სომელიე ენტონი ჯიგლიო ყოველწლიურად უამრავ პრეზენტაციას მართავს და როგორც თავად აღნიშნავს, კარიერის საწყის ეტაპზე საკმაოდ უჭირდა დიდი აუდიტორიის წინაშე საუბარი. დროთა განმავლობაში კი საჭირო ტექნიკები გამოიმუშავა, რაც დადებითად აისახა საზოგადოების ჩართულობაზეც. ამიტომაც, სტატიაში მის რჩევებს გაგიზიარებთ, რათა ნებისმიერი სახის პრეზენტაცია კარგად ჩაატაროთ.
პირველ რიგში, გაითვალისწინეთ სიტყვიერი და ვიზუალური კომპონენტების ბალანსი. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამული უზრუნველყოფის სისტემები, როგორებიცაა Figma და Canva, შესანიშნავ ვიზუალებს ქმნის, აუცილებლად უნდა იზრუნოთ ნარატიულ ნაწილზეც. გარდა კარგი დიზაინისა, სლაიდებზე საინტერესოდ უნდა გადაანაწილოთ საჭირო ტექსტები.
გარდა ამისა, „ვარჯიში, ვარჯიში, ვარჯიში“, — ეს ენტონის მთავარი გასაღებია. შესაძლოა, არასასიამოვნო იყოს პრეზენტაციის ხშირი გამეორება, მაგრამ მსგავსი მიდგომა ნამდვილად დაგეხმარებათ. „სატელევიზიო შოუს წამყვანის როლს ვირგებდი… დავდიოდი და ვსაუბრობდი, რითაც საგრძნობლად გავაძლიერე პრეზენტაციის უნარი“.
ბუნებრივია, პრეზენტაციის ყველაზე რთული ნაწილი დასაწყისია, როდესაც აუდიტორია ჯერ კიდევ „არ გენდობათ“. ამ შემთხვევაში მეტრონომის მეთოდი გამოიყენეთ — რამდენიმე წამის განმავლობაში ყველას შეავლეთ თვალი, როგორც კი აქტიურ და დაინტერესებულ წევრს დაინახავთ, ძირითადად მასზე კონცენტრირდით. ასე დიდ მხარდაჭერასაც მიიღებთ და მოტივაციასაც, რათა ყველაფერი იდეალურად გააკეთოთ. უბრალოდ, მთელ დროს მხოლოდ მას ნუ დაუთმობთ.