დრონები დღეს უკვე ყველგან გვხვდება და თითქმის ყველაფრისთვის იყენებენ, იქნება ეს ცხოველებზე თვალყურის დევნება, ხანძრებში დახმარება თუ ადამიანების გადარჩენა. მიუხედავად ტექნოლოგიური წინსვლისა, დიზაინერებს მაინც დარჩათ მცირე სამუშაო, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრ დრონს სჭირდება აფრენისთვის ადამიანების დახმარება.
და რას იტყოდით დრონზე, რომელსაც ჩიტის მსგავსი ფეხები აქვს? რომელსაც თავადვე შეუძლია დამოუკიდებლად აფრენა, გავლა თუ გადახტომა ისე, როგორც ამას ნამდვილი ფრინველები აკეთებენ? როგორც ჩანს, შვეიცარიის École Polytechnique Fédérale de Lausanne-ში (EPFL) ეს იდეა ძალიან მოეწონათ და იგი რეალობად აქციეს. ამ ამბავში კი UC Irvine-იც დაიხმარეს:
დრონს Robotic Avian-inspired Vehicle for multiple ENvironments (RAVEN) ეწოდება. როგორც უკვე გითხარით, მას ფრინველის მსგავსი ფეხები აქვს, რაც საშუალებას აძლევს, მაგალითად, გადააბიჯოს საშიშ ნამსხვრევებს ადამიანების გადარჩენისას, გაექცეს საფრთხეს ხანძრის ჩაქრობისას და, თუ საჭირო იქნება, ერთი ადგილიდან მეორეზეც გადახტეს.
კიდევ უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ინსპირაცია ყვავ-ყორნებია, აქედან მოდის სახელიც. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, RAVEN-ის გაშლილი ფრთის სიგრძე 100 სანტიმეტრია, 4 წამში ერთი მეტრის გავლა შეუძლია და დაახლოებით 12 სანტიმეტრით გადახტომა. რობოტის ფეხების სიძლიერე კი შეგვიძლია, იმ ძრავებისა თუ ზამბარების კომბინაციას მივაწეროთ, რომლებიც ფრინველის კუნთებსა და მყესებს ჰბაძავს, რათა ზუსტად ისეთი ელასტიკურობა შემოგვთავაზოს, როგორიც ნამდვილი ფრინველების შემთხვევაში გვხვდება:
რაღა თქმა უნდა, მეტი მოქნილობა პირდაპირ შეგვიძლია ვთარგმნოთ მეტ შესაძლებლობად. თანაც ნაკლებ ენერგიასაც მოიხმარს და დაშვებაც ზედმეტი პრობლემების გარეშე შეუძლია. ამგვარად, უნდა ვიმედოვნოთ, რომ RAVEN ბაზარზე მალე გამოჩნდება…