25
Jan
2018

მხოლოდ ბოსია მიზეზი?! რატომ მიდიან სამსახურიდან სინამდვილეში

25 Jan 2018

ალბათ, გსმენიათ მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადამიანები სამსახურიდან კი არა ცუდი მენეჯერებისგან მიდიან. თუმცა, ეს ცალსახად ასეა?! არიან მენეჯერები, რომლებისგან მიდიან, იმის მიუხედავად, რომ ისინი მთელ ძალისხმევას დებენ თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებაში და სამუშაოთი კმაყოფილებაში. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც გაურბიან ცუდ ხელმძღვანელს, თუმცა, არანაკლებია მათი რაოდენობა, ვინც თავად სამუშაოს გაურბის, რადგან მასში საინტერესო, სახალისო ვერაფერი ნახა, ვერ გამოიყენა საკუთარი ძლიერი მხარეები, ვერ განვითარდა კარიერულად. ფაქტობრივად, ასეთ გარმოში ადამიანმა ვერ პოვა თვითრეალიზება თავად სამუშაოში… და ვისი ბრალია ეს? როგორც აღმოჩნდა, მენეჯერების.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუ გსურს, რომ შეინარჩუნო თანამშრომლები, განსაკუთრებით კი კარგი თანამშრომლები, მეტი ყურადღება დაუთმე, რა სახის სამუშაოს აკისრებ მათ. კომპანიების უმეტესობა ჯერ ქმნის პოზიციას, იგონებს ფუნქციებს, შემდეგ კი მათ უთავსებს ადამიანებს. Facebook-ში მენეჯერებს საპირისპირო მიდგომა აქვთ – როცა ისინი პოულობენ ნიჭიერ ადამიანებს, ისინი ქმნიან მათთვის შესაფერის პოზიციას. კომპანიის ანალიტიკოსთა გუნდმა დაიწყო დაკვირვება, ვინ დარჩებოდა ან წავიდოდა უახლოესი 6 თვის განმავლობაში და ყურადღებით შეისწავლეს ისინი, ვინც დარჩა კომპანიაში სამუშაოდ. აღმოჩნდა, რომ ეს თანამშრომლები უფრო მეტი ხალისით აკეთებდნენ საქმეს, მეტად იყენებდნენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და მეტადაც ვითარდგებოდნენ. ამ ექსპერიმენტმა გამოავლინა სამი საკვანძო ფაქტორი, რაც მენეჯერებს გამოადგებათ: მიეცი თანამშრომლებს საშუალებას, აკეთონ ის, რაც მოსწონთ, დაეხმარე ძლიერი მხარეების გამოყენებაში და შეუქმენი გარემო კარიერული განვითარებისთვის.

შექმენით სამუშაო, საიდანაც სიამოვნებას მიიღებენ

ბევრს გვაქვს ჰობი, რომელსაც არ ვაქცევთ ყურადღებას ან უნარი, რომელსაც ვერ ვიყენებთ, რადგან სხვა ფუნქციები გვაბარია, თანაც იმის გამო, რომ დღის უმეტეს ნაწილს სამსახურში ვატარებთ, ნაკლებად ვპოულობთ დროს იმ უნარების რეალიზაციისთვის, რაც ასევე კარგად გამოგვდის. თანამშრომლები ხშირად საჭიროებენ მხარდაჭერას, ორგანიზაციის მხრიდან, რომ შეიქმნას სამუშაო, რომელიც მათ ძლიერ მხარეებს მოერგება.

ამ თვალსაზრისით, ხელმძღვანელებს ძალიან დიდი როლი აქვთ. მათ შეუძლიათ დაეხმარონ თანამშრომლებს, გამოძერწონ ახალი სასარგებლო ფუნქციები მათთის, რომელიც ასევე თანხვდება მათ ძლიერ მხარეებს.

რამდენიმე წლის წინ Facebook-ის ერთ-ერთი თანამშრომელი სინტია მივიდა დასკვნამდე, რომ HR დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ნაცვლად, რასაც საკმაოდ კარგად აკეთებდა, დიდი ხანია სურდა კლიენტების პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა. ხელმძღვანელის მხარდაჭერით, სინტიამ დაიქირავა ახალი თანამშრომელი, რომელსაც მისი და მისი გუნდის საქმიანობის მონიტორინგი უნდა განეხორციელებინა. თანდათან ისე მოხდა, რომ სინტიამ და ახალმა თანამშრომელმა ადგილები გაცვალეს. ეს უკანასკნელი განყოფილების ხელმძღვანელი გახდა, სინტიასვე მხარდაჭერით, ხოლო თავად სინტიამ იმ საქმის გასაკეთებლად გადაინაცვლა, რაც ასე ძალიან აინტერესებდა.

ძალიან ხშირად, ხელმძღვანელებმა არ იციან, რეალურად რა მოსწონთ ადამიანებს და ამას მხოლოდ მაშინ გებულობენ, როცა თანამშრომელი წასვლას დააპირებს და გამოსამშვიდობებელ გასაუბრებაზე (რაც ბევრი კომპანიის HR დეპარტამენტს აქვს დანერგილი) ამოთქვამს ყველაფერს, რაც აქამდე აწუხებდა. რა საჭიროა, ველოდოთ მომენტს, სანამ ვინმე კარს გაიხურავს? ჰკითხეთ თანამშრომლებს პერიოდულად, რა მოსწონთ სამუშაოში, რა მომენტში იგრძნეს თავი კმაყოფილად, ენერგიულად? რას ეკიდებიან აზარტით, როდის გრძნობენ თავს რეალიზებულად? ეს ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით, რა საქმე მისცეთ თანამშრომელს.

ყურადღებით დააკვირდი ადამიანების ძლიერ მხარეებს

ჭკვიანი მენეჯერები ქმნიან შესაძლებლობებს თანამშრომლებისთვის, გამოიყენონ თავიანთი ძლიერი მხარეები. იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ შეიძლება ამის ილუსტრირება, ერთ მაგალითს მოვიყვანთ. ჩეიზი ინჟინერ-პროგრამისტად მუშაობდა Instagram-ში. მას შემდეგ, რაც 6 თვიანი შრომატევადი სამუშაოს შედეგად, გუნდს მნიშვნელოვნად დაეხმარა შედეგის მიღწევაში, სრულიად გამოფიტული და კოდის წერით გადაღლილი ჩეიზი დაფიქრდა, რა წვლილი შეეძლო შეეტანა საქმეში სხვა მიმართულებით. მენეჯერთან, ლუსთან, საუბრის შემდეგ, მისივე მხარდაჭერით, შეუერთდა დიზაინის გუნდს, გამოსაცდელი ვადით. ამ დროის მანძილზე, ჩეიზმა პროდუქტიულად იმუშავა და ლუს აზრით, ეს იყო მხოლოდ მომგებიანი ინსტაგრამისთვის.

ახალი როლების შექმნა არამხოლოდ თანამშრომლების ძლიერი მხარეების რეალიზებას უწყობს ხელს, არამედ კარგად აისახება თავად კომპანიის განვითარებაზე. ამ მიდგომით შესაძლებელია, გადაანაწილო ფუნქციები უნარების მიხედვით და ააწყო ქმედითი სისტემა.

შექმენი მიმზიდველი სამუშაო გარემო

ძალიან ხშირად, კარიერული კარის გაღება ნიშნავს რომელიღაც სხვა, პირადული, კარის დახურვას – ესაა სპეცპროექტები, რომლებზეც დღედაღამ მუშაობენ თანამშრომლები, კარიერული წინსვლის იმედით, საქმით დაძეძგილი შაბათ-კვირა, ახალი პერსპექტივების აღმოსაჩენად, ქვეყნის გარშემო მოგზაურობა, რაც ოჯახისგან დისტანციაზე ყოფნას აიძულებს. ესაა კომპანიებისა და მენეჯერების სერიოზული გამოწვევა – შექმნან კარიერული დაწინაურების პერსპექტივაც და დააბალანსონ კიდეც ის თანამშრომლის პირად პრიორიტეტებთან.

ადამიანები ტოვებენ სამსახურებს და ეს მენეჯერებზეა დამოკიდებული, რამდენად მიმზიდველს გახდიან სამუშაოს ისე, რომ ის ზედმეტად კარგი იყოს მისატოვებლად. ბრწყინვალე ხელმძღვანელები ფარივით არიან – ისინი თანამშრომლებს ტოქსიკურობისგან იცავენ, აძლევენ საშუალებას წამოწიონ თავიანთი იდეები და დაიხარჯო სიამოვნებით. ეცადე შექმნა ისეთი სამუშაო და გარემო, რომ თანამშრომელმა ვერც კი წარმოიდგინოს, სად შეიძლება იგრძნოს თავი უკეთესად.

მომზადებულია HBR-ზე დაყრდნობით.



განხილვა