ალბათ, უკვე არაერთი კვლევა და მოსაზრება მოგისმენიათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედა პანდემიურმა პერიოდმა ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. ერთი მხრივ, ეს დამანგრეველი გავლენა აშკარა და თვალსაჩინოა — დაწყებული სოციალური გაუცხოებით, დასრულებული გაზრდილი შფოთვითა და დეპრესიით.
“ძალიან ბევრი გაცვეთილი ფრაზის თქმა შეგვიძლია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა იქონია პანდემიამ ადამიანების ემოციურ ფონზე. ეს აშკარა და ყველასათვის თვალსაჩინოა. მაგალითად, მომატებულია ფრუსტრაცია…”, — ამბობს ფსიქოლოგი ლევან შატბერაშვილი. მართლაც, სულ მალე ორი წელი გახდება, რაც უამრავი მსგავსი რამ არა მხოლოდ სხვებისგან გაგვიგია, არამედ საკუთარ თავზეც გამოგვიცდია. ეს ყველაფერი ფაქტია… თუმცა საინტერესოა, რატომ იმოქმედა ასე მძაფრად Covid-19-ის პანდემიამ ჩვენზე? მაშინ, როცა აქამდეც უამრავი დაავადება არსებობდა და კვლავ არსებობს, თანაც საკმაოდ საშიში და მომაკვდინებელი…
ამ და სხვა საკითხებზე, რომლებიც პანდემიასა და მენტალურ ჯანმრთელობას შორის არსებულ კავშირზე ჩნდება, სწორედ ლევან შატბერაშვილი გვესაუბრება.
M: როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გააკეთოს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფმა ადამიანმა, რომელიც, პანდემიიდან გამომდინარე, დისტრესშია და ადაპტაციის პროცესის გავლაც უჭირს? გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგს მიმართოს…
ყველა ადამიანის მაგალითზე ერთი კონკრეტული რამის თქმა რთულია. უბრალოდ, სტრესი ნეგატიურად აისახება ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ამიტომ, რაც უფრო პოზიტიურად ვიქნებით განწყობილი, რაც უფრო ოპტიმისტურად შევხედავთ მომავალს, მით უკეთ იფუნქციონირებს ჩვენი ორგანიზმი. აბსოლუტურად არაორდინარული სიტუაციაა. საქმე გვაქვს გლობალურ ფსიქოლოგიურ გამოწვევასთან. ჩვეული შაბლონები, ცხოვრების სტილი, რომელსაც წლების განმავლობაში მივეჩვიეთ, ერთ დღეს დასრულდა და სრულიად სხვა რეჟიმში გადავიდა. თუმცა მთავარია, გვახსოვდეს, რომ ოდესმე მიაღწევს საზოგადოება ადაპტაციას.
M: ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, კაცობრიობამ ბევრი პანდემია გადაიტანა, მთელი რიგი დანაკლისებით… შედეგი ყველა შემთხვევაში ერთია — ლეტალური შემთხვევები, გაზრდილი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური წნეხი. თქვენი გადმოსახედიდან, რა სხვაობაა სხვა ეპოქებისა და Covid-19-ის პანდემიებს შორის?
პანდემია კაცობრიობის ისტორიაში სიახლეს არ წარმოადგენს, ეს სულ ხდებოდა. თუმცა განსხვავებაა ეპოქებს შორის — განსხვავდება წარსული და ამჟამინდელი დრო. ჩვენს ეპოქაში კი ადამიანს მსგავსი გამოცდილება ამ დრომდე არ ჰქონია. როგორ იყო ჰო, 2020 წლამდე? თითქოს მთელი სამყარო ღიაა, არ არსებობდა საზღვრები და ცხოვრების რიტმი/სტილი საკმაოდ დინამიკური იყო. მაგალითად, ადრინდელი პანდემიების შემთხვევაში, თუნდაც “ისპანკას” დროს სრულიად სხვა რეალობაში ცხოვრობდა ხალხი — არ იყო ინფორმაციის სწრაფად და მასშტაბურად გავრცელების შესაძლებლობა. არ იცოდნენ, რამდენი ადამიანი ინფიცირდებოდა ამერიკაში… ახლა კი სხვაგვარ ინფორმაციულ არეალში მოვექეცით. 21-ე საუკუნესთან ერთად შეიცვალა სოციუმი, ურთიერთობები, ტექნოლოგიური განვითარება და გაცილებით ადვილი გახდა სხვადასხვა ცნობის მიღება.
ღია და თავისუფალი სამყაროს ფონზე კი გაჩნდა რაღაც ვირუსი, რომლის მენეჯმენტიც არც ისე ადვილია (ყოველ შემთხვევაში, თავიდან მაინც). გაზრდილი შიშის პარალელურად, დავიწყეთ მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, რომელთა ნაწილიც, ამ გადმოსახედიდან, სულელურად გვეჩვენება. ასევე, გაიზარდა ფსიქიკური წნეხი — ვირუსის პერიოდში უამრავი ფსიქოლოგიური ძვრა შეეხო საზოგადოებას, რასაც ხელი შეუწყო ინფორმაციების თუ დეზინფორმაციების სწრაფად გავრცელებამ.
M: როგორ ფიქრობთ, რატომ გაუჭირდა ადამიანს სწრაფად ცვალებად მოვლენებთან ადაპტაცია? უკვე მეორე წელი სრულდება, რაც პანდემიასთან ერთად თანავცხოვრობთ, მაგრამ მაინც გამძაფრებულ ემოციურ ფონსა და გართულებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობებზე გვიწევს საუბარი…
სამყარო გამუდმებით იცვლება, მაგრამ ეს იმდენად ნელა ხდება, რომ გვიჭირს ამ ძვრების შემჩნევა. ამასთან, ზოგადად, ადამიანი საკმაოდ ადაპტირებადი არსებაა, მაგრამ ადაპტირებასაც გარკვეული დრო სჭირდება. თუ რაღაც ცვლილება ძალიან სწრაფად ხდება, ვერ ვასწრებთ ამ ადაპტაციის პროცესის გავლას, რაც სტრესისა და შფოთვის ზრდას იწვევს. შემდეგ ეტაპს კი უკვე სტრესთან ადაპტაცია წარმოადგენს და თუ ამას ვერ ვახერხებთ, დისტრესი იწყება… თავის მხრივ, ამას ფიზიოლოგიურად და ემოციურად ძალიან მძიმე გავლენა აქვს ჩვენზე.
გარდა ამისა, შეიცვალა დღის რეჟიმი. მაგალითად, თუ აქამდე 8-10 საათს ვატარებდით გარეთ და ოჯახის წევრებს მხოლოდ 3 საათს ვუთმობდით, ახლა ყველაფერი შემოტრიალდა. იზოლაციაში მყოფებს 10 საათის გატარება მოგვიწია კონკრეტულ ადამიანებთან — თურმე, ვისაც 3 საათი ვიტანდით, ათი საათის განმავლობაში ამას ვეღარ ვახერხებდით. შესაბამისად, დაინგრა ურთიერთობები. სწორედ ამ ძვრების ეპიცენტრში აღმოვჩნდით, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს ვეგუებით. ალბათ, წლების წინ წარმოუდგენელი გვეგონა ვირტუალური/ონლაინ ცხოვრება… ახლა კი ეს ჩვეულებრივი ყოფის ნაწილი გახდა.
M: საინტერესოა, ამ მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ფონზე თავი თუ იჩინა ახალმა, აქამდე უცნობმა მენტალურმა პრობლემებმა?
ადამიანი მრავალი ათასი წელია არ შეცვლილა. ახალი, უჩვეულო გამოვლინებები არ დაფიქსირებულა, მაგრამ გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ფსიქიკურ პრობლემებს ებრძვის. გაცილებით მეტი პიროვნება აღმოჩნდა ქრონიკული სტრესის ქვეშ, რაც ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც ნეგატიურად აისახა. აი, შეხედეთ თქვენს ირგვლივ არსებულ ხალხს — რამდენს აღენიშნება დეპრესია, შფოთვა, სტრესი… ახალი არაფერია ამ ყველაფერში, უბრალოდ ძველის გადათამაშება ხდება უფრო დიდი რაოდენობით.
M: ალბათ, წინასწარი პროგნოზების გაკეთება რთულია, თუ რა იქნება მომავალში… დავუბრუნდებით თუ არა უწინდელ ცხოვრებას, ურთიერთობებსა და დღის წესრიგს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალისტურია ამაზე ფიქრი?
წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, არ ვიცით რა იქნება… თუმცა ერთი რამ უდავოა — იქ, სადაც ვიყავით, ვეღარ დავბრუნდებით. სხვა რეალობაში ვიცხოვრებთ. რა თქმა უნდა, მთელი ამ პერიოდის გამოცდილება დარჩება ჩვენს მეხსიერებაში და აღნიშნული პანდემიის მომსწრე ადამიანები ვერასოდეს იქნებიან ისეთები, ვისაც ეს ყველაფერი არ გაუვლია და გამოუცდია. ცვლილებები იქნება, მაგრამ შედეგებზე საუბარი რთულია. ვერც იმას ვიტყვით, რა არის ამ გამოცდილებაში კარგი და რა ცუდი. ამასაც ყველა სუბიექტურად აფასებს. ობიექტურად თუ შევხედავთ, ეს უბრალოდ პროცესია.
ავტორი: ქეთია ბელქანია