დენიელ სტილიდან დაწყებული ნილ გეიმანით დამთავრებული, ძალიან ბევრი მწერალი ყოველთვის თავს არიდებდა კლავიატურით წერას. ნაცვლად ამისა, ისინი კალმით ფურცელზე წერდნენ. გეიმანი ამბობდა, რომ კლავიატურაზე კრეფა მისთვის მუშაობას ჰგავდა, ხოლო კალმით წერა კი თამაში იყო. თუმცა ამგვარი მიდგომები მხოლოდ მწერლებს არ ჰქონიათ. ისინი, ვინც მუდმივად კომპიუტერთან მუშაობენ, ცდილობენ ხელით წერონ. ხელით წერა ფსიქოლოგიურად დადებითად მოქმედებს ადამიანზე და გარდა ამისა, შესაძლებლობას აძლევს, თვალები დაასვენოს ამ პროცესში.
და მაინც, რა სარგებელი მოაქვს ხელით წერას?
აუმჯობესებს მეხსიერებას
საკმაოდ ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ხელით წერისას ადამიანები მარტივად იმახსოვრებენ ინფორმაციას. ეს ერთგვარი “ღრმა კოდირებაა” – ანუ წერისას ჩვენდა უნებურად აღვიქვამთ იმას, რასაც ვწერთ და ეს ინფორმაცია ტვინში ჯდება. ხელით წერისას აქტიურდება ტვინის ის ნაწილები, რომლებიც შემეცნებას, შესწავლას უწყობს ხელს. ეს კი არ ხდება მაშინ, როდესაც კლავიატურაზე ვკრეფთ.
მაგალითად, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტები, რომლებიც ლექციაზე სიტყვა სიტყვით იწერდნენ ლექტორის სიტყვებს არც ისე წარმატებულად სწავლობდნენ, როგორც ისინი, ვინც ჩანაწერებს აკეთებდნენ ხელით. ხელით წერა აზროვნებაში, დამახსოვრებაში გვეხმარება და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
გვიბიძგებს, რომ შევნელდეთ
ის, რაც ხშირად გვაღიზიანებს ხელით წერისას, შეიძლება სასარგებლოც კი იყოს ჩვენთვის. მაგალითად, ჩვენ ვერ ვწერთ ისე სწრაფად ხელით, როგორც ამას კლავიატურით ვაკეთებთ ხოლმე. ეს შეფერხება კი გვეხმარება შევნელდეთ და უფრო გააზრებულად დავწეროთ ტექსტი. ამავდროულად კი, გონება ისვენებს და შემოქმედებითი აზროვნებისთვის დრო ეძლევა.
კვლევების ავტორის, დენიელ ოპენჰეიმერის თქმით, ხანგრძლივი წერა ხალხს საშუალებას აძლევს, რეალურად გაერკვნენ, რას გულისხმობენ, როცა წერენ. “ბოლოდროინდელმა ნეირომეცნიერულმა გამოკვლევებმა გამოავლინა მკაფიო ნერვული გზა, რომელიც მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როდესაც ასოებს ხელით ვწერთ”, – წერს იგი. ”და ეს გზა, რომელიც პრაქტიკაში ღრმად არის აღბეჭდილი, უკავშირდება ჩვენს საერთო წარმატებას სწავლასა და მეხსიერებაში.” ღილაკებზე კრეფა კი არ ასტიმულირებს ამ ნერვულ გზებს.
ხელით წერა მუშაობას უკეთესს ხდის
კლავიატურაზე წერა კარგიცაა და ცუდიც. კარგია იმით, რომ ამით დროს ვზოგავთ, ხოლო ცუდია იმით, რომ დროს, რომელიც ხელით წერის პერიოდში გვჭირდება ჩვენთვის ერთგვარი სარგებელი მოაქვს. გარდა ამისა, ფურცელთან ურთიერთობა ბევრად უფრო სასიამოვნოა ჩვენი გონებისთვისაც. თითქოს ჩვენ გვაქვს რაღაც ხელშესახები (და არა ვირტუალური სივრცე), რაზეც ჩვენს აზრებს გადავიტანთ.
ჩვენი კლავიატურა შესანიშნავია მრავალი რამისთვის. მაგრამ ზოგჯერ, ის ვერ შეცვლის სუფთა ფურცელს, საყვარელ კალამსა და ჰარმონიას, რომელსაც ხელით წერა გვანიჭებს.
წყარო: Fast Company