ზოგჯერ გამოსავლის პოვნაში ერთი უბრალო რჩევაც გვეხმარება… ამიტომაც ღირს ყურადღების გამახვილება იმ რჩევებზე, რომლებსაც კოლეგები გიზიარებენ, განსაკუთრებით შემოქმედებით ინდუსტრიაში. და რადგან ეს უკანასკნელი ვახსენეთ, გეტყვით, რას პასუხობენ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები კითხვას: მიღებული რჩევებიდან რომელმა შეცვალა თქვენი ცხოვრება?
პასუხები აი, ასეთია:
„ზოგჯერ არ გამოგივა“
ეს რჩევა ბრენდის იდენტობის დიზაინერმა სპორტული ჟურნალისტისგან მოისმინა: „უბრალოდ მიიღე ის ფაქტი, რომ ზოგჯერ რაღაცები არ გამოგივა და დაივიწყე შედეგი. როცა შედეგზე დარდს ვიწყებთ, აწმყოს შეგრძნებას ვკარგავთ“ — სწორედ ამ რჩევით შეძლო დიზაინერმა შემოქმედებით პროცესში არსებული მრავალი გამოწვევისა და გამარჯვების მიღება.
მხატვარი ლილი დჰომმარი კი გამოსავალს ცდაში ხედავს, გვეუბნება, რომ პერფექციონიზმს უნდა შევეშვათ და უბრალოდ ქმედებაზე გადავიდეთ. მისი წარმატების ფორმულა ასე ჟღერს: „ცადე, თუ დამარცხდები, გამოასწორე, გააუმჯობესე და ეს მიზანთან მიგაახლოებს“.
„ახალი იდეები მოწყენილობისა და თავისუფალ დროს მოდის“
კონტენტსტრატეგი ემილი ო’ბრიენისთვის ეს რჩევა რევოლუციური მნიშვნელობის აღმოჩნდა. ერთ დღეს უთხრეს, ახალი იდეები ზედმეტი ფიქრისა და წნეხისგან კი არა, მოწყენილობისა და შემოქმედებითი ხეტიალის დროს მოდისო. სწორედ ამიტომაც ყოველ კვირას კონკრეტულ საათებს გასეირნებას, ახალი ობიექტების შესწავლას, მუსიკის მოსმენასა და იმის ხატვას უთმობს, რაც უეცრად თავში გაუელვებს.
„საკმარისად დაისვენე იმისათვის, რომ შენი მაქსიმუმი გააკეთო“
მარკეტინგის კონსულტანტი და ქოფირაითერი დენისი რჩევის 3 ძირითად ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას:
- არასდროს მიიღო კრიტიკა ადამიანისგან, რომელსაც რჩევას არ ჰკითხავდი
- ენდე შენს ინტუიციას
- საკმარისად კი არ უნდა იმუშაო იმისათვის, რომ დაისვენო, არამედ საკმარისად უნდა დაისვენო, რათა მაქსიმუმის გაკეთება შეძლო.
ეს უკანასკნელი ყველაზე მთავარია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გადაღლილობა თანამედროვე მსოფლიოს პრობლემას წარმოადგენს.
„სთხოვე სხვებს დახმარება“
ხანდახან თანამშრომლობასაც სჭირდება სწავლა, არ უნდა ეცადოთ ყველაფრის თავად კეთება, სიმართლე რომ ვთქვათ, არც გამოგივათ. ამიტომაც, სხვებს სთხოვეთ დახმარება და მათ ძლიერ მხარეებს დაეყრდენით. სათქმელად რომ უფრო მარტივია, ამაშიც გეთანხმებით და მაგალითად პოლ კელი შეგვიძლია მოგიყვანოთ, დიზაინერი, რომელმაც ამ რჩევის გათვალისწინება მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა. თანაც ხშირად საუკეთესო იდეები სწორედ მაშინ მიიღწევა, როცა ჩვენს ძალებს სხვებთან ვაერთიანებთ. აქვე ერთ პატარა რჩევასაც დავამატებთ — ირგვლივ შემოიკრიბეთ კარგი ადამიანები.
„თუ არავინ აცხადებს ვაკანსიას, თავადვე შესთავაზეთ თავი“
გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი ნვარდ იერკანიანი გვეუბნება – „პერსონალური პროექტებით კარიერის განსაზღვრა შეგვიძლია, საკუთარი ნამდვილი შემოქმედებითი ხმის გამოხატვის საშუალებას გვაძლევს, აკრძალვებისა და მომხმარებელთა მოლოდინებია გარეშე, ასე კი იმ ადამიანებს ვიზიდავთ, რომელთაც მსგავსი ნამუშევრები მოსწონთ“.
ამიტომაც, სულ გაუზიარეთ სხვებს თქვენი ნამუშევრები, შემდეგ კი ვაკანსიები თავად გიპოვით.
„ამას არავინ გააკეთებს შენთვის“
ზოგჯერ ყველაზე ძლიერი რჩევები საკმაოდ პირდაპირაც ჟღერს და ასე მოხდა Aniseed Creative-ის დამფუძნებლის კლერ ლავილის შემთხვევაშიც. როცა უთხრეს, რომ მისთვის არავინ გააკეთებდა რამეს, ამან სრულად შეცვალა მეთოდები, რომლითაც მიზნის მიღწევას ცდილობდა. ეს რჩევა კი ცხოვრების ყველა მომენტში თან გაიყოლა, დაწყებული სახლის დეკორაციით, დამთავრებული სიგარეტზე უარის თქმით.
თუ დააკვირდებით, ამ რჩევებიდან არცერთი მოიცავს კონკრეტულ ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს, უმეტესად აზროვნების ცვლილებაზეა… ამგვარად, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. არ აქვს მნიშვნელობა, ჩამოთვლილთაგან რომელ რჩევას დაიმეგობრებთ, მთავარია, პროცესში ერთი რამ გახსოვდეთ — შემოქმედებითობა იმას კი არ ეხება, თუ რას ვაკეთებთ, არამედ იმას, თუ როგორ ვუყურებთ ამ პროცესს.