Ray-Ban Meta-მ ახალი სარეკლამო კამპანია წარმოადგინა, რომელიც ახალი თაობის ჭკვიანი სათვალისთვისაა განკუთვნილი. მისი ფასი 300-დან 380 დოლარამდე მერყეობს და კლასიკური ჩარჩოების 150-ზე მეტ ფერსა თუ ლინზის კომბინაციაშია მოცემული. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი კი სათვალეში ჩაშენებული უმაღლესი ხარისხის აუდიო, კამერა და LED ინდიკატორია — ეს უკანასკნელი მაშინ ანათებს, როდესაც მომხმარებელი ფოტოს ან ვიდეოს იღებს.
სათვალის შესაძლებლობების წარმოსაჩენად, Ray-Ban Meta-მ ჩარლზ ტოდს მიმართა — კრეატიულ სააგენტო Scheme Engine-ის აღმასრულებელ დირექტორს, რათა ახალი ჭკვიანი სათვალისთვის თემატური, შემოქმედებითი კამპანია შეექმნა. ასე მიიღეს ვიდეორგოლი, რომელშიც ახალგაზრდა ქალი რეტრო Ray-Ban Wayfarers-ის წყვილს ატარებს, მაგრამ ჩვეულებრივი მოდელისგან განსხვავებით, ჭკვიან ტექნოლოგიას ეფუძნება.
სათვალე მთელი დღის განმავლობაში სათანადო ნავიგაციას უწევს მთავარ გმირს. მაგალითად, ფრჩხილის ლაქის წასმის დროს მოწყობილობას სთხოვს ფოტოს გადაღებას — რამდენჯერ გვიოცნებია, საკუთარი თვალებით შეგვძლებოდა კადრების სამუდამოდ დაფიქსირება… ახლა კი ამ იდეას უფრო ვუახლოვდებით.
შემდეგ კი მეგობრის დაბადების დღეზე ვერ მისვლას სათვალით დარეკილი ვიდეოქოლით ინაზღაურებს — ისეთი განცდა იქმნება, თითქოს მართლა იქაა… ასევე, წვეულებისკენ მიმავალს, გზაზე ნანახი ესპანური წარწერა არ აშინებს, რადგან სათვალე შეუფერხებლად თარგმნის ინგლისურად.