ქართული პროდუქციის მხარდასაჭერად, ბოლო წლებში, ბევრი აქტივობა და კამპანია გვინახავს. როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივ მცირე მეწარმეებს, რომლებიც სხვადასხვა გრანტებს იღებენ და საკუთარ პროდუქციას უშვებენ, ყველაზე მეტად რეალიზაციის საკითხი აწუხებთ, სადისტრიბუციო კომპანიების მომსახურებით სარგებლობა დიდი ხარჯია, შესაბამისად, ვერ ახერხებენ მაღაზიებში შესვლას. ამიტომ მათი პროდუქცია აღარც კონკურენტუნარიანია და აღარც – აქტუალური. პროექტი „რატომ ქართული“, რომელსაც ქართულ მაღაზიათა ასოციაცია და USAID (სასოფლო – სამეურნეო პროგრამის ფარგლებში) ახორციელებენ, სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად – მალე, თბილისის მასშტაბით, 25 მაღაზიაში, სპეციალურ სტენდებზე, ქართველი მეწარმეების პროდუქცია განთავსდება. პროექტის ფარგლებში, ისინი გაყიდვების ალტერნატიულ არხსაც მიიღებენ.
მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერეს. მაქსიმუმ, ერთ თვეში მაღაზიებში უკვე პირველი სტენდები გამოჩნდება. ამ ეტაპზე, პროექტში 15 ადგილობრივი მეწარმეა ჩართული. თუმცა, ახალი ბენეფიციარების მიღება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი.
„პროექტში მონაწილეობისთვის, მეწარმე რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს – უნდა ჰქონდეს არამალფუჭებადი პროდუქცია, ანუ ის, რაც შეიძლება, მაღაზიაში, სტენდზე გარკვეული პერიოდი განთავსდეს და არ გაფუჭდეს, იყოს USAID-ის რომელიმე პროგრამის ბენეფიციარი და აკმაყოფილებდეს ეტიკეტირების ნორმებს. თუ მეწარმეს არ აქვს შტრიხკოდი, ანუ მისი შეფუთვა არ არის ქართული ბაზრისთვის ადაპტირებული, სამწუხაროდ, ვერ შევძლებთ ასეთი პროდუქციის განთავსებას. ასევე სტენდზე არ თავსდება ალკოჰოლური სასმელები. სულ ეს არის. მეწარმეს, რომელიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, შეუძლია ნებისმიერ დროს ჩაერთოს ჩვენს პროგრამაში. ამისთვის საკმარისია, თუნდაც, ქართულ მაღაზიათა ასოციაციაში დაგვიკავშირდნენ“, – ამბობს პროექტის მენეჯერ ივა მათიაშვილი.
მეწარმეები პროდუქციას თავად მიაწვდიან ორგანიზატორებს, ისინი კი უკვე მაღაზიებში განთავსებას, პარტნიორი სადისტრიბუციო კომპანიის დახმარებით, უზრუნველყოფენ.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის – პროექტის ბენეფიციარებს, დამატებით „ონლაინ“ გაყიდვების პლატფორმასაც სთავაზობენ. როგორც ივა მათიაშვილი ამბობს, თითოეულ მონაწილეს ექნება საკუთარი მაღაზია Extra.ge-სა და Myshop.ge-ზე.
„ეს, პროექტის მონაწილე მეწარმეებისთვის, დამატებითი ბენეფიტი და რეალიზაციის კიდევ ერთი გზა იქნება“.
პროექტის ორგანიზატორები უყურადღებოდ არც იმ მეწარმეებს დატოვებენ, ვინც მონაწილეობისთვის საჭირო კრიტერიუმებს, ამ ეტაპზე, ვერ აკმაყოფილებს.
„მათ ვთავაზობთ Extra.ge-სა და Myshop.ge-ის პლატფორმებს, როგორც გაყიდვების ალტერნატიულ გზას – ვისაც სურვილი ექნება, Extra.ge-სა და Myshop.ge-ზე საკუთარ მაღაზიას გავუკეთებთ და შეძლებენ, საკუთარი პროდუქციის რეალიზაციისთვის „ონლაინ“ სივრცე გამოიყენონ“.
პროექტის მთავარი მიზანია ქართული პროდუქციის ცნობადობის და ხელმისაწვდომობის ზრდა, მისი მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესება, საცალო გაყიდვების ბიზნესის მხარდაჭერა.
„გვინდა, რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს გავაგებინოთ მათი არსებობის შესახებ. ძალიან ბევრ კომპანიას, რომელიც ვთქვათ, ჩვენს პროექტშია ჩართული, ქართველი მომხმარებელი უბრალოდ არ იცნობს, არ სმენია და არ გაუსინჯავს. ჩვენი მიზანია, მოვუწოდოთ ხალხს, გასინჯონ ქართული პროდუქცია. ადგილობრივ მეწარმეებს კი ვთავაზობთ პროდუქციის პოპულარიზაციას. გარდა ამისა, გვინდა, შევთავაზოთ, მათ, გაყიდვების დივერსიფიცირებული არხები. ჩვენი ინტერესი არის, რაც შეიძლება მეტი ქართველი მეწარმის პროდუქცია იყოს წარმოდგენილი მაღაზიებში თუ „ონლაინ“ სივრცეში. ასევე გვსურს, ერთმანეთთან დავაკავშიროთ მეწარმეები და საცალო მოვაჭრეები, როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, მათ შეხვედრებს და გამოფენა – გაყიდვებსაც შევთავაზებთ“.
Credit:
ანიმაციურ ვიდეზე იმუშავა სტუდიო “იმპულსმა”.
[R]