in

ახალი კვლევა – რატომ ვხედავთ ცრუ სახეებს?

ჩვენმა ტვინმა ამის გაკეთება ძალიან მცირე ინფორმაციის საფუძველზე საკმაოდ სწრაფად ისწავლა

ჩვენს გონებას სახეების წარმოდგენა ადვილად შეუძლია დაწყებული ღრუბლებიდან, დასრულებული სხვადასხვა ნივთებზე აღქმული თვალებითა და ცხვირით. ეს ფენომენი ცნობილია როგორც “პარეიდოლია” – აღქმის ტენდენცია, როდესაც უსიცოცხლო საგნებში სახეების დანახვა ხდება.

ამასთან დაკავშირებით მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რათა დაედგინათ, რეალურად რა ხდება ჩვენს გონებაში მსგავსი ინტერპრეტაციის დროს. მთავარი მიზანი იმის გაგება იყო, ამუშავებს თუ არა ტვინი ამ წარმოსახვით სახეებს ისე, როგორც ნამდვილი ადამიანისას.

კვლევის თანახმად, პარეიდოლიის გზით დაფიქსირებული ცრუ სახეები ისევე აღიქმება, როგორც ნამდვილი. როგორც აღმოჩნდა, ევოლუციის განმავლობაში, ტვინმა სპეციალიზებული ნერვული მექანიზმები შეიმუშავა, რომლებიც სახის სტრუქტურის გამოყენებით მას ძალიან სწრაფად ადგენს. სწორედ ეს მექანიზმები მუშაობს რეალური და “ყალბი” სახეების დადგენის შემთხვევაში.

“ჩვენ ვიცით, რომ ეს ობიექტები არ არის ნამდვილი სახეები, მაგრამ ტვინი მაინც განაგრძობს რეალური სახის დანახვას. შედეგად, ჩვენ რაღაც უცნაურს ვიღებთ: პარალელურ გამოცდილებას, რომ კონკრეტული ობიექტი თავის რეალურ ვიზუალთან ერთად სახის მნიშვნელობასაც იძენს. ამასთან, სახის პირველი შთაბეჭდილება არ ჩამოუვარდება ობიექტის მეორე აღქმას” – ამბობს ფსიქოლოგი დევიდ ალაიზი სიდნეის უნივერსიტეტიდან.

ალაიზმა და მისმა კოლეგებმა 17 მოხალისეს სთხოვეს, ათობით ცრუ სახე რამდენჯერმე დაეთვალიერებინათ. ამ პროცესის პარალელურად მკვლევრები მათი ტვინის მოქმედებას აკვირდებოდნენ. შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ დროს პარეიდოლიური ეფექტი ფიქსირდებოდა – ტვინი ისე ფუნქციონირებდა, როგორც რეალური სახის აღქმისას.

ამასთან, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აუცილებელია, გავაცნობიეროთ, თუ რა განწყობის მატარებელია თითოეული ის სახე, რომელსაც ადამიანი აღიქვამს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სოციალური არსებები ვართ, ეს ფაქტორი ძალიან ბევრ რამეს გვეტყვის ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე თუ სამყაროსადმი დამოკიდებულებაზე.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ პარეიდოლიას მეკერძოებულობის ფაქტორიც დაემატა – წინა სახის გამომეტყველების მიხედვით განისაზღვრებოდა შემდეგის ემოცია თუ განწყობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბედნიერი სახეების მიმდევრობა გვაიძულებს, რომ შემდეგიც ბედნიერად აღვიქვათ. ეს მიკერძოება დაფიქსირდა როგორც რეალურ, ისე მოჩვენებით სახეებში.

“ჩვენ უნდა “წავიკითხოთ” სახე და დავადგინოთ მისი გამომეტყველება. მეგობრები არიან თუ მტრები? ბედნიერები არიან, მოწყენილები, გაბრაზებულები თუ ტკივილს განიცდიან?” – ამბობენ მკვლევრები.

გარდა ამისა, როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, სახის გამომეტყველების მნიშვნელობა სოციალურ კომუნიკაციადაც აღიქმება. ეს გვეხმარება დავადგინოთ, რა სიტუაციაში ვართ და რა უნდათ გავაკეთოთ. ჩვენმა ტვინმა ამის გაკეთება ძალიან მცირე ინფორმაციის საფუძველზე საკმაოდ სწრაფად ისწავლა.

სახის პარეიდოლიის შესახებ ადრე ჩატარებული კვლევის თანახმად, გარკვეული მიკერძოებები, რომლებსაც ჩვენს ტვინზე გავლენა აქვს, შესაძლოა, რეალურ სახეებზეც ვრცელდებოდეს. ამასთან, სენსორული მექანიზმების გაძლიერებისა და გააქტიურებისთვის  აუცილებელი არაა, სახე რეალური იყოს.

იმის გათვალისწინებით, რომ პარეიდოლიის სახეები, ადამიანის სახისგან განსხვავებით, მრავალფეროვანი და დახვეწილია, ჩვენი ტვინი შთამბეჭდავ სამუშაოს ასრულებს ამ ვიზუალური სიგნალების ასე სწრაფად დამუშავებით. ამასთან, როცა საქმე სახეებს ეხება, ტვინს მრავალი ცრუ პოზიტივის მიღების რისკი აქვს.

“როდესაც საგნები დამაჯერებლად ჰგავს სახეებს, ეს უფრო მეტია, ვიდრე ინტერპრეტაცია: ისინი ნამდვილად მართავენ სახის ამომცნობ ქსელს ტვინში. და ეს წარბები ან ღიმილი თქვენი ტვინის ვიზუალური გამოხატვის სისტემაა” – აღნიშნავს ალაიზი.

პანდემიის ფარგლებში „ევექსი კლინიკების“ გულის ორდენოსნების დაჯილდოება

მოგების დღე აჭარაბეთზე – მოიგე ბინა 1 დღეში!