in ,

რატომ ვარ უმუშევარი ? – მედეა ტაბატაძე

unemployed3უმუშევრობა დღეს ყველა ქვეყნის პრობლემაა. ჩვენთან განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა, მოძებნო საინტერესო (ან ნებისმიერი) სამსახური. თითქოს მცდელობა არ აკლია, ვაკანსიებიც ხშირად ჩანს, მაგრამ კვლავ უამრავი ადამიანია სამსახურის გარეშე.

 ინდივიდისთვის სამსახურის მოძებნა და მეორეს მხრივ, კომპანიისთვის თანამშრომლის მოძებნა არასოდეს ყოფილა მარტივი. მითია, თითქოს არსებობდა დრო, რომ კარგი თანამშრომლის მოძებნა მარტივი იყო. რეკრუტინგი ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია ნებისმიერი კომპანიისთვის, რადგან უამრავიდან საუკეთესო უნდა ამოარჩიო და ვიდრე ამოარჩევ, უნდა დარწმუნდე, რომ საუკეთესოა. ეს მოითხოვს დიდ დროს, ძალისხმევას, მრავალ უნარსა და ცოდნას.

ხშირად ვსაუბრობთ, რომ ჭირს “კვალიფიციური თანამშრომლის” მოძებნა. მართალია, მაგრამ არა მხოლოდ იმის გამო, რომ კვალიფიციური კადრები ძალიან შემცირდა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი პრობლემა არასწორი მოლოდინებია სამსახურისა და თანამშრომლის მაძიებლებს შორის.

ყველამ კარგად ვიცით ჩვენი შესაძლებლობების თუ ცოდნის შესახებ. კომპანიებმაც იციან, ვისი ან რისი დაქირავება უნდათ, მაგრამ რამდენად კარგად ვაგებინებთ ერთმანეთს თუ რა გვინდა?

კომპანიებისთვის და სამუშაოს მაძიებლებისთვის დასაქმების ბაზარი დღეს ფაქტიურად დამახინჯებულია. ფაქტია, ვაკანსიები თითქოს არის, მაგრამ კვლავ ბევრი უმუშევარია. კომპანიის მხარესაც იგივეა, კანდიდატები თითქოს არის, მაგრამ კვლავ ვაკანსიაა – ვერ მოიძებნა შესაფერისი კადრი. უმუშევრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ინფორმაციის ასიმეტრიულობაა, რომლის გასწორება ვფიქრობ, შესაძლებელია.

ინფორმაციის ასიმეტრიულობის “ზნე” ასეთია – ერთ მხარეს უკეთესი ინფორმაცია აქვს ვიდრე მეორეს. ჩემი აზრით, სწორედ ეს ახასიათებს ჩვენს დასაქმების ბაზარსაც – არასწორად გაცვლილი და აღქმული ინფორმაცია დამსაქმებელსა და დასაქმების მსურველებს შორის. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი CV-ით ზუსტად აღვწერთ ვინ ვართ და რა შეგვიძლია? დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც CV-ში „აღვწერთ” საკუთარ თავს, სწორედ ისე აღგვიქვამს დამსაქმებელი? და დარწმუნებულები ვართ, რომ როდესაც ვაკანსიას ვაცხადებთ, ჩვენს მოთხოვნებს და სამუშაოს შინაარს სწორედ ისე აღიქვამს სამუშაოს მაძიებელი, როგორც ჩვენი მოლოდინებია?

 მოდით ვცადოთ ასიმეტრიულობა მაგალითზე:

მე ვიცი და ვამბობ: ვარ გაყიდვების მენეჯერი, რომელიც გეგმავს რა გაყიდოს, რა ვადაში, ვისზე და როგორ. ვიცი, რა არის საჭირო წარმატებული მოლაპარკებისთვის, ვიცი კონკურენტების პირობები.

 ჩემი CV ამბობს: არის გაყიდვების მენეჯერი, კომპანია X-ში, Y სამუშაო წლებით.

 კომპანია ამბობს (ჩემი CV-დან): გაყიდვების მენეჯერია, ერთ-ერთ კომპანიაში, სამუშაო სტაჟით.

CV და რეზიუმე უმეტესწილად სრულად არ “აღგვწერს”, არასწორ მარკეტინგს უკეთებს ჩვენს შესაძლებლობებს. ამისი გამოსწორება შესაძლებელია. კომპანიისთვის ხშირად მცირე ინფორმაციის მატარებელია ჩვენი თანამდებობა, ჩვენი ამჟამინდელი დამქირავებელი (კომპანია, სადაც ვმუშაობთ) და ჩვენი შესაძლებლობები “(მაგ: მარკეტინგის დირექტორი კომპანია “ჯანსაღ თაობაში”). და ის, რაც ჩვენ ვიცით ჩვენ შესახებ, ანუ რა გამოგვარჩევს სხვებისგან და რა გვქმნის ჩვენ “გამორჩეულად“, კომპანიისთვის ხშირად უხილავია.

 იგივე შეგვიძლია ვთქვათ ვაკანსიებზე, რომლებსაც კომპანიები სამუშაოს საძიებელ ვებ-გვერდებზე აცხადებენ და იწყებენ რეკრუტინგს. ხშირად, ვაკანსიის შინაარსი (სამუშაოს აღწერილობა/job description) ზოგადია, ბუნდოვანია რეალურად რას მოითხოვს სამუშაო ან რისი ცოდნაა წარმატებისთვის აუცილებელი. “გარეკლამებული” ვაკანსიის ტექსტიც ხშირად მცირე და/ან არასრული ინფორმაციის შემცველია.

 umushevrobaესეც ინსაიდერული მაგალითი:

კომპანიის რეალური საჭიროებაა გაყიდვების მენეჯერი, რომელსაც შეუძლია მუდმივად შეასრულოს გაყიდვების გეგმა, მუდმივად წარმატებულად დაასრულოს მოლაპარაკება. იცის, სად და როგორ მოიძიოს პოტენციური კლიენტი, როგორია კონკურენტული გარემო. იცის, როგორ დააინტერესოს პოტენციური კლიენტი და შეუძლია, იგი აქციოს მუდმივ კლიენტად.

რეკრუტერის მიერ აღქმული საჭიროება – გაყიდვების მენეჯერი, ვინც შეასრულებს გეგმებს, ივლის მუდმივად შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე, ექნება გაყიდვების უნარი და გამოცდილება, მოიზიდავს კლიენტებს და შეეძლება “კლიენტის დარწმუნება”(პერიფრაზი).

ვაკანსიის ტექსტი – გაყიდვების მენეჯერი, რომელსაც უნდა ჰქონდეს 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, უნდა შეეძლოს პოტენციური კლიენტების მოზიდვა და გეგმების შესრულება, იყოს “კომუნიკაბელური, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობით”(ციტატა ვაკანსის ტექსტიდან).

ეს მაგალითები რეალობას ასახავს და ამ სტატიისთვის სპეციალურად შექმნილი არ არის. ძალიან ხშირად ვისმენთ, რომ “სხვა რამე ეწერა ვაკანსიის ტექსტში და რეალურად სხვა ადამიანი სჭირდებათ”. ასევე ხშირად ვისმენთ, რომ “ძალიან კარგია CV-ის დონეზე, მაგრამ რეალურად სხვა ცოდნა ჰქონდა კანდიდატს”. აი ესაა ასიმეტრია, როდესაც ორი ინფორმაცია და მათი აღქმა ერთმანეთს სცილდება.

 CV-სა და რეზიუმეს გადარჩევაზე დიდი დრო არ იხარჯება-

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა (ამაზე ბევრი სტატიაც იბეჭდება დასავლურ მედიაში), რომ რეკრუტერი კანდიდატის CV-ში მის მიმდინარე თანამდებობას და დამქირავებელ კომპანიას ეძებს – ეს რეკრუტერის საქმიანობის დასაშვები გადახრაა, რომელიც ბევრ CV-თან მუდმივად მუშაობის პრაქტიკას მოაქვს.

ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ როდესაც სამუშაოს ვეძებთ, საკმარისია პოზიციის დასახელებისა და კომპანიის მიხედვით ამორჩევა და გადაწყვეტილების მიღება, თუ სად გავაგზავნოთ CV (რიგითობა გემოვნების ამბავია) – ესეც დასაშვები გადახრაა, როდესაც პოზიცია და კომპანია უკვე წარმოდგენას ქმნის და ვაკანსიის შინაარსის სრულად გაცნობა (თუნდაც არასრულყოფილად გადმოცემული) “საჭირო აღარ არის”.

ამ ორი გადახრის მოგვარება შესაძლებელია. სამუშაოს მაძიებლისა და თანამშრომლის მაძიებლის კომუნიკაცია შედარებით გაუმჯობესდება, თუ:

 ა) კომპანია კარგად გაიაზრებს რა სჭირდება, რეალურად გადმოსცემს სამუშაოს შინაარსს და მოთხოვნებს განზოგადებისა და ზედმეტი პომპეზურობის გარეშე ვაკანსიის ტექსტში.

 ბ) სამუშაოს მაძიებელი ყურადღებით წაიკითხავს, თუ რა სამუშაოს გულისხმობს პოზიცია ამ კომპანიაში, რას ითხოვს დამქირავებელი და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნის ვაკანსიაზე საკუთარ CV-ს. არ დაგვავიწყდეს, CV-ში მითითებულმა ინფორმაციამ უნდა შეძლოს მაქსიმალურად რეალურად გადმოსცეს რა იცის და რა შეუძლია კანდიდატს.

 ცხადია, კარგად შედგენილი CV და ვაკანსიის ზუსტი აღწერილობა არ მოაგვარებს უმუშევრობის პრობლემას. არც იმის ილუზიაა, რომ ასიმეტრიულობის მოსპობა გააუმჯობესებს დასაქმების ბაზარს (კომპანიებს პოტენციური კანდიდატების ბაზრის კარგი ანალიზი ნამდვილად სჭირდებათ). რეალობაა, რომ კომპანიებისა და სამუშაოს მაძიებლების მოლოდინები დღეს ძალიან განსხვავდება და თუნდაც მარტივ ვაკანსიაზე სამუშაოს მოძებნა და თანამშრომლის მოძებნა რთულ პრობლემად რჩება.



“მე მოვკვდი” – ყველაზე დეპრესიული რეკლამა სუპერთასიდან!

თბილისელთა დამოკიდებულება ვალენტინობის აღნიშვნასთან დაკავშირებით !