დიადი საქმეების კეთება შთაგონების პოვნის გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თუმცა შთაგონება შეკვეთით არ მოდის, ის მუზასავითაა, რომელსაც ზოგჯერ ლოდინი სჭირდება. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვისაა მნიშვნელოვანი, ვინც კრეატიულ ინდუსტრიაშია დასაქმებული. დიზაინერები, ქოფირაითერები, არტ დირექტორები და სხვები, გამუდმებით მუშაობენ იდეების გენერირებაზე. მხიარული სარეკლამო რგოლების, ბანერების, სლოგანების უკან შემოქმედებითი გუნდი დგას, რომელსაც ეს ყველაფერი ხშირად საკმაოდ დიდ თავსატეხად უჯდება.
ქართული კრეატიული ინდუსტრიის რამდენიმე წარმომადგენელი თავის რჩევებს გვიზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ პოულობენ შთაგონებას მაშინ, როცა მას თავისით მოსვლა აგვიანდება.
ქეთი ყიფშიძე, სააგენტო Leavingstone-ის სენიორ ქოფირაითერი:
„თუ კარგი იდეა არ ჩანს და დედლაინი ამის საშუალებას იძლევა, ცოტა ხანი ფიქრს ვწყვეტ ხოლმე. ხშირად ამით გონება ტყუვდება, გაუცნობიერებლად მაინც აგრძელებს მუშაობას და დილით გამომცხვარი იდეაც შეიძლება დაგვახვედროს.
ზოგადად, კარგად მუშაობს ბევრი ახალი რეფერენსის ნახვა და საყვარელი მუსიკის, ფილმების, კამპანიების გადამეორება. ახალი დავალება გაქვს, ძველ საყვარელ რაღაცებს განსხვავებულ ლინზაში ატარებ და ინსპირაციაც მოდის.
კიდევ ერთი კარგი ხერხია ჩანაწერების გაკეთება. უცებ, თუ რამე მაფიქრდება, ან უბრალოდ ყურმოკრული ფრაზა ,,ჰმმს’’ მათქმევინებს, ვიწერ. შთაგონება რომ გაჯიუტდება, ამ ჩანაწერებს ვუყურებ და ახალი კავშირებიც იბმება ხოლმე.
ჩემთვის ინსპირაცია შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს: წინ გაკრული პოსტერით დაწყებული, ზოგად საკაცობრიო პრობლემით დამთავრებული. ძირითად შემთხვევებში, მიმდინარე მოვლენებია ხოლმე ის ამოსავალი წერტილი, რაზეც რელევანტური იდეის დაშენებას ვახერხებ”.
მაკო ბერგმანი, Saatchi & Saatchi Tbilisi-ს კრეატიული დირექტორი:
„როდესაც ადამიანი კრეატიულ ინდუსტრიაში მუშაობს, თითქოს მის მიერ სამყაროს აღქმის განსხვავებული მოდელი არსებობს. შენ დადიხარ, აკეთებ ყოველდღიურ საქმეებს, შედიხარ მაღაზიაში სახლისთვის ნივთების შესაძენად ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობ, აკვირდები გარემოს და ამ დროს შენი ტვინი ან, გნებავთ, ქვეცნობიერი, ღრუბელივით ისრუტავს ყველაფერს. შემდეგ კი, როცა რაიმე კრეატიულ იდეაზე ფიქრობ, თითქოს შენი ტვინის დიდი საწყობიდან სხვადასხვა ამბავი, ტრიგერი ცოცხლდება. შესაძლოა ოდესღაც, ქუჩაში შემთხვევით დანახული ბაბუისა და შვილიშვილის თითქოს ჩვეულებრივი შეხვედრა, თვეების ან იქნებ წლების შემდეგ, რაიმე კრეატიული კამპანიის მთავარ ინსაითად იქცეს. არ ვიცი რამდენად „სწორი” თეორიაა ეს, თუმცა ჩემი შეხედვით ასეა.
კრეატიულ იდეებზე ფიქრს არ უყვარს სიჩქარე, სიმკაცრე და ხელოვნურობა. გენიალური იდეები მაშინ იქმნება, როცა ნაკლები სტრესი და დაძაბულობაა. თუმცა დღევანდელ რეალობაში, როცა ასე აჩქარებულია დრო და ფაქტობრივად კრეატიული ინდუსტრია ბიზნესის განუყოფელი ნაწილია, დედლაინები კრიტიკულად ნიშვნელოვანია. დამკვეთი ვერ დაგელოდება, როდის მოგივა მუზა ან განწყობა. სწორედ ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, სწორედ შეზღუდული დროითი რესურსი გიქმნის იმ მოცემულობას, რომ მეტად კრეატიული გახდე, დაძაბო გონება, ინტენსიურად იფიქრო, უმოკლეს დროში იპოვო, ერთი შეხედვით „მარტივი ინსაითები” და შეკრა კარგი იდეა.
ჩემთვის ინსპირაციაა გუნდი, ადამიანები, რომლებიც ქმნიან იმ გარემოს, სადაც ყოველდღიურად ყველაზე დიდ დროს ვატარებ, ვიცნობ, ვაკვირდები, ვუსმენ. ყველა განსხვავებულია, ეს განსხვავებულობა ერთ დიდ ორგანიზმს ქმნის და ამ ორგანიზმის ფუნქციონირებას რომ უყურებ, ინსპირაციაც მანდ ჩნდება”.
თათა ბადუაშვილი, JWT Metro-ს არტ დირექტორი:
„კრეატიულ ინდუსტრიაში, ფიქრი ყოველდღიური, ჩვეული სამუშაო რუტინაა და იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის ტვინი 24/7 ზე გაუჩერებლად ისედაც ფიქრის რეჟიმშია, ზოგჯერ რთულია, რომ ეს გააზრებული თუ გაუაზრებელი ფიქრები გააჩერო ან სამუშაოსკენ მიმართო და მასზე კონცენტრირდე. ამიტომ პირველ რიგში ბრიფში ვეძებთ ისეთ საინტერესო ნიუანსებს, რაც ჩვენს გონებას მთლიანად დაიკავებს და ამ ამოცანის ამოხსნაზე დაგვაფიქრებს. მერე უკვე თემის გარშემო ვეძებთ ინფორმაციას, ინსაიტებს, რეფერენსებს, რომ იქნებ იქ ვიპოვოთ რამე შთამაგონებელი. არტ დირექტორებისთვის არის არაერთი საინტერესო პლატფორმა (pinterest, are.na, Instagram, tiktok, eyecandy…) იმისთვის, რომ ვიზუალური მასალა მივაწოდოთ ჩვენს ტვინს, რაც გვეხმარება რომ წარმოვიდგინოთ იდეის განხორციელება ფორმებში, ფერებში და ზოგადად ვიზუალში.
არსებობს უკვე შემუშავებული, გამოცდილი ტექნიკები, რომლებსაც ვიყენებთ ფიქრის პროცესში ინდივიდუალურადაც და ჯგუფური ბრეინშტორმინგის დროსაც. ზოგს თამაშის ფორმა აქვს, რომ უფრო ხალისით და გაფილტვრის გარეშე შევაგროვოთ იდეები. არის ონლაინ პლატფორმაც (deckofbrilliance.com) რომელიც უკვე გამოცდილ მექანიზმებს გთავაზობს ცნობილი რეკლამების მაგალითზე, თუ როგორ ააგო რეკლამის ან კამპანიის კონცეფცია და სთორითელინგი. თუმცა სააგენტომ და ადამიანმა მაინც თავის თავზე უნდა მოირგოს ინდივიდუალური ტექნიკა, რაც უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის მუშაობას”.
რეზო შელია, კრეატიული დირექტორი:
„ინსპირაციის წყაროდ შესაძლოა იქცეს ნებისმიერი რამ, როგორც გარე, ასევე შიდა სამყაროდან. მთავარია მუდამ იექსპერიმენტო და ეძებო ის მეთოდი, რომელიც კონკრეტულად შენს სამყაროში მუშაობს და ფიქრის პროცესს ააქტიურებს. მთავარი შეკითხვა არის არა ის, თუ როგორ ვიპოვო ინსპირაცია კონკრეტული დავალებისთვის, არამედ, თუ როგორ შევქმნა პირობები, რომელშიც ინსპირაციის პოვნა უფრო ადვილი იქნება, პროცესი, რომელიც იქნება განმეორებადი და ეფექტური.
როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჩარჩოები და შეზღუდვები ხშირად ხელს უწყობს კრეატიულ აზროვნებას. მსგავს ფუნქციას ასრულებს ბრიფი და ვფიქრობ, დედლაინიც ერთ-ერთი ჩარჩოა, რომელიც, სწორად დაწესების შემთხვევაში, ქმნის კრეატიული აზროვნებისთვის ხელსაყრელ გარემოს.
ბრეინსტორმინგისა და იდეების გენერაციის უამრავი მეთოდი არსებობს და ზოგიერთი მათგანი, ხშირად ყველაზე მარტივიც კი, შესაძლოა life changing აღმოჩნდეს. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი ოდესღაც ანდრო დგებუაძემ გვასწავლა და უკვე 8 წელია სამუშაო პროცესში ვიყენებთ – 3-5 ადამიანი, პირობით მაგიდასთან, მკვეთრად და მოკლედ აყალიბებთ ბრეინსტორმინგის დავალებას, რის შემდეგაც 10 წუთში ყველას უნდა ჰქონდეს 10 იდეა: ცუდი, კარგი, სასაცილო – ნებისმიერი. 10 წუთში რიგრიგობით ვყვებით იდეებს და ვინიშნავთ, ვის რა მოგვეწონა. განხილვისას ხშირად აღმოაჩენ, რომ ნებისმიერი მათგანი შესაძლოა იქცეს ინსპირაციად თანამობრეინსტორმინგეთათვის ან უფრო საინტერესო და დახვეწილ კონცეფციად გადაიქცეს სხვის იდეებთან გაერთიანებისას.
ბევრი ასეთი სტანდარტული და უნიკალური, გააზრებული და გაუაზრებელი ხრიკებისგან შედგება დიდი ნაწილი იმისა, რასაც მგონია, რომ ჩვენს საქმეში გამოცდილებას ვეძახით. კარგი იქნება, თუ მუდმივად ვიქნებით ორიენტირებული ახალი გზების ძიებასა და გამოცდაზე და ალბათ, შესაძლოა თავად ეს მიდგომაც ინსპირაციის ძიების ინსტრუმენტად იქცეს“.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი