Cultural Strategist, ანუ კულტურის სტრატეგი, იმ პროფესიების ჩამონათვალშია, რომლებიც რამდენიმე წლის წინ შეიძლება არ არსებობდა ან უცნაურად ჟღერდა, თუმცა დღეს მისი არსებობის საჭიროება სულ უფრო დგება.
ბრენდები ყოველთვის იყვნენ კულტურის ნაწილი, მაგრამ მათი ურთიერთობა აუდიტორიასთან ადრე უფრო პროგნოზირებადი იყო. შეიძლებოდა კამპანია კონკრეტულ დემოგრაფიულ ჯგუფზე დაგეგმილიყო, საკმარისი მედია შეძენილიყო და გქონოდა იმედი, რომ ბრიფიდან კამპანიის გაშვებამდე კულტურული კონტექსტი რადიკალურად არ შეიცვლებოდა.
დღეს ეს ასე აღარ არის. ტრენდები რამდენიმე კვირაში ჩნდება და ქრება, ონლაინკომუნები საკუთარ ენასა და წესებს ქმნიან, ნიშური კულტურები სწრაფად ხდება მეინსტრიმი, ხოლო აუდიტორია მარტივად ამჩნევს, როცა ბრენდი საუბარში ძალით ცდილობს ჩართვას.
სწორედ აქ ჩნდება კულტურის სტრატეგის როლი.
რას აკეთებს კულტურის სტრატეგი
მარტივად რომ ვთქვათ, ის ბრენდს იმ სამყაროს გაგებაში ეხმარება, რომელშიც მას არსებობა უწევს. მისი ამოცანა მხოლოდ ის არ არის, გაარკვიოს, რას ყიდულობენ ადამიანები. ის აკვირდება, რაზე საუბრობენ, რა აინტერესებთ, რას დასცინიან, რა აშფოთებთ, რომელ ღირებულებებს იზიარებენ და, რაც მთავარია, რას აკრიტიკებენ.
ტრადიციული ბრენდსტრატეგია ხშირად თავად ბრენდიდან იწყება: რას წარმოადგენს ის, რით განსხვავდება, რა დაპირებას იძლევა და როგორი დამოკიდებულება უნდა შეექმნას მის მიმართ მომხმარებელს.
კულტურის სტრატეგია კი ერთი ნაბიჯით უკან იხევს და უფრო ფართო სურათს უყურებს: რა იცვლება საზოგადოებაში და რას ნიშნავს ეს კონკრეტული ბრენდისთვის?
ამისთვის სტრატეგი შეიძლება აკვირდებოდეს მუსიკას, მოდას, კინოს, თამაშების ინდუსტრიას, ტექნოლოგიებს, სოციალურ მედიას, სპორტს, დიზაინს, ონლაინკომუნებსა და სხვადასხვა კულტურულ მოძრაობას.
მთავარი მიზანი კი ყველა ტრენდის მარკეტინგულ შესაძლებლობად ქცევა არ არის. პირიქით, კარგი კულტურის სტრატეგი ზოგჯერ სწორედ იმას ეუბნება ბრენდს, რომელ საუბარში არ უნდა ჩაერთოს.
კვლევიდან ბიზნესგადაწყვეტილებამდე
კულტურული კვლევა შეიძლება იწყებოდეს როგორც მეინსტრიმმედიიდან, ისე Reddit-ის კომუნებიდან, დამოუკიდებელი კრეატორების თვალყურის დევნებიდან, ღონისძიებებზე დასწრებით, ფიზიკურ სივრცეებსა და აუდიტორიასთან უშუალო საუბრებით და სხვა.
საერთაშორისო ბრენდებისთვის ეს კიდევ უფრო რთული ამოცანაა, რადგან ერთი და იგივე სიმბოლო, იუმორი ან ქცევა სხვადასხვა ქვეყანაში სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობას შეიძლება ატარებდეს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ინფორმაციის შეგროვება კი არა, იმის გადაწყვეტაა, რომელ ინფორმაციას აქვს რეალური მნიშვნელობა ბრენდისთვის. კულტურული სტრატეგიის საბოლოო შედეგი ყოველთვის კონკრეტულ მოქმედებამდე უნდა მიდიოდეს.
როდის სჭირდება ბრენდს კულტურული სტრატეგი
ყველა კომპანიას ცალკე კულტურის სტრატეგი არ სჭირდება, თუმცა მისი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, როცა: ბრენდი მოძველებულად აღიქმება, მაგრამ გაურკვეველია, რატომ; ბრენდი ახალ ბაზარზე ან აუდიტორიაში შედის და კულტურული განსხვავებების გათვალისწინება სჭირდება; რებრენდინგი ან მნიშვნელოვანი პროდუქტის გაშვება იგეგმება; კატეგორია ზედმეტად ერთფეროვანი გახდა და კონკურენტები თითქმის ერთსა და იმავე ენაზე საუბრობენ; კამპანიები რეალურ სამყაროში სხვაგვარად აღიქმება, ვიდრე კომპანიის შიგნით იყო დაგეგმილი.
კულტურა რთული, წინააღმდეგობრივი და მუდმივად ცვალებადია. ადამიანები შეიძლება ერთდროულად ითხოვდნენ ტექნოლოგიურ კომფორტს და, ამავდროულად, ნოსტალგიას გამოხატავდნენ ტექნოლოგიებისგან თავისუფალი სამყაროს მიმართ. შეიძლება ამბობდნენ, რომ ავთენტურობა სურთ, მაშინ როცა საკუთარ ცხოვრებას სოციალურ მედიაში ზედმიწევნით აკურატულად აწყობენ. AI-ს განვითარებასთან ერთად ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
საბოლოოდ, კულტურული სტრატეგი ვერ შეაჩერებს იმას, რომ ტრენდები შეიცვალოს, მაგრამ შეუძლია, ბრენდს დაეხმაროს, სად და რატომ აქვს მას ამ კულტურაში ადგილი.











