ჩვენ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა ციფრული პლატფორმების მეშვეობით კონტენტის შექმნა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საქმიანობად იქცა. არ არის აუცილებელი, რაიმე კონკრეტული განათლება იმისთვის, რომ უბრალოდ შეხვიდე ინსტაგრამზე, განათავსო ფოტოები, რილსები, ვიდეომასალა, სთორი და მიიღო აუდიტორიის უკუკავშირი. თუმცა ამისთვის საჭიროა შინაარსობრივი მასალის შეთავაზება, რომელიც ბევრ ადამიანს დააინტერესებს და ვირუსულად გავრცელდება. ჩვენ ახლა ინსტაგრამის მაგალითი მოვიყვანეთ, თუმცა ნებისმიერი სხვა ციფრული არხიც მსგავსი ალგორითმით მუშაობს.
ამ სტატიაში ვეცდებით, რამდენიმე რჩევა მოგცეთ, თუ როგორ უნდა გაზარდოთ თქვენი აუდიტორია ინსტაგრამსა და ტიკ-ტოკზე.
პირველ რიგში, გადახედეთ ტრენდებს
სანამ სოცმედიაში კონტენტის შექმნით დაკავდებით, გადახედეთ ტრენდებს და ნახეთ, რა და როგორ მუშაობს, რას უფრო მეტი გამოხმაურება აქვს და ამის მიხედვით დაგეგმეთ თქვენი კონტენტიც. ეს განსაკუთრებით კარგად მუშაობს ტიკ-ტოკის შემთხვევაში, რადგან ტრენდები ამ პლატფორმის სასიცოცხლო წყაროა.
რა არის თქვენი ინტერესის სფერო
რა გაქვთ ისეთი, რაც თან გაინტერესებთ და თან კარგად გამოგდით? იქნებ რამეს ასწავლით ან შეგიძლიათ ცეკვა, სიმღერა, იუმორისტული სკეტჩების მოფიქრება, გეხერხებათ კულინარია და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში, შეგიძლიათ, თქვენს ინტერესებს მოარგოთ ის ტრენდები, რომლებიც გავრცელებულია თქვენთვის სასურველ პლატფორმებზე. ისიც შეგიძლიათ, რომ ერთდროულად რამდენიმე სოცმედია არხზე აიღოთ ორიენტირი.
სხვა კონტენტკრეატორებთან თანამშრომლობა
სხვა შემქმნელებთან თანამშრომლობითა და ჯვარედინი რეკლამით შეიძლება გააცნოთ თქვენი კონტენტი ახალ აუდიტორიას და სულ რაღაც ერთი ვიდეოთი გააორმაგოთ წვდომა თქვენ მიერ განთავსებულ მასალაზე.
ამ ზოგადი რჩევების გარდა, გადავწყვიტეთ, ცოცხალი მაგალითიც გაგიზიაროთ და ისეთი ადამიანის გამოცდილება გაგაცნოთ, რომელმაც თავად მოაგროვა უამრავი გამომწერი როგორც ინსტაგრამზე, ისე ტიკ-ტოკზე. რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით უბრალო, ყოფითი ამბების გაზიარებით შეძლო.
„ჩემი კონტენტი ჩემი რეალური ცხოვრების გაზიარებაა. ვეხები ნებისმიერ თემას და კონკრეტულად ერთი მიმართულება არ მაქვს.
ძალიან მიყვარს ჩემი გამომწერები. სთორებშიც და პირად მიმოწერებშიც მათ მიმართ მაქვს ისეთი დამოკიდებულება, თითქოს ჩემი მეგობრები ან ოჯახის წევრები არიან. მათთან გულწრფელი ვარ და ვაჩვენებ ან ვურჩევ მათ ყველაფერ იმას, რაც თავად გადამხდენია თავს ან გამომიცდია. მათთან ის ვარ, რაც რეალობაში და ისინიც გრძნობენ ამას. ვისაც მოვწონვარ, მოსწონთ ჩემი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, ვინც მე მომყვება, შემდეგ სხვასაც უზიარებს ჩემი გვერდის არსებობას და ასე გავცდით უკვე 100 000 გამომწერს. უზომოდ მიყვარს, ვაფასებ და ვუფრთხილდები თითოეულ გამომწერს და ზუსტად ეს არის ის მთავარი რეცეპტი, რის გამოც მომყვებიან. ვცდილობ, თითოეულს ვაგრძნობინო რამდენად მნიშვნელოვანნი არიან ისინი ჩემთვის და რომ არა მათი აქტიურობა, არ მექნებოდა გვერდის მართვის მოტივაცია.
დამწყებ კრეატორებსაც ზუსტად იმავეს ვურჩევ – იყვნენ გულწრფელები და რეალურები. ხალხი უზომოდ აფასებს გულწრფელობას. მარტივად არ დაკარგონ მოტივაცია, თუ ისე მალე არ ემატებათ გამომწერები, როგორც მათ სურთ. დრო და შრომა აუცილებლად მოუტანთ წარმატებას. არასდროს გაუკეთონ რეკლამა ისეთ პროდუქტებს, რასაც თავად არასდროს გამოიყენებდნენ და არასდროს არ მოატყუონ გამომწერები. ნდობის ფაქტორი უზომოდ მნიშვნელოვანია და პირადად მე უზომოდ ვუფრთხილდები. ერთხელ თუ დაკარგეს შენ მიმართ ნდობა და „გამოგიჭირეს” უხარისხო პროდუქტის გაპიარებაში, ჩათვალეთ, ვერასდროს ვეღარ შეძლებთ ამ ნდობის აღდგენას”, – Katie, კონტენტკრეატორი.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი