ცრემლები რამდენიმე ფსიქოლოგიურ ფუნქციას ასრულებს. ის მოქმედებს, როგორც ჩვენი შინაგანი ემოციური მდგომარეობის ფიზიკური მაჩვენებელი, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც ძლიერ მწუხარებას ან სიხარულს განვიცდით. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ტვინში ძლიერი ემოციები ცენტრალურ ავტონომიურ ქსელს ააქტიურებს.
აღნიშნული ქსელი ორი ნაწილისგან შედგება: სიმპათიკური სისტემისგან (რომელიც ააქტიურებს ე. წ. ბრძოლის ან გაქცევის მოდელს) და პარასიმპათიკური ნერვული სისტემისგან, რომელიც სხეულის მშვიდ მდგომარეობას აღადგენს. ძლიერი ემოციები სიმპათიკურ ნაწილს ააქტიურებს, ტირილი კი — პარასიმპათიკურს და, შესაბამისად, ცრემლებისგან დაცლა თავს უკეთ გვაგრძნობინებს.
რა ხდება სტრესის ან დაღლილობის დროს?
პატარაობიდანვე გვასწავლიან ემოციების კონტროლს, ემოციების გამოხატვას საზოგადოების მიერ დადგენილ დროს, ნეგატიური ემოციების ფიზიკური გამოვლინებისგან თავის შეკავებას… მაგალითად, სევდიანი ფილმის დროს ტირილი ნორმაა, მაგრამ სამსახურში სხვების თვალწინ ქვითინი ნაკლებ მისაღებია.
ჩვენც „მორჩილად“ მივყვებით ამ დადგენილ წესებს, თუმცა საქმე მხოლოდ აზროვნების ჩარჩოებს არ ეხება… სინამდვილეში, ჩვენი ემოციური რეაქციის დარეგულირებაში პრეფრონტალური ქერქი გვეხმარება. იგი ცენტრალური ავტონომიური ქსელის მიერ გამოვლენილ ემოციურ სიგნალებზე რეაგირებს. მარტივად რომ ვთქვათ, პრეფრონტალური ქერქი კომპიუტერის მთავარ პროცესორს ჰგავს, რომელიც სისტემას შეუფერხებლად მუშაობისთვის მართავს.
თუმცა როდესაც მეტისმეტად დიდ სტრესს განვიცდით, ზედმეტად გადაღლილი ვართ ან ფიზიკური თუ ემოციური ტკივილი დიდი ხნით გვაწუხებს, სიმპათიკური სისტემა გააქტიურებული რჩება. პრეფრონტალური ქერქი კი გადატვირთულია, როგორც კომპიუტერი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე რთულ სამუშაოს ასრულებს. შესაბამისად, ტვინი ნაკლებად ახერხებს ჩვენი ემოციების მოსალოდნელი გზით რეგულირებას, რაც თვალსაჩინო ემოციურ რეაქციებს იწვევს, როგორიცაა ცრემლები ან ბრაზის აფეთქება.
რა მნიშვნელობა აქვს ცრემლებს?
გარდა ფსიქოლოგიური მიზეზებისა, ცრემლები რამდენიმე სოციალურ როლს ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას ხშირად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ბუნებრივი ემოციური რეაქციებისადმი, ცრემლები რეალურად გვეხმარება სოციალური კავშირების შექმნასა და შენარჩუნებაში. მაგალითად, ცრემლებით ვამცნობთ სხვებს, რომ კარგად არ ვართ და დახმარება გვჭირდება — ასე მათ თანაგრძნობასა და მხარდაჭერას ვიღებთ.
ამასთან, გარდა ფსიქოლოგიური და სოციალური მიზეზებისა, არსებობს ცრემლების ფიზიკური მიზეზებიც. მაგალითად, როცა დაღლილები ვართ, ბევრს ვმუშაობთ, ვკითხულობთ ან კომპიუტერთან დიდ დროს ვატარებთ, თვალები გვიშრება. ჩვენი სხეული კი, სიმშრალის საწინააღმდეგოდ, ცრემლებს წარმოქმნის.