მეცნიერები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ დაასკვნეს, რატომ ვცივდებით და ვავადმყოფობთ ადამიანები ზამთარში, როცა ტემპერატურა ეცემა. ახალი კვლევის თანახმად, რომელსაც თავად გარღვევას უწოდებენ, მკვლევრებმა აღმოაჩინეს პირდაპირი კავშირი ჰაერის დაბალ ტემპერატურასა და იმუნური სისტემის დასუსტებას შორის.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიოლოგიური, მოლეკულური ახსნა გვაქვს ჩვენი თანდაყოლილი იმუნური პასუხის ერთ-ერთ ფაქტორზე — ანუ, რატომ არის ჩვენი იმუნური პასუხი უფრო სუსტი, როცა ტემპერატურა დაბალია“, — აცხადებს რინოლოგი ზარა პატელი.
დაგვეთანხმებით, აღნიშნული კვლევა ნამდვილად დროული და თემატურია ახლა. ორი წლის განმავლობაში მთელი აქცენტი Covid-19-ზე იყო გადასული და სხვა ვირუსების არსებობას ვერც კი ვამჩნევდით. თუმცა ეს მივიწყებული ვირუსები „შურისძიებით“ დაბრუნდა და უკვე უამრავ ადამიანს შეეხო.
როგორც ჩანს, კვლევის მიხედვით, ტემპერატურის 9°C-ით დაცემას ჩვენს ნესტოებში იმ უჯრედების თითქმის 50%-ის განადგურება შეუძლია, რომლებიც შემოჭრილ ბაქტერიებთან და ვირუსებთან გამკლავებაზეა პასუხისმგებელი.
„ცივი ჰაერი პირდაპირ არის დაკავშირებული გაძლიერებულ ვირუსულ ინფექციასთან, რადგან ტემპერატურის სულ მცირე ვარდნის შემთხვევაშიც კი, თქვენ იმუნიტეტის თითქმის ნახევარს კარგავთ“, — განმარტავს კვლევის თანაავტორი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ოტორინოლარინგოლოგი, ბენჯამინ ბლეიერი.
ამასთან, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ინ ვიტრო კვლევაა — შესაბამისად, ის ლაბორატორიაში ადამიანის ქსოვილზე ჩატარდა მისი იმუნური პასუხის გასაგებად. აქედან გამომდინარე, დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რეალური ნესტოს კვლევის შემთხვევაშიც ანალოგიურ პასუხებს მივიღებთ თუ არა.
ყოველ შემთხვევაში, თეორიულად, შედეგები დამაჯერებელია. მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ უჯრედგარე ვეზიკულებს (EVs), უჯრედების მცირე ვერსიებს, ნესტოებში შემოჭრილ რესპირატორული ვირუსებისა და ბაქტერიების განადგურება შეუძლია. უბრალოდ, ტემპერატურის სულ მცირე ვარდნაც თრგუნავს EV-ების წარმოქმნას.