცვლილებების მარტივად ასახვის საშუალება.
WordPress ორ ვარიანტს გთავაზობთ: უკვე მზა დიზაინის გამოყენებას, ან ინდივიდუალური დიზაინის შექმნას. ეს შესაძლებლობა დამკვეთებისთვის ძალიან მოსახერხებელია და ორივე მიმართულებით თანაბარი მოთხოვნა ფიქსირდება. მზა დიზაინის არჩევის შემთხვევაში, დამკვეთისთვის კომფორტულია იმის წინასწარ ცოდნა, როგორი იქნება მისი ვებსაიტი, რაც არასწორი მოლოდინების რისკს ამცირებს.
რომ შევაჯამო, WordPress არის მარტივი გამოსავალი კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ მაღალი ხარისხი ბიუჯეტურ ფასად.
M: არსებობს მითი, რომ მზა ძრავების გამოყენება სამომავლოდ ხელს უშლის ვებსაიტის უსაფრთხოებას. თქვენ რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?
ჩემთვის ამაზე პასუხი მარტივია – WordPress არის მსოფლიოში ცნობილი ძრავა, რომელსაც იყენებენ დიდი ორგანიზაციები, კომპანიები და სამთავრობო ვებსაიტებიც კი მასზეა აწყობილი. შესაბამისად, ის რომ ხარისხიანი და უსაფრთხო არ იყოს, ამხელა არეალს ვერ დაფარავდა.
საკუთარი გამოცდილებიდან იმასაც გეტყვით, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვებსაიტის კოდი ხელითაა დაწერილი თუ WordPress-ზე. თუ კოდი არასწორადაა დაწერილი, ორივე შემთხვევაში, პრობლემები გამოჩნდება.
გარდა ამისა, WordPress გვეხმარება, თავი ავარიდოთ შეცდომების გაპარვას ვებსაიტის აწყობისას. თუ ხელით წერისას ყველა ნიუანსი დეველოპერმა უნდა გაითვალისწინოს, WordPress თვითონ გვახვედრებს ისეთ გარემოს, სადაც ეს ნიუანსები უკვე გათვალისწინებულია და დამატებით ფიქრი არაა საჭირო.
M: დაახლოებით რამხელა გუნდი სჭირდება WordPress-ზე ვებსაიტის აწყობას და როგორ აისახება ეს ბიუჯეტზე?
WordPress-ის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ყველანაირ რესურსს ზოგავს, იქნება ეს ადამიანური თუ ფულადი რესურსი. როგორი დიდიც არ უნდა იყოს პროექტი, მას არ სჭირდება დიდი გუნდი და 2, მაქსიმუმ 3 ადამიანიც კი საკმარისია WordPress-ზე ვებსაიტის სრულფასოვნად ასაწყობად. მთავარია, რომ გქონდეს გაიდლაინი, გყავდეს დიზაინერი და, რა თქმა უნდა, დეველოპერი. ეს კი ერთიორად ამცირებს ბიუჯეტს, რაც დამკვეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
M: რა არის ის მთავარი უპირატესობები, რის გამოც თავად ირჩევთ WordPress-ს, როგორც დეველოპერი?
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საბოლო ჯამში მივიღო რეალური პროდუქტი, რაც შეიძლება სრულყოფილად აწყობილი და რაც შეიძლება მოკლე დროში. არცერთ დამკვეთს არ უხარია, როცა მისი ვებსაიტის დამზადება 1 წელიწადს გრძელდება, დრო ძალიან ძვირფასია და თან, ეს ხომ მის ფინანსებზეც აისახება. შესაბამისად, WordPress-ს ვირჩევ იმიტომ, რომ ის მეხმარება, შევქმნა სრულფასოვანი პროდუქტი და მყავდეს კმაყოფილი მომხმარებელი.
კომპანიას, რომლის დამფუძნებელიც ლუკაა, Webfeatures ჰქვია. ის უკვე ორი წელია ბაზარზეა და მისი დაფუძნება ლუკამ დამკვეთების მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყვიტა. კომპანიის პორტფოლიო საკმაოდ მრავალფეროვანია, რაც კიდევ ერთხელ განამტკიცებს იმ აზრს, რომ WordPress მართლაც ნებისმიერი სიდიდისა თუ შინაარსის ვებსაიტის დასამზადებლად გამოიყენება. ამ პორტფოლიოში შეხვდებით პროექტს სამედიცინო, სასტუმრო, გადამზიდი, ონლაინმაღაზიებისა თუ სხვა მიმართულებით.
„გარდა პროფესიონალიზმისა, ჩვენი ნიშაა პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა. ამას ჩვენი დამკვეთებიც აღნიშნავენ“, – გვიზიარებს ლუკა.
თუ გსურთ ვებსაიტის დამზადება ან არსებულის განახლება, უფასო კონსულტაციისთვის დაუკავშირდით +995 598 55 44 20
[R]