in

რატომ არის საუზმე აუცილებელი და რა უნდა მიირთვათ დილით?

თუ თქვენი დილა ჩქარ-ჩქარა მომზადებითა და სამსახურში გაქცევით იწყება ისე, რომ საუზმე არც კი გახსენდებათ, უნდა გითხრათ, რომ ეს სწორი არ არის. ძალიან ბევრი ადამიანისგან მოისმენთ – „დილას ყავისა და სიგარეტის მეტი არაფერი მინდა” ან „საჭმელს პირველად შუადღეს ვჭამ”…დღეს გვინდა, გესაუბროთ საუზმის მნიშვნელობაზე, რაც ავტომატურად ჯანსაღი დილის ქონას ნიშნავს. დილა ახალი დღის დასაწყისია და დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გავატარებთ დღის დანარჩენ ნაწილს, ამიტომ ნუ უგულებელყოფთ იმ კომპონენტებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას ჯანსაღად აქცევს. 

რატომ უნდა ვისაუზმო?

თუ ეს კითხვა გაწუხებთ, ძალიან მარტივად გიპასუხებთ – ყველა ექიმი უწევს დილის კვებას რეკომენდაციას, რადგან ის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი გამოტოვება არ შეიძლება. ახლა უკვე მიზეზებზე გადავიდეთ და გავცეთ პასუხი თქვენს „რატომ”-ს:

  • უპირველეს ყოვლისა, იმით დავიწყებთ, რომ ჯანსაღი საუზმე აბალანსებს შაქრის დონეს სისხლში. ის ეხმარება თქვენს ორგანიზმს გლუკოზის უკეთ დაშლაში. 
  • საუზმე აჩქარებს თქვენს მეტაბოლიზმს დილით, რომლის ადრეული ამუშავებაც ხელს უწყობს კალორიების დაწვას მთელი დღის განმავლობაში. ეს ეხმარება ორგანიზმს, რომ დაზოგოს კალორიები.
  • საუზმე აძლიერებს ორგანიზმს. ექიმები გვარწმუნებენ, რომ ადამიანები, რომლებიც დილით იკვებებიან, უფრო პროდუქტიულები არიან დღის განმავლობაში, ვიდრე ისინი, ვინც უარს ამბობენ ამაზე. ასევე ეს ადამიანები უფრო ძნელად იღლებიან და ინარჩუნებენ ენერგიას მთელი დღის მანძილზე.
  • შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც დილით არ საუზმობენ, უფრო მარტივად იმატებენ წონაში. რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა, თუ რას მიირთმევთ საუზმედ – თუ ეს არის ჯანსაღი ცილები, მარცვლეული, რძის ნაწარმი, მაშინ შეგიძლიათ, მაშინ სწორ გზაზე დგახართ.
  • ჯანსაღი საუზმე გონების სტიმულატორიცაა – ის კვებავს ტვინს, გლუკოზის დონის დაბალანსება კი ფოკუსირების, მსჯელობისა და ინფორმაციის დამუშავების უნარს გამოგიმუშავებთ.

რა უნდა მივიღო საუზმედ?

ჩვენ ამ კითხვაზეც მოგიმზადეთ პასუხი. რა თქმა უნდა, როცა იმაზე ვსაუბრობთ, რომ დილის კვება ასეთი მნიშვნელოვანია, არ ვგულისხმობთ, რომ საუზმედ ყველაფრის ჭამაა რეკომენდებული. ამიტომ ერთად გადავხედოთ იმ პროდუქტების სიას, რომლებიც ჩვენი დილის მენიუში უნდა შევიტანოთ…

კვერცხი

ეს არის მარტივი და სასარგებლო პროდუქტი, რომელიც იდეალურად ერგება საუზმეს. ის ცილის შესანიშნავი წყაროა, რომელიც ხელს უწყობს კუნთების სინთეზს. ვინაიდან ცილის მონელებას გარკვეული დრო სჭირდება, ის ასევე გეხმარებათ, რომ დიდი ხნის განმავლობაში იგრძნოთ თავი დანაყრებულად. 

კვერცხი არის ქოლინის წყაროც, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტვინისა და ღვიძლის ჯანმრთელობისთვის. 

შვრია

შვრიის ფაფა არის კლასიკური საუზმე და მას ამ სტატიაში ვერ უგულებელვყოფდით. ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს, შეიცავს რკინას, ბ ჯგუფის ვიტამინებს, თუთიასა და სელენს. თუ გსურთ, რომ თქვენი საუზმე ცილოვანი იყოს, ფაფა წყლის ნაცვლად რძეზე მოამზადეთ, რადგან ცოტაოდენ ცილას თავად შვრიაც შეიცავს და რძესთან ერთად კიდევ უფრო დაბალანსდება. 

ჩია

ჩიის თესლი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და უჯრედისით. ის ასევე შეიცავს კალციუმს და უნდა აღინიშნოს, რომ არაჩვეულებრივი საშუალებაა ვეგეტარიანელებისთვის ხორცის ჩასანაცვლებლად. დილით შეგიძლიათ ჩია ხილს შეურიოთ და მიიღოთ ვიტამინებით მდიდარი, ჯანმრთელი საუზმე, რომელიც თქვენს ორგანიზმს ნამდვილად მოეწონება.

ხაჭო

ხაჭოც ერთ-ერთი ისეთი პროდუქტია, რომელიც შეიცავს ცილას, რომელიც საუზმედ იდეალური გადაწყვეტილებაა. ამასთან ერთად, ის დაბალკალორიულიცაა და ხელს უწყობს წონის კლებას ან შენარჩუნებას შიმშილის გრძნობის გარეშე. ზოგიერთ ადამიანს არ უყვარს ხაჭო, ამიტომ შეგიძლიათ მას დაამატოთ ცოცხალი კენკრა, გრანოლა ან გოგრის თესლი, რაც თქვენს საუზმეს კიდევ უფრო გემრიელსა და სასარგებლოს გახდის, დანაყრდებით და ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ.

ჯანსაღი ტოსტი

თუ გიყვართ პური და საუზმედ რაიმე ნოყიერი გსურთ, მიირთვათ, მაშინ შეგიძლიათ ტოსტიც მოამზადოთ. ტოსტთან ერთად შეგიძლიათ კვერცხის, ყველის, მოხარშული ხორცის გამოყენებაც. ასევე ტოსტზე შეგიძლიათ გამოიყენოთ მკვებავი ტოპინგები, როგორებიცაა არაქისის კარაქი, თაფლი და სხვა.

მწვანე ჩაი

კოფეინის შემცველობის დახმარებით, ის ეხმარება ორგანიზმს გამოფხიზლებაში. გარდა ამისა, ის შეიცავს დიდი რაოდენობით L-თეანინს, ნაერთს, რომელიც ხელს უწყობს დამამშვიდებელ ეფექტს და შესაძლოა, შეამციროს კოფეინის მიღებასთან დაკავშირებული „გაღიზიანება“. მას ასევე შეუძლია გააუმჯობესოს განწყობა და შეამციროს შფოთვა.

ყველამ კარგად ვიცით ინგლისური სიტყვა breakfast, რომელიც ქართულად საუზმეს ნიშნავს, მაგრამ თუ იცით, საიდან იღებს ეს სიტყვა სათავეს? break the fast, სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, იქნება მარხვის შეწყვეტა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ღამის შიმშილის მერე, საუზმე ჩვენი პირველი კვებაა და მას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამერიკელმა დიეტოლოგმა, ადელ დევისმა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში გააკეთა ასეთი განცხადება: „ისაუზმე, როგორც მეფემ, ისადილე, როგორც პრინცმა და ივახშმე, როგორც ღარიბმა”. ამით მან საუზმის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და ასევე წონის შესანარჩუნებლად ეს ფორმულა შემოგვთავაზა. ყველა ექიმი თუ დიეტოლოგი გვეუბნება, რომ საუზმე მნიშვნელოვანია და მისი გამოტოვება არ არის სწორი საქციელი. ჩვენც ისღა დაგვრჩენია, დავუჯეროთ და მივყვეთ რჩევებს იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი გვქონდეს.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ღირს თუ არა ვიმუშაოთ ზედმეტად?

„რასიზმის სამკურნალო აბები“ — ახალი კამპანია სიძულვილის ენის წინააღმდეგ