„შეიძლება სიძულვილი კარგი იყოს? დიდებული? შეიძლება სიძულვილი ისეთი რამ იყოს, რაც არ გვძულს?“, — დაახლოებით ასე ჟღერს ჰონდას კამპანია Hate Something, Change Something და ეს შეიძლება მართლაც ასე იყოს… მოწონების ღილაკები ლინკდინზე თუ გულები ინსტაგრამზე იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ KPI. ეს საკმაოდ გასაგებიცაა, ვიღაცას რომ მოსწონხართ, ესე იგი, თავის საზოგადოებაში გიღებთ, მისთვის შესაფერისი ხართ, ამიტომ აღარც მგლების ხროვისთვის გიმეტებთ… მაგრამ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი რეკლამირებაში?
ეს საკითხი კონკრეტულ ინდუსტრიაში ყველაზე მწვავედ წარმოჩინდება, დღეს მიზანს ისეთ ბრენდად ყოფნა წარმოადგენს, რომელიც ყველას მოსწონს და სწორედ აქ იმალება 2 დიდი პრობლემა: პირველი, ინტერნეტის „წყალობით“, ბევრად მარტივია საკუთარი აზრის გაჟღერება, შესაბამისად, უარყოფითი უკუკავშირის გაზიარებაც დასაშვებია და მეორე, შეუძლებელია, გქონდეს ბრენდი, რომელიც ყველას მოეწონება.
ბოლო წლების მანძილზე კი სარეკლამო ინდუსტრიისთვის სიძულვილი მეტად ახლო გახდა, ისინი ყველაზე ცუდ კრიტიკოსებს იყენებდნენ, რათა მეტად მიმზიდველები გამხდარიყვნენ და აზრებიც სასიკეთოდ შეეცვალათ. ამის მაგალითად Vice-ის „Like What You Hate“ შეგვიძლია ჩავთვალოთ, სადაც გვაიძულეს, ამბის მეორე მხარეც გვენახა ისე, რომ თუ რაიმეს შეძულებას გადავწყვეტდით, ეს რეალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაგვეკეთებინა…
და როგორ პასუხობენ ბრენდები სიძულვილს? ამის აღსაწერად სირაქლემების, გედებისა და „წითელქუდა ფრინველის“ (Red-capped manakin) ქცევას იშველიებენ. მაგალითად, როცა სირაქლემა საფრთხეს გრძნობს, თავს მიწაში მალავს ზუსტად ისე, როგორც დიდი ნავთობკომპანიები, კორუფცირებული მედია ან ერთ დროს საყვარელი სოციალური პლატფორმები. ისინი არაფერს პასუხობენ და სურვილი აქვთ, „ჰეითერებმა” მარტო დატოვონ. პასუხის არარსებობა კი მხოლოდ კრიტიკის გამწვავებას ემსახურება და კომპანიების აუდიტორიასთან კავშირის არქონაზე მეტყველებს.
მეორე მხარეს კი გედი გვყავს, ანუ ბრენდები, რომლებიც სხვების კრიტიკას მეტად ელეგანტურად ხვდებიან. საპასუხო შეტევაზე კი არ გადადიან იმ მიზეზით, რომ არ ანაღვლებთ, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ არ სურთ ეს. ისინი რაღაც უფრო მნიშვნელოვანისკენ მიისწრაფვიან და ასეთ მომენტებზე ყურადღების გამახვილებას თავს არიდებენ. ბოლოს კი წითელქუდიანი ფრინველია — ამ ტიპის ბრენდი საფრთხეებს ძალიან მწვავედ პასუხობს. თუმცა ხშირად ეს ის არის, რაც ადამიანებს მოსწონთ, ამიტომ, ცოტა „სიგიჟით“ დიდ ამბებამდეც შეიძლება მივიდეთ…
მიუხედავად მრავალი მეთოდისა, სარეკლამო ინდუსტრიაში სიძულვილის მაინც ძალიან ეშინიათ… არადა, თუ სწორად გამოვიყენებთ მას, შესაძლოა, ერთგულ მომხმარებლებს კიდევ უფრო შევაყვაროთ თავი. დაბოლოს, არ დააიგნოროთ ცუდი კომენტარები, შეფასებები და კრიტიკა, რადგან ხშირად მსგავსი სიძულვილის ენიდან ვიღებთ იმ შემოქმედებითობას, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს.