მომხმარებლებს არ სურთ, ერთი სარგებელი მეორეზე გაცვალონ, მოკლედ, კომპრომისზე არ მიდიან და ბრენდებსაც უწევთ, რომ ამ ტემპს ფეხი აუწყონ. ეს კი ბრენდების ხელმძღვანელებს მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს. მათ შორისაა მონაცემებისა და შემოქმედებითობის ჭიდილიც. ამ პრობლემის წინაშე მრავალი კომპანია დამდგარა და მათ შორის გამონაკლისს არც მოდის ინდუსტრიის ბრენდები წარმოადგენენ…
როგორც ექსპერტები ამბობენ, დღეს ყველაფერი ზედმეტად ეყრდნობა საზომებს, ხშირად კი კრეატიულობასაც ამ საზომებში მოქცევა უწევს. აქ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ბევრი რამ არის, რასაც გავზომავთ და რასაც ვერ გავზომავთ. და კომპანიაში თუ კრეატიულობის ღირებულებას გაზომვა სჭირდება, მაშინ ამაზე მწვავე პრობლემაც არსებობსო, გვეუბნებიან…
მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ მონაცემები გვაჩვენებს, რა მოხდა და იგი უმეტესად ვერ გვეტყვის, რატომაა მომხმარებელთა ქცევა ასეთი, უბრალოდ გაგვიზიარებს, რა ხდება ახლა ან რა ხდებოდა მანამდე. მართალია, კვლევა მნიშვნელოვანია ეფექტური ბიზნეს მენეჯმენტისთვის, მაგრამ მხოლოდ კვლევის დისციპლინას არ შეუძლია, შემოქმედებითი იყოს, არც ინოვაციური, გაზომვები უბრალოდ შეფასებაში გვეხმარება, მაგრამ არა, იდეების გენერირებაში. აი, უკვე შემოქმედებითი იდეები კი შემოქმედებით ინსაითებსაც მოიცავს, რასაც, თავის მხრივ, ადამიანები მონაცემებსა და განსჯის უნარზე დაყრდნობით გვაწვდიან.
სწორედ ინსაითები გვეუბნება, როგორი მომავლის შექმნა შეგვიძლია. აქ კი ლიდერებმა თავიანთი გამოცდილება უნდა გამოიყენონ, თავიანთი შემოქმედებითი უნარი, რათა არგუმენტირებული, ინფორმირებული და ინსაითებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღონ. თუმცა ამ პროცესში პერსონალურ განსჯას კი არა, ინფორმირებულ განსჯას უნდა მიმართონ… მეორე მხრივ კი, ინფორმირებული კრეატიულობა წარმატების ფორმულადაც შეიძლება იქცეს…
არც იმაზე ღირს თვალის დახუჭვა, რომ პრობლემების ნაწილს ინფორმაციების, ტრენდებისა და ინსაითების არასწორი განმარტებები წარმოშობს. ამიტომ, მოდით, დეფინიციებისკენ გადავინაცვლოთ. ინფორმაცია პირველია, ამას მივყავართ ტრენდების გენერირებამდე და უკვე ტრენდებს, ინსაითების შექმნამდე. ეს პროცესია, რომელიც კრეატიულობის კონტექსტს ქმნის.
თუ ინფორმაცია ფაქტებსა და მონაცემებს მოიცავს, ტრენდები იმ იდეასა და კონცეფციას გულისხმობს, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება და ჩვენსავე მოქმედებებზე აქვს გავლენა. ინსაითი კი, თავის მხრივ, იმის დანახვას გვთავაზობს, რასაც ეს ინფორმაცია ეყრდნობა, გვპასუხობს კითხვაზე — „რატომ?“. ძირითადად ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: პირველი, გაგაოცოთ იმით, რაც შეიტყვეთ და მეორე, შედეგად ამ სწავლებაზე დაფუძნებული ქცევის ცვლილება უნდა მიიღოთ. ინსაითი მომხმარებელზე ფუნდამენტურ სიმართლეს გვეუბნება და სწორედ მას აქვს ძალა, რეალობა დაგანახვოთ…