ლენოვოს ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიების მხოლოდ 39-მა პროცენტმა დაიწყო რეალური AI ცვლილებები. ამიტომაც იმ ბარიერებზე საუბარი გადაწყვიტა, რომლებიც ბიზნესებს ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობაში უშლის ხელს. თეორიულად, უკვე ყველა კომპანიამ კი იცის, რომ მათ სამუშაო სივრცეში სიახლეების დროა, მაგრამ უმეტესობა დაგეგმვის ფაზას ვერ სცილდება. ლენოვოს Real Workplace Transformation-ის მოხსენებაც ამის შესახებაა.
მართალია, ორგანიზაციების 97% აღიარებს, რომ ციფრული სამუშაო ადგილების ტრანსფორმაცია სჭირდებათ, მაგრამ 10-დან მხოლოდ 4-მა თუ დაიწყო რეალურად ეს პროცესი. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ კომპანიების 61%-ს დამკვირვებლის როლი აქვს მორგებული, სხვის მაგალითზე სურთ, გაიგონ, რას მოიტანს AI-ის დანერგვა სამუშაო სივრცეში.
საინტერესოა, რომ IT ლიდერების 80%-ზე მეტი აღიარებს ხელოვნური ინტელექტის თაობის ძალას, რომ მათ სამუშაო სივრცეში ტრანსფორმაცია შეუძლიათ, შემოგვთავაზონ, მაგრამ 89% იმასაც ხვდება, რომ ეს პირველ რიგში უშუალოდ სამუშაო ადგილის სრულ ტრანსფორმაციას მოთხოვს და არა, მხოლოდ პროგრამების შეძენას.
აღნიშნული ტრანსფორმაცია ახალი ლეპტოპების შეძენის მიღმაც მიდის, უფრო IT მოწყობილობების, პროგრამული უზრუნველყოფისა და დამხმარე სერვისების გადახედვას მოითხოვს, რათა პროდუქტიულობა გაიზარდოს, ჰიბრიდული მუშაობის რეჟიმის ხელშეწყობა მოხდეს და ისეთ სტრატეგიულ მიზნებსაც მივაღწიოთ, როგორიც AI-ის დანერგვაა.
ამის სწორად გაკეთება კი არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან პერსონალიზაციაა საჭირო – თითოეულ თანამშრომელს განსხვავებული AI სისტემა სჭირდება, რომელიც მათ კონკრეტულ სამუშაო პროცესზე იქნება მორგებული. ეს კი ვერ მოხდება სამუშაო ადგილის ხელახლა ჩამოყალიბების გარეშე. ამასთან, აქ კომპანიებს მკაფიოდ უნდა ჰქონდეთ მიზნები გაწერილი, რისი მიღწევა სურთ მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში.
ბარიერები, რომლებიც კომპანიებს AI-ის დანერგვაში უშლის ხელს
ლენოვოს კვლევით ნათელი ხდება, თუ რატომ რჩება კომპანიების უმეტესობა დაგეგმვის ფაზაზე. მიზეზი სტრატეგიული ხედვის ნაკლებობაა, ბევრს სამუშაო ადგილის ტრანსფორმაციის პროექტების ბიზნესის უფრო ფართო ბიზნებთან შესაბამისობა უჭირს. კი იციან, რომ ცვლილება სჭირდებათ, მაგრამ ვერ იაზრებენ, როგორ მოუტანს ახალი ტექნოლოგია მათ კონკურენტულ უპირატესობას ან როგორ დაუჭერს მხარს აღნიშნული კომპანიის სტრატეგიას.
მეორე მიზეზი ხელმძღვანელ პირებში უნდა ვეძებოთ, რომლებმაც არ იციან, როგორ იმოქმედონ ამ კომპლექსურ პროცესში, მასშტაბისა და რისკების გათვალისწინებით კი ეს არამდგრადობა ძვირად უჯდებათ…
და მესამე მიზეზი კვლავ ხელმძღვანელებიდან მოდის, მათ არასაკმარის მხარდაჭერაზე საუბრობენ, როცა AI ცვლილებებისთვის მხოლოდ IT გუნდი არ არის საკმარისი.
რაში ხედავს Lenovo გამოსავალს?
ხედვის პრობლემასთან გამკლავება ლენოვოს მკაფიო მიზნების განსაზღვრით წარმოუდგენია, რომლებიც, რაღა თქმა უნდა, ბიზნესის სტრატეგიას ესადაგება. კომპანიებს სჭირდებათ, გაიაზრონ თავიანთი თანამშრომლების რეალური საჭიროებები და არ დაიწყონ იმის გამოცნობა, თუ რამ შეიძლება გაამართლოს… გარე რესურსებზე დაყრდნობა კი პროცესში ძალიან დაგეხმარებათ, ხედვის დახვეწასაც შეგაძლებინებთ და გავრცელებულ შეცდომებსაც აგარიდებთ თავიდან.
ამგვარად, ტრანსფორმაცია პრიორიტეტად უნდა იქცეს, IT მიზნების ხელშემწყობ ფაქტორად, ლიდერებმა კი მოსალოდნელი სარგებელი უნდა განსაზღვრონ, თუ რა შეიძლება მოუტანოს მათ AI ანალიტიკამ, რათა შემდგომში პროდუქტიულობაც გაზომონ და იმასაც დააკვირდნენ, თუ რამდენად გაუმჯობესდა თანამშრომელთა გამოცდილება.
აქ ტრენინგებიც ძალიან დაგეხმარებათ — „შესაძლოა, თანამშრომელს საუკეთესო ხელსაწყო მისცეთ სამუშაო გამოცდილების გასაუმჯობესებლად, მაგრამ თუ არ იცის, როგორ გამოიყენოს, ეს ახალი ტექნოლოგიის დანერგვის პროცესს შეაფერხებს და ვერც ბიზნესსარგებელს დაინახავთ“.
უნდა იჩქაროთ, AI სწრაფი ტემპით ვითარდება და თუ არ დაეწევით, სამომავლო ტრანსფორმაციაც გართულდება…












