in

რჩევები მათ, ვისაც ახალი წელი არ უყვარს

M2
M2

საახალწლო პერიოდი წლის ყველაზე მშვენიერ დროდ კი გაგვაცნეს, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის ეს ასე სულაც არ გამოიყურება, რაც სავსებით ნორმალურია. მართალია, იდეალური ოჯახების, დეკორატიული ხეებისა და მხიარული მომენტების სურათებით ვართ მოცულნი, მაგრამ მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ ბევრი ადამიანისთვის რეალობა საპირისპიროა. ზოგს უბრალოდ არ უყვარს, რადგან ქაოსურ პერიოდად აღიქვამს, ზოგსაც კი დანაკარგს შეახსენებს, რითაც სინანულისა და მწუხარების გრძნობებს აღვიძებს.

პარალელური სამყარო ჩვენს სოციალურ ქსელებშია, სადაც კარგად აქვს ფესვი გადგმული იდეალური შობის მითს. ეს გვიბიძგებს, ჩვენი რეალობა სხვებისას შევადაროთ, რითაც კიდევ უფრო რთულდება ამ პერიოდის გადატანა. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დროს ხშირად უფრო მძაფრდება ისეთი პრობლემები, როგორებიცაა 

დაძაბული ურთიერთობები, ფინანსური პრობლემები, მარტოობა თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითები. თუმცა, საბედნიეროდ, ამ თემას ფილმებში არ გაურბიან, იქნება ეს The Holiday, Love Actually თუ Christmas.

ემოციურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, სადღესასწაულო სეზონი დაუმთავრებელი სიების გამოა სტრესული: საჩუქრების ყიდვა, სუფრის მომზადება, წვეულებებზე სიარული და გადაჭედილ მაღაზიებში რიგებში დგომა, ამას შფოთვამდე მივყავართ, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ისედაც მძიმე ფსიქოლოგიურ ფონს. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ერთი რამ უნდა გითხრათ: ნორმალურია თუ ახალი წლის პერიოდში ნეგატიურ ემოციებს განიცდით, იქნება ეს წუხილი, შფოთვა, მარტოობა თუ იმედგაცრუება. მხიარული რომ უნდა იყოთ, ამ წნეხის ქვეშაც იქნებით, მაგრამ რასაც არ უნდა ამბობდნენ სხვები, საკუთარ თავს უფლება მიეცით ემოციები, ზედმეტი განსჯის გარეშე, განიცადოთ. ახლა კი კონკრეტული რჩევებისკენ გადავინაცვლოთ:

როგორ გავუმკლავდეთ საახალწლო სეზონს? — რჩევები

დააწესეთ რეალური მოლოდინები — მიიღეთ ის ფაქტი, რომ საახალწლო პერიოდი სრულყოფილი შეიძლება არ იყოს და ეს ნორმალურია. შეამსუბუქეთ წნეხი, რომ უნაკლო დღე უნდა გქონდეთ, ასე შვებას იგრძნობთ და ზედმეტი სტრესისგან გათავისუფლდებით. 

შექმენით თქვენი ტრადიციები — თუ ოჯახების შეკრება და მსგავსი ამბები თქვენთვის არ არის, რაღაც ახალი ტრადიციები შეიმუშავეთ, რაც თავს უფრო კომფორტულად გაგრძნობინებთ, იქნება ეს მეგობრებთან ერთად დროის გატარება, მოხალისეობრივი აქტივობები თუ ერთი მშვიდი დღის საკუთარი თავისთვის დათმობა. 

შეამცირეთ დრო, რომელსაც სოციალურ ქსელებში ატარებთ — როგორც ზემოთ ვთქვით, სადღესასწაულო პერიოდი ხშირად ყალბი რეალობების კონტენტად იქცევა ხოლმე, ამიტომაც შეამცირეთ მსგავს სივრცეებში გატარებული დროის ხანგრძლივობა. ასე არც სხვებს შეედარებით და ცუდი შეგრძნებებისგანაც დაიზღვევთ თავს. 

ეძიეთ მხარდაჭერა — თუ ძალიან გიჭირთ, გაესაუბრეთ მას, ვისაც ენდობით, იქნება ეს მეგობარი, ოჯახის წევრი თუ თერაპევტი — გრძნობების გაზიარება ემოციური ტვირთისგან გაგათავისუფლებთ. 

ფოკუსირდით თავის მოვლაზე — სადღესასწაულო სეზონი ძალიან დამღლელი შეიძლება იყოს, ამიტომ ფოკუსირდით იმაზე, რომ საკუთარ თავს საკმარის დროს უთმობთ. დაისვენეთ და განვიტვირთეთ, დაჯექით სიჩუმეში, ივარჯიშეთ ან ის ჰობები გაიხსენეთ, რომლებიც გაბედნიერებთ. 

გააცნობიერეთ თქვენი ემოციები — ნორმალურია, თუ მოწყენილი, სტრესის ან შფოთვის ქვეშ ხართ ამ პერიოდში. ამგვარად, საკუთარი თავი კი არ აიძულოთ, რომ მხიარული იყოს, არამედ გააცნობიერეთ თქვენი ემოციები და მიეცით უფლება, განიცადოს ის. 

გამოდის, თუ ახალი წელი არ გიყვართ, სულაც არ გჭირდებათ ბედნიერად თავის მოჩვენება, გააკეთეთ ის, რაც თავად მოგანიჭებთ სიამოვნებას, მანამდე კი ზემოთ მოცემული რჩევები არ დაივიწყოთ.

სუხიშვილების აფიშების ქრონიკა საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია

ახალი საბაკალავრო პროგრამა ალტე უნივერსიტეტში: „ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა“