in

ცაში დაწყებული წარმატება, რომელიც დიდ სამოდელო სახლებში გადავიდა – Ray-Ban

რომ გავაჩეროთ მოდის მიმდევარი ნებისმიერი ადამიანი და ვკითხოთ, რომელია მაღალი კლასის სათვალე, ის გვიპასუხებს – Ray-Ban. საკულტო ბრენდის სათვალეები ათწლეულების განმავლობაში ამშვენებდა მდიდარ, ცნობილ და კლასიკურ ადამიანთა სახეებს მსოფლიოში. Ray-Ban-ის დიზაინს აქვს გამორჩეული სტილი, რომელიც შეუდარებელ დახვეწილობას გამოხატავს. 

istoriebi
istoriebi

რა თქმა უნდა, ის ერთ ღამეში არ გამხდარა ცნობილი. ბრენდის წარმატებისკენ სვლას, ტრადიციულად, დღევანდელ რუბრიკაში მოვყვებით.

პროგრესული დასაწყისი

მიუხედავად იმისა, რომ ის 1937 წელს დაარსდა, კომპანიამ თავიდანვე უახლესი ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო და მაშინ, იმ დროისთვის ახალი ინდუსტრიისთვის, ავიაციისთვის დაიწყო სათვალეების მზადება. ვერავინ იფიქრებდა, რომ მზის სათვალე, რომელიც შექმნილია მხოლოდ ავიატორებისთვის, ერთ დღეს გლობალური მოდის დნმ-ის ნაწილი გახდებოდა. 

პირველი მოდელი

პირველ მოდელს მწვანე ლინზები და პლასტმასის ჩარჩოები ჰქონდა. ის იმისთვის შეიქმნა, რომ შეეკავებინა ინფრაწითელი შუქი და მზის ულტრაიისფერი სხივები. სწორედ ამას დაუკავშირდა მისი სახელწოდებაც – “Ray-Ban” , რაც, მიახლოებით რომ ვთარგმნოთ, სხივების შეკავებას ნიშნავს.

რატომ დასჭირდა სათვალე დიდ ავიაციას

1930-იან წლებში აშშ-ის საჰაერო ძალებმა ფოკუსირება მოახდინეს საავიაციო სექტორის განვითარებაზე. მათ განახორციელეს მთელი რიგი განახლებები თავიანთ თვითმფრინავებზე, გააუმჯობესეს მოიერიშე პილოტების უნარები და მალე სულ უფრო ზევით წაიწიეს. პილოტებს სულ უფრო მაღლა შეეძლოთ ფრენა და ჰაერში დიდხანს გაჩერება, თუმცა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა მზის ზემოქმედება, რაც მხედველობასაც უშლიდა ხელს და პილოტებს თავსაც ატკივებდა. 

იმ დროს პოპულარული იყო საწარმო, რომელიც უშვებდა ოპტიკურ ლინზებს, ტელესკოპებს, პროჟექტორის სარკეებს და მსგავს ნაწარმს, ამიტომ სამხედროებმა მათ სთხოვეს პილოტებისთვის სათვალის დამზადება. ამ საწარმოს Bausch & Lomb ერქვა და მალე მან გამოუშვა პირველი სათვალე, რომელიც დაფუძნდა, როგორც Ray-Ban-ის ბრენდი.

ტექნოლოგიის დახვეწა და წარმოების გაფართოება

1940-იანი წლების დასაწყისში Ray-Ban-ის დიზაინი გარე ცხოვრების სტილად გადაიქცა ისეთი მოდელების მეშვეობით, როგორებიცაა Ray-Ban Outdoorsman და Ray-Ban Shooter. Bausch & Lomb-მა განაგრძო ლინზების ტექნოლოგიაზე მუშაობა და განაახლა ავიატორის სათვალე ფრენის დროს თვალის მაქსიმალური დაცვისთვის.

ამის პარალელურად, ხალხი განაგრძობდა ბრენდის სათვალის მოხმარებას. Ray-Ban-მა ეს გამოწვევად მიიღო და მოდის სფეროში შეაბიჯა.

სათვალის დებიუტი კინოში

1950-იან წლებში Ray-Ban-ის სათვალეები კინოინდუსტრიაშიც პოპულარული გახდა. სწორედ ამ დროს ჰოლივუდმა გადაიღო ფილმები: „გოძილა” და „თორმეტი განრისხებული მამაკაცი. იმდროინდელი კინოვარსკვლავები ბრენდის სათვალეს სიხარულით ირგებდნენ, განსაკუთრებით პოპულარული კი იყო მოდელი, Ray-Ban Wayfarers, რომელიც 1952 წელს გამოუშვეს. 

1957 წელს ბრენდმა გამოუშვა Ray-Ban Caravan, რომელსაც უფრო კვადრატული ფორმა ჰქონდა, ვიდრე Ray-Ban Aviators-ს. ეს მოდელი რობერტ დე ნირომ მოირგო ცნობილ ფილმში „ტაქსის მძღოლი”. ამის შემდეგ ეს სათვალე ნამდვილად იქცა საკულტო მოდელად მოდის ინდუსტრიაში და არა მარტო.

მაღალი მოდა და Ray-Ban

60-იან წლებში მოდის სამყარო განვითარდა და უფრო მეტმა ადამიანმა გამოხატა ინტერესი მოდური აქსესუარების მიმართ. ეს იყო გარღვევა, რამაც Ray-Ban-ის ისტორიაც გაამდიდრა და ბიუჯეტიც. Bausch & Lomb-მა ისარგებლა კულტურული რევოლუციით, გააფართოვა თავისი კატალოგი და გამოუშვა სხვადასხვა ხაზი: ქალებისთვის, კაცებისთვის და ბავშვებისთვის. 

ამ პერიოდში დაბადებულ მოდელებს შორის გამორჩეული იყო Ray-Ban Meteor, რომელსაც კუთხოვანი დიზაინი ჰქონდა. ეს ხაზი კაცებისთვის იყო განკუთვნილი. ბრენდმა ასევე გამოუშვა Ray-Ban Laramie, ცნობილი, როგორც კატის თვალი და ის ქალებისთვის შეიქმნა. 

80-იანების წარმატებული მოდელი

1980-იან წლებში ეკრანებზე გამოვიდა Top Gun, რომელშიც ტომ კრუზმა Ray-Ban-ის წყვილი ავიატორები მოიხდინა და მთელი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ეს იქცა მნიშვნელოვან პერიოდად ბრენდის ისტორიაში, რადგან მოთხოვნამ OG მოდელის Ray-Ban ავიატორებზე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. Aviators-ის პირველი გაშვებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, მათ ბაზარი შტურმით დაიპყრეს. ეს მოდელი დღემდე ისეთივე პოპულარულია, როგორც ათწლეულების წინ იყო.

რას გვასწავლის ბრენდის ისტორია?

Ray-Ban-ის ისტორია ნათლად გვიჩვენებს იმას, რომ ბრენდი დაბადებიდან ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი წარმატებით სარგებლობდა, თუმცა ამას ის არასოდეს შეუჩერებია. ყოველი ახალი მწვერვალი მას მოტივაციას აძლევდა, რომ გეზი ახლისკენ აეღო. ამის მაგალითი, თუნდაც, ბოლო წლებში გამოსული ერთ-ერთი მოდელია, Lite-Force. ის მოქნილი და გამძლე თერმოპლასტიკური მასალისგანაა დამზადებული და ბრენდს ბევრი გაყიდვა მოუტანა. 

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

3 გზა, რომლითაც ტვინი კარგ ხელმძღვანელობაში გვიშლის ხელს

დათვმა GoPro კამერა დაღეჭა და სელფი გადაიღო!