მრავალთვიანი მოლოდინისა და არაერთხელ გაჟონილი ვიზუალების შემდეგ, ლოს-ანჯელესში გამართულ ღონისძიებაზე, Motorola Razr ოფიციალურად გამოჩნდა, შესაბამისად, მის მონაცემებზე საუბარი უკვე ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით შეგვიძლია. ეს არის ანდროიდის სისტემაზე მომუშავე დასაკეცი სმარტფონი, რომელიც კლასიკური Motorola-ს ვიზუალს იმეორებს, თუმცა, მისი გახსნის შემდეგ აქ კლავიატურის ნაცვლად ერთი მთლიანი ეკრანი დაგხვდებათ. მოწყობილობა Snapdragon 710 -ის პროცესორზე მუშაობს, აქვს 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული, ხოლო 128 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება. მისი OLED ეკრანი 6.2 ინჩიანია, 2142 x 876 გაფართოებით. ერთ-ერთი რამ, რაც ამ დასაკეც სმარტფონს გამოარჩევს მეორე ეკრანია, რომელიც კლასიკური მოდელის მსგავსად, დაკეცილი მოწყობილობის წინა მხარეს გვხვდება. ის 2.7 ინჩიანია, 800 x 600 გაფართოებით, ხოლო მისი ფუნქციაა სწრაფად, ტელეფონის გახსნის გარეშე შეგვატყობინოს სხვადასხვა სიახლე – მოსული ახალი შეტყობინება, გამოტოვებული ზარი, თუ სხვა რამ.
რაც შეეხება კამერებს, Razr-ს აქვს 16 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა, ღამის ხედვის რეჟიმით და ასევე, 5 მეგაპიქსელიანი შიდა (სელფის) კამერა. ერთ-ერთი საკითხი, რაც ინტერესსა და ეჭვებს იწვევდა, Razr-ის ელემენტი იყო. უკვე ცნობილია, რომ ის 2510 მილიამპერიანი იქნება. სმარტფონს ასევე აქვს USB პორტი და თითის ანაბეჭდის სენსორი. ცნობილია, რომ სმარტფონი გაყიდვაში 2020 წლის იანვრიდან ჩაეშვება, მისი ფასი კი 1499 დოლარი იქნება.
აღსანიშნავია, რომ სმარტფონების მწარმოებლები აქტიურად ცდილობენ დასაკეცი სმარტფონების ბაზარზე თავის დამკვიდრებას. ისეთი კომპანიები, როგორიცაა „სამსუნგი“, „ჰუავეი“, თუ Google, დასაკეც ეკრანთან დაკავშირებულ პრობლემებს აწყდებიან და მათ გადაჭრაზე მუშაობენ. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად წარმატებული იქნება Motorola-ს ამ ფორმით დაბრუნება ტელეფონების ბაზარზე, უფრო კი, „მოტოროლას“ პირველი ნაბიჯები დასაკეცი სმარტფონების ინდუსტრიაში.