ზაფხულის სეზონი ტრადიციულად ოფისების დაცარიელებასთან, ფრენების დაჯავშნასა და ავტომატური საპასუხო შეტყობინებების გააქტიურებასთან ასოცირდება. თუმცა ზოგ კომპანიაში სრულიად საპირისპიროდ, სამუშაო მაგიდები დაკავებულია, დასვენების მოთხოვნები კი სისტემაში თითქმის არ ფიქსირდება.
ამ მოვლენას მენეჯმენტში შვებულების დაგროვებისა და დაზოგვის კრიზისს უწოდებენ – ტენდენციას, როდესაც დასაქმებულები კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებას არ იყენებენ. Breathe HR-ის კვლევის მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში მომუშავეთა თითქმის ნახევარმა გასულ წელს კუთვნილი დასვენების დღეები სრულად არ ამოწურა. მსგავს მდგომარეობას ასახავს Pew-ს მიერ აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვაც. აღმოჩნდა, რომ წელს, ყოველი მეოთხე დასაქმებული კიდევ უფრო ნაკლები დღით დასვენებას გეგმავს.
სამუშაო ადგილის დაკარგვის შიში და სტრუქტურული ბარიერები
შვებულებაზე უარის თქმას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს. მათ შორისაა შრომის ბაზარზე არსებული რთული ვითარება და სამსახურის დაკარგვის მუდმივი შიში. ადამიანები წუხან, რომ საქმისგან დროებით ჩამოშორება ხელმძღვანელობის თვალში ერთგულების ნაკლებობად აღიქმება. გამოკითხულთა 20% პირდაპირ აღიარებს, რომ შტატების შემცირების შიშით თავს იკავებს შვებულების აღებისგან, რათა მენეჯმენტის თვალში მათი პოზიციები არ შეირყეს.
პრობლემა ღრმად არის გამჯდარი კომპანიების კორპორაციულ კულტურასა და სტრუქტურაშიც. თანამშრომელთა 20% აცხადებს, რომ დამსაქმებელი მათ დასვენებისკენ საერთოდ არ უბიძგებს. ყოველი მესამე დასაქმებულისთვის შემაფერხებელი ფაქტორი გადაჭარბებული სამუშაო დატვირთვაა, ხოლო თითქმის ნახევარი დანაშაულის გრძნობას განიცდის იმის გამო, რომ მათი არყოფნისას საქმე კოლეგებს დააწვებათ მხრებზე. როდესაც სამუშაო მოცულობა არაადეკვატურია, დასვენება კი აუცილებლობის ნაცვლად ფუფუნებად აღიქმება, გუნდის წევრები კუთვნილი უფლებით ვეღარ სარგებლობენ.
სტრატეგიული ნაბიჯები ჯანსაღი სამუშაო რიტმის დასაბრუნებლად
ორგანიზაციის მდგრადი განვითარებისთვის ხელმძღვანელებმა დასვენება სტრატეგიულ პრიორიტეტად უნდა აქციონ. ცვლილება იწყება პირადი მაგალითით: თანამშრომლები მხოლოდ შინაგანაწესს არ კითხულობენ, ისინი ყურადღებით აკვირდებიან ხელმძღვანელთა რეალურ ქცევას. ლიდერმა არა მხოლოდ უნდა აიღოს შვებულება, არამედ რეალურად გაითიშოს პროცესებისგან – არ უპასუხოს წერილებს, არ გამოჩნდეს სამუშაო ჩატებში და არ დატოვოს შეგრძნება, რომ მუდმივად ხაზზეა. ამასთან, მენეჯმენტმა თვალი უნდა ადევნოს დასვენების გრაფიკს და შეახსენოს მათ, ვინც შვებულების აღებას აჭიანურებს.
მნიშვნელოვანია შეფასების სისტემის გადაწყობა შედეგებზე და არა ოფისში გატარებულ საათებზე. მაგიდასთან ხანგრძლივად ჯდომა მაღალ პროდუქტიულობას არ ნიშნავს; თვეების განმავლობაში შეუსვენებლივ მუშაობა ხარისხს მკვეთრად აქვეითებს. შედეგზე ორიენტირებული მიდგომა აქრობს შიშს, რომ დასვენება კარიერულ წინსვლას შეაფერხებს.
პარალელურად, მენეჯმენტმა უნდა მოაგვაროს დატვირთვის გადანაწილების პრობლემა. თუ ყოველი მესამე თანამშრომელი საქმის სიჭარბის გამო ვერ ისვენებს, პრობლემა სისტემურია. საქმის დროებით შეჩერების შეუძლებლობა სამუშაო პროცესის არაჯანსაღ დაგეგმვაზე მიუთითებს. აუცილებელია დავალებების მონიტორინგი და საქმის გადაბარების გამართული მექანიზმების შექმნა, რათა ადამიანებმა ოფისიდან გასვლა მშვიდად შეძლონ.
გარდა ამისა, თავად შვებულების დაგეგმვა მაქსიმალურად მარტივი უნდა გახდეს. დასაქმებულთა 25%-ზე მეტს უჭირს იმის გარკვევა, რამდენი დღე დარჩა გამოსაყენებელი, რაც მათ აქტიურობას ზღუდავს. ციფრულ სისტემებში ინფორმაციის გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა ამ ბარიერს ხსნის.
შვებულების დაზოგვის პრობლემა კომპანიის კულტურის შეცვლით გვარდება. როდესაც ორგანიზაცია დასვენებას სამუშაო პროცესის აუცილებელ ნაწილად აქცევს, ეს თანამშრომლებსა და ბიზნესს მთელი წლის განმავლობაში სტაბილური შედეგების შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს.
წყარო: Fastcompany











