DDI-ს მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ემპათია დღესდღეობით ლიდერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. ზოგიერთ კომპანიას მიაჩნია, რომ თანაგრძნობა იმდენად მნიშვნელოვანი რამაა, რომ ისინი მენეჯერებს “ემპათიის ტრენინგზე” აგზავნიან.
აქ მოცემულია 4 მიზეზი, რომლებიც ასაბუთებენ, რომ ემპათია ლიდერებისთვის მართლაც დიდ მნიშვნელობას იძენს:
თქვენი გუნდი მეტად ლოიალური იქნება
ერთ-ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც ყველა ორგანიზაცია დგება, არის ნიჭიერი კადრების შენარჩუნება. ორგანიზაციის დატოვების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის ნდობის ნაკლებობა და ლიდერების მხრიდან მათი დაფასება. ემპათია ზრდის ნდობას, განცდას, რომ პერსონალი ფასდება და მათზე ზრუნავენ. როდესაც პერსონალს ეს განცდა ებადება, დიდი შანსია, რომ კომპანიაში ის დიდხანს დარჩება.
თქვენი გუნდი მეტად აქტიური იქნება
ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ რაც უფრო ახლოსაა ადამიანი თქვენთან, უფრო მეტად ამჩნევს როგორ გრძნობთ თავს და მეტად აფასებს, რასაც აკეთებთ? ასეთი ადამიანები ბიძგს გვაძლევენ, ვაკეთოთ მეტი და ვაკეთოთ უფრო კარგად. ამის შესახებ წარმატებულმა ორგანიზაციებმა იციან და მათი ლიდერები მუდმივად ეძებენ გზებს, რომ შეამჩნიონ თანამშრომლების საქმიანობა, შეაქონ ისინი და კომპლიმენტები უთხრან.
თქვენი გუნდის წევრები ერთმანეთთან უკეთესად ითანამშრომლებენ
ემპათია მხოლოდ ლიდერებთან კი არ ზრდის კარგ დამოკიდებულებას, არამედ სხვა თანამშრომლებთანაც. ისინი უფრო მეტად გულისხმიერები ხდებიან ერთმანეთის მიმართ და სურთ, ერთმანეთს მეტი სარგებელი მოუტანონ. მსგავსი ურთიერთობა კი, საბოლოო ჯამში ორგანიზაციას უფრო მეტად პროდუქტიულს ხდის.
თქვენი გუნდი მეტად ბედნიერი იქნება
არაფერი ისე არ მოქმედებს ორგანიზაციის კეთილდღეობაზე, როგორც ბედნიერი თანამშრომლები. ბედნიერი გუნდის წევრები უფრო მეტად არიან ჩართულები საქმიანობაში, უფრო ნაყოფიერად და პროდუქტიულად აკეთებენ თავიანთ საქმეს. გარდა ამისა, ორგანიზაცია სამაგალითო ხდება ურთიერთობების კუთხითაც. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თანამშრომლები, რომლებიც ორგანიზაციის მიმართ ნაკლებად ერთგულად გრძნობენ თავს, ნაკლებად მოტივირებულები არიან სამსახურში სიარულის მხრივ. სწორედ ამიტომ, ემპათია ძალიან ბევრ რამეს ცვლის როგორც ადამიანებში, ისე კომპანიებში.
წყარო: Fast Company