in

რატომაა ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლო?

ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაცავად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ფეხით სიარულია. ესაა გზა, რომლითაც შეგვიძლია, ჯანმრთელობა გავიუმჯობესოთ/შევინარჩუნოთ. ყოველდღიურად მხოლოდ 30 წუთით სიარულიც კი აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, ამცირებს ჭარბ ცხიმს და კუნთებს აძლიერებს. მას ასევე შეუძლია, შეამციროს ისეთი დაავადებების განვითარების რისკი, როგორიცაა გულის დაავადებები, დიაბეტი, ოსტეოპოროზი და კიბოს ზოგიერთი სახეობა. ვარჯიშის ზოგიერთი სხვა ფორმისგან განსხვავებით, სიარული ყოველთვის შესაძლებელია და არ საჭიროებს რაიმე სპეციალურ აღჭურვილობას.

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკური დატვირთვა არ უნდა იყოს ძალიან მძიმე. 2007 წლის ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კვირის განმავლობაში თუნდაც 75 წუთიან ფიზიკურ აქტივობას სხეულზე საკმაოდ დიდი დადებითი გავლენა აქვს, ვიდრე სრულიად არააქტიურ მდგომარეობაში ყოფნას.

როგორც მაღლა აღვნიშნეთ, ფეხით სიარულის საკმაოდ დადებითი თვისება ისაა, რომ ის არ საჭიროებს რაიმე ტიპის აღჭურვილობას და დღის ნებისმიერ მონაკვეთშია მისი შესრულება შესაძლებელი. ფეხით სიარული შესანიშნავი აქტივობაა მათთვის, ვისაც მძიმე წონა აწუხებს, ვისაც დიდი ხანია, არ უვარჯიშია და ასევე, ხანში შესული ადამიანებისთვის.

ფეხით სიარული ასევე დიდ როლს ასრულებს ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაშიც. ხშირად, როცა უარყოფითი ემოციები გვაწვება, სიარული გვეხმარება, ისინი დავთრგუნოთ და ენერგიის დახარჯვით შევეწინააღმდეგოთ. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სიარული გონებას წმენდს.

გადავწყვიტეთ, ამ სტატიით, სიარულთან დაკავშირებით, რამდენიმე რჩევა გაგიზიაროთ:

გახადეთ სიარული თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად

შეეცადეთ, სიარული თქვენი ყოველდღიურობა გახდეს. საამისოდ, ეცადეთ, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს იაროთ. გახსოვდეთ, არ აქვს მნიშვნელობა, დღის რომელ ნაწილში ივლით, თქვენ ენერგიის ერთსა და იმავე დოზას იყენებთ საამისოდ. თუკი სიარული თქვენი სტილი არაა, მაგრამ დიდი სურვილი გაქვთ, რომ გახდეს, მაშინ ცადეთ სხვასთან ერთად სიარული. შესაძლოა, ეს პროცესი მარტოს მოსაწყენი გეჩვენებოდეთ, ამიტომაც შესთავაზეთ სხვასაც.

აუცილებლად გაზომეთ ნაბიჯების რაოდენობა

შეგიძლიათ, მთელი დღის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები გაზომოთ და შეადაროთ სხვა დღეებს ან რეკომენდირებულ რაოდენობას. ნაბიჯების გაზომვამ შესაძლოა, მოტივაცია მოგცეთ, უფრო მეტი იაროთ. ჯანმრთელობისთვის სასურველია, დღეში 10 000-მდე ნაბიჯი გავიაროთ.

შეარჩიეთ კომფორტული ფეხსაცმელი

მართალია, ვახსენეთ, რომ სიარულს სპეციალური აღჭურვილობა არ სჭირდება, მაგრამ, არასწორად შერჩეულმა ფეხსაცმელმა შესაძლოა, წვივის ან ფეხის ტკივილი გამოიწვიოს. ამიტომაც, სიარულისას კარგად დარწმუნდით, რომ კომფორტულად გრძნობთ თავს შერჩეულ ფეხსაცმელში.

გახადეთ სიარული მრავალფეროვანი

გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ, თქვენს მეგობართან ან ძაღლთან ერთად ისეირნოთ, იფიქრეთ სიარულის გამრავალფეროვნების გზებზე. აუცილებლად შეარჩიეთ სხვადასხვა ადგილი სასეირნოდ, რათა ეს პროცესი არ გახდეს მოსაწყენი რუტინა.

საბოლოო ჯამში, გირჩევთ, აღნიშნულ აქტივობას ყოველდღე ან დღეგამოშვებით დრო დაუთმოთ. მით უფრო ახლა, როცა სახლში უმეტესი დროის გატარება გვიწევს, სიარული ერთ-ერთი კარგი გზაა, დღე გავიმრავალფეროვნოთ.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

Clubhouse-ის მომხმარებელთა რიცხვი 8 მილიონამდე გაიზარდა!

15 წლიანი კოლაბორაციის შემდეგ ადიდასი რიბოკის გაყიდვას აპირებს