in

ორმა ქართველმა სტუდენტმა კითხვაზე – „რა ვჭამო?“ – პასუხი იპოვა!

Startauperi
Startauperi

„რა ვჭამო?“, დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ნათქვამი ფრაზების ათეულშია და ამიტომაც, სტუდენტებმა, 21 წლის თეგა გეთიამ და 23 წლის გვანცა ველთაურმა, ამავე სახელწოდების, ქართულ რეალობაზე მორგებული ვებგვერდი შემოგვთავაზეს. „რავჭამო“ საინფორმაციო ონლაინ პორტალია და საიტის გამოყენებით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, მოძებნონ თბილისში არსებული საკვები და სასმელი ობიექტები, აარჩიონ ისინი ექსტერიერისა და ინტერიერის მიხედვით, ნახონ მენიუ, ფასები, შეიხედონ თითეული ობიექტის სამზარეულოში და დაათვალიერონ, სად მზადდება კერძები.

„როდესაც ნებისმიერ ადამიანს შიმშილის გრძნობა თავს გაახსენებს, პირველი კითხვა არის – „რა ვჭამო..?“ ამიტომ, საიტის კონცეფციაც ამ კითხვის ირგვლივ განვავითარეთ. „რავჭამოს“ ვიზიტორს არ სჭირდება, ზუსტად იცოდეს, რისი ჭამა სურს ან სად უნდა მიირთვას, რადგან ამას, საიტის საშუალებით, მარტივად მოახერხებს“, – მარკეტერს თეგა გეთია ესაუბრა:

M: რატომ შეიქმნა „რავჭამო“ და როგორ მიხვედით იდეის უკვე სტარტაპად გარდაქმნის ეტაპამდე?
იდეა გაგვიჩნდა საჭიროებიდან გამომდინარე. როდესაც მოგვშივდებოდა ან დალევა მოგვინდებოდა, არ გვქონდა შესაძლებლობა, ონლაინ მოგვეძიებინა სრულყოფილი ინფორმაცია თბილისში არსებული საკვები თუ სასმელი ობიექტების შესახებ. იდეის გაჩენიდან რამდენიმე დღეში, სოციალური მედიის საშუალებით, გამოვკითხეთ ადამიანები იმის გასარკვევად, ადგილობრივ მოსახლეობაში არსებობდა, თუ არა „რავჭამოს“ მსგავსი ონლაინ სივრცის შეთავაზების საჭიროება. ჩვენი მომსახურების დახვეწის პროცესში, „რავჭამოსთვის“ აქამდე არსებული საერთაშორისო ანალოგები გამოვიყენეთ, თითოეული მათგანიდან რაღაც დეტალები გავითვალისწინეთ და ქართულ რეალობას მოვარგეთ. M: რას შეადგენს პლატფორმით სარგებლობის ღირებულება და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ობიექტები, რომ საიტზე განთავსდნენ?
„რავჭამო“ ვიზიტორებისთვის არის უფასო პორტალი, ხოლო ობიექტებს ჩვენთან მოსახვედრად ვთავაზობთ 3 სამომხმარებლო პაკეტს, სხვადასხვა ღირებულებით. რავჭამოზე“ მოხვედრა შესაძლებელია თბილისში არსებული ნებისმიერი ობიექტისათვის, თუმცა თუ ობიექტი სრულად არ დააკმაყოფილებს იმ საინფორმაციო ველს, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნება მიწოდებული, უარს ვამბობთ მათთან თანამშრომლობაზე. M: რას პირდება „რავჭამო“ მომხმარებლებს?
„რავჭამოს“ უპირატესობა მისი დინამიკურობა და ინფორმაციულობაა, ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, განვავითაროთ და შევთავაზოთ მომხმარებელს სიახლეები. ჩვენი მიზანია, „რავჭამო“ გახდეს ქართველი მომხმარებლების ყოველდღიურობის ნაწილი, ტურისტებისათვის კი კულინარიული გიდი ჩვენს დედაქალაქში. „რავჭამო“ ამ ეტაპზე ბეტა ვერსიით მუშაობს, რათა აღმოიფხვრას ყველა ხარვეზი და გახდეს ყველასთვის კომფორტული და მარტივი პორტალი.

PixelArt-ის ციფრული რეკლამა, რომლის მართვა დამატებითი თანამშრომლის დაქირავების გარეშეა შესაძლებელი

Youtube-ის სატელევიზიო არხით სარგებლობა დიდ ეკრანებზეც იქნება შესაძლებელი!