არიან პერსონაჟები, რომლებიც საზოგადოებისთვის საკულტოებად იქცევიან და ბევრი ჩვენგანი ცდილობს, მათ მიბაძოს… მოგვწონს ფილმის/წიგნის გმირების ესა თუ ის ქცევა, ჩვევა და ზოგადად, პიროვნება. ფსიქოლოგებმა ამ ფენომენს „გამოცდილების მიღება“ უწოდეს, როდესაც ადამიანები საკუთარ ქმედებებსა და ფიქრებს იმისათვის ცვლიან, რომ საყვარელ, გამოგონილ პერსონაჟებთან მეტად გააიგივონ თავი.
გარდა ამისა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფილმის/წიგნის პერსონაჟების მიმართ თანაგრძნობისას იმავე ნერვული მექანიზმები მოქმედებს, რომლებიც რეალური ახლობლების შემთხვევაში. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი აშკარა ნიშანია იმისა, თუ რამდენად ძლიერად ზემოქმედებენ ჩვენზე საყვარელი პერსონაჟები.
ამ საკითხზე ბექა ადამაშვილთან ერთად უფრო ვრცლად ვსაუბრობთ — როგორც მწერალი, მკითხველი და, რაღა თქმა უნდა, ფილმების მაყურებელიც, თავისი ხედვით აფასებს პერსონაჟების მიბაძვის ტენდენციას.
M: ბექა, შენი აზრით, რა სჭირდება პერსონაჟს იმისთვის, რომ „საკულტოდ“ იქცეს? — სხვა სიტყვებით, რა მახასიათებლებით გამოირჩევა ფილმის/წიგნის ესა თუ ის პერსონაჟი, რომელიც შემდგომ მიბაძვის ხშირი ობიექტი ხდება?
კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც პერსონაჟი საკულტო ხდება შეიძლება განსხვავდებოდეს იმ მახასიათებლებისგან, რაც მას მისაბაძად აქცევს. მაგალითად, მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტ ლამანჩელი უდავოდ ეპოქალური პერსონაჟია, მაგრამ მეეჭვება ვინმეს მისი მიბაძვის სურვილი გაუჩნდეს. მიზეზი, რის გამოც პერსონაჟებს ვბაძავთ (თუკი ვბაძავთ საერთოდ), ალბათ, ისაა, რომ მათთან ბევრი საერთოს პოვნის შემდეგ, იმის აღმოფხვრასაც ვცდილობთ, რაც განგვასხვავებს. ზოგ შემთხვევაში ეს ადვილია, როცა შეგიძლია საყვარელი პერსონაჟისგან ჩაცმის სტილი, ჰობი, სამზარეულო ან ცხოვრებისეული მიდგომები გადმოიღო, ზოგ შემთხვევაში კი — ძალზედ რთული ან შეუძლებელი.
ვგულისხმობ იმას, რომ რაც არ უნდა ბევრი საერთო თვისება აღმოაჩინო ჰარი პოტერთან, იმას, რის გამოც მიბაძვას ცდილობ, ვერც ხელის ერთი მოსმით იზამ და ვერც ჯოხის ერთი მოქნევით, გველებთან საუბარზე რომ არაფერი ვთქვათ. ასევე, რაც არ უნდა თავსატეხების ამოხსნისკენ გქონდეს გონება მომართული, მაინც გაგიჭირდება ჰოლმსის მსგავსად ადამიანის ფრჩხილების მეშვეობით მთელი მისი ბიოგრაფია დაადგინო. ან სულ რომ ობობებს აძიძგნინო თავი, შენობებზე ცოცვას მაინც ვერ შეძლებ. თავად ამ პერსონაჟებს კი მისაბაძებად ბევრი რამ შეიძლება ხდიდეს — პიროვნული მახასიათებლებიდან დაწყებული, ლექსიკითა თუ ცხოვრებისეული ფილოსოფიით გაგრძელებული და ვიზუალით დასრულებული.
M: ზოგადად, როგორ ფიქრობ, რატომ არსებობს ეს „მიმბაძველობითი“ ტენდენცია? მაგალითად, „ლაზიერის გამბიტის“ პერიოდში ყველამ რომ დაიწყო ჭადრაკის თამაში… ან რამდენად სასარგებლო/საზიანო შეიძლება იყო ეს?
იუვალ ნოახ ჰარარი თავის რომელიმე წიგნში, ალბათ, იტყოდა, რომ მიმბაძველობა ჩვენთვის ახალი ხილი ნამდვილად არ არის და სფეროთა რაღაც ნაწილი — თუნდაც, მოდის ან სარეკლამო — სულაც მაგაზე დგას. თუ ჯერ არ უთქვამს, მომდევნო წიგნებში აუცილებლად იტყვის, იმიტომ, რომ ჩვენ ისედაც გვყავს ცხოვრებაში ადამიანები, ვის მსგავსადაც მოქცევას ვცდილობთ. პერსონაჟებს ამ ადამიანებთან შედარებით უბრალოდ ის უპირატესობა აქვთ, რომ მათ სიკარგეზე, სამართლიანობაზე, შეუპოვრობაზე, ლექსიკაზე და ბევრ სხვა მისაბაძად განწირულ თვისებაზე უამრავი პროფესიონალი ზრუნავს და შესაბამისად, მათნაირად ყოფნას უფრო სასურველს ხდის. რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად შეგხვდება უენსდეის მსგავსი ტიპაჟი, რომელშიც ვიზუალი, მანერები, მეტყველების სტილი, შავი იუმორითა თუ სარკაზმით გაჯერებული სიტყვა-პასუხი ასე ოსტატურად იქნება თავმოყრილი და შეზავებული. ან, თუ შეგხვდება, ალბათ, იმიტომ, რომ ისიც ამ პერსონაჟს ჰბაძავს.
მიბაძვა კი სასარგებლოც შეიძლება იყოს და საზიანოც. თუკი იმ ხმებს დავუჯერებთ, რომ „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“-ს გამოცემის შემდეგ სუიციდის შემთხვევებმა იმატა ევროპაში, მაშინ ეს „საზიანოს“ სასარგებლოდ არსებული შემთხვევაა, თუმცა, თუკი ვინმე საყვარელი პერსონაჟის მიბაძვით უფრო თავდაჯერებული ან ძლიერი გახდება, ჭადრაკის თამაშს ისწავლის, დაჩაგრულებს დაიცავს, სამართლიანობის აღდგენას ცდის ან მსგავს მნიშვნელოვან საკითხებზე დაფიქრდება, ეს, ცხადია, სასარგებლო მხარის საზიანოდ ნამდვილად არ მეტყველებს.
M: თავად როცა ქმნი პერსონაჟებს, რამდენად ფიქრობ იმაზე, თუ მკითხველს რა დამოკიდებულება გაუჩნდება მისდამი?
პერსონაჟისადმი დამოკიდებულება — უარყოფითი იქნება ეს თუ დადებითი — სწორედ ისაა, რაც ამ პერსონაჟს აცოცხლებს.
თუკი პერსონაჟმა რაიმე ემოცია არ გაგიჩინა, თავი არ შეგაყვარა, არ გაგაბრაზა, იმედი არ გაგიცრუა ან შენი მოლოდინები არ გაამართლა, ისე ჩაიკარგება სამყაროში არსებულ უამრავ სხვა პერსონაჟს შორის, თითქოს არც უარსებია. სწორედ ამიტომ, როდესაც პერსონაჟს ქმნი, მის წარსულთან და აწმყოსთან ერთად, ცხადია, იმაზეც გიწევს ფიქრი, რა ბედი ეწევა მას რეალურ სამყაროში. განსაკუთრებით თუკი ეს რეკლამის პერსონაჟია, ვინაიდან მას გაცილებით ცოტა დრო აქვს იმისათვის, მაყურებლისათვის თავის მოწონება ან შეძულება რომ შეძლოს.
გარდა იმისა, რომ პერსონაჟს უნდა ჰქონდეს რაიმე მიზანი და ჩართული იყოს კონფლიქტში, რომელიც ამ მიზნის მიღწევაში უშლის ხელს, გასათვალისწინებელია ისიც, რა ემოციის მიღება გვინდა მისი ამა თუ იმ ქმედებიდან. თუმცა ამას მაინც უფრო თეორიულად ვამბობ, რადგან ჯერჯერობით ნაკლებად მიმაჩნია, რომ რომელიმე განსაკუთრებით ღრმა ან სპეციფიკური მისიის მქონე პერსონაჟი მყავს შექმნილი.
M: შენ თუ გქონია რომელიმე პერსონაჟის გავლენა?
არ ვიცი, რამდენად შეიძლება ეს გავლენად ჩაითვალოს, მაგრამ ბავშვობაში კალე ბლუმკვისტით ვიყავი შთაგონებული. თანაც იმდენად, რომ რაღაც პერიოდი ქუჩაში რომელიმე „საეჭვო ადამიანს“ ვარჩევდი და პოტენციური დანაშაულის აღმოჩენის სურვილით უკან მივდევდი. არ ვიცი, რას ვაპირებდი უშუალოდ დანაშაულის აღმოჩენის შემდეგ, მაგრამ საბედნიეროდ, ისეთს არაფერს შევსწრებივარ, რაც მომავალში ამ აბზაცის დაწერის საშუალებას აღარ მომცემდა.
მოგვიანებით ასევე ერთი-ორჯერ ვცადე დონ დრეიპერისთვის მიმებაძა, მაგრამ იდეაზე საუბრისას მესამე-მეოთხე წინადადების შემდეგვე მიმავიწყდა ჩემი ეს მოტივაცია და საკუთარ თავს დავუბრუნდი. აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად მაინც ოსკარ უაილდის ამ ფრაზის მომხრე ვარ:
უნდა იყო ის, რაც ხარ, რაკიღა სხვა ყველა უკვე დაკავებულია
ავტორი: ქეთია ბელქანია