20
Jul
2018

Re-Fresh: „რაღაც უფრო სწრაფი, ჰიგიენური და ხელმისაწვდომი“- ფორთოხლის ფრეშის აპარატები საჯარო სივრცეებში

20 Jul 2018

Startauperi
Startauperi


წარმოიდგინეთ, რომ შედიხართ მაღაზიაში, ხედავთ აპარატს, რომელსაც 20 წამში შეუძლია თქვენთვის ფორთოხლის ფრეშის მომზადება. ირჩევთ სასურველი მოცულობის ბოთლს/ჭიქას და მაღაზიიდან გაგაქვთ ახლახან დაწურული და ჩამოსხმული ფორთოხლის ფრეში. ეს სერვისი თბილისში, რამდენიმე ადგილას, უკვე ხელმისაწვდომია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ის ბაზარზე სიახლეს წარმოადგენს, ამ ეტაპზე, კომპანია Re-Fresh ვენდინგისა თუ ჰორეკას ტიპის მსგავს აპარატებთან, კონსულტანტებს დაგახვედრებთ.

Re-Fresh სტარტაპია, რომელიც სამმა მეგობარმა – სალომე ინაძემ, სოფო სალდაძემ და სოფია პანაეტოვამ შექმნა და უზრუნველყოფს სხვადასხვა საჯარო სივრცესა თუ მაღაზიას წვენსაწური აპარატებით, რომელიც ესპანურ კომპანია Zummo-ს მიერაა წარმოებულია. გარდა ამისა, სტარტაპი არის ამ კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

Zummo ამ სფეროში გამორჩეულია იმით, რომ განსხვავებული წურვის მექანიზმი – ვერტიკალური სისტემა აქვს. სხვებს აქვთ ე.წ წრიული წურვის მექანიზმი, რომლის დროსაც იჭყლიტება ფორთოხალი და კანის სიმწარე მიყვება წვენს. Zummo-ს შემთხვევაში, ხილის დამუშავებისას შეხება არ ხდება კანთან და 20 წამშია შესაძლებელი დავწუროთ 250 მლ-იანი ჭიქა წვენი. ძალიან სწრაფი და ჰიგიენურია – არ აქვს ადამიანს კონტაქტი ხილთან, წურვის პროცესში“, – გვიყვება სალომე ინაძე.

ამჟამად, „წრეში“ და აღმაშენებლის ხეივანზე, „ნიკორა XL-ში“ ხელმისაწვდომია მხოლოდ ფორთოხლის წვენი. Re-Fresh-ის შემქმნელები გეგმავენ, სხვადასხვა ობიექტის/სივრცის ათვისებასთან ერთად, დაამატონ სხვადასხვა ციტრუსისა და ბროწეულის ფრეში. სალომე ინაძესთან ინტერვიუს გზით, უფრო დეტალურად მოგიყვებით იმ გეგმების შესახებ, რომელიც Re-Fresh-ის შემქმნელებს, ქართულ ბაზარზე აქვთ.

M: რა გამოცდილება გქონდათ ბიზნესის კეთების კუთხით და როგორ შეიქმნა Re-Fresh? 
ევროპაში ყოფნის დროს, ყოველ ნაბიჯზე მხვდებოდა მსგავსი აპარატები და ძალიან მივეჩვიე. მე პირადად, მიყვარს ფრეში და კომფორტულად ვგრძნობდი თავს, რადგან ეს იყო გამაგრილებელი საშუალება ზაფხულში, ზამთარში კი ვიტამინებით მდიდარი წვენი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ეს ძალიან დამაკლდა და მივხვდი, რომ ბაზარზე მსგავსი სტარტაპის დაწყება რაღაც ახალის შემოტანას ნიშნავდა. გადავწყვიტე, რომ ერთ დღეს, ამ ქვეყანაში რაღაც უფრო მარტივი, სწრაფი, ჰიგიენური და ხელმისაწვდომი გამეკეთებინა. აქამდე, სხვადასხვა ბანკში ვმუშაობდი, ელ. კომერციის რისკების მიმართულებით, ჩემი ორი პარტნიორის გამოცდილებაც საბანკო სექტორს უკავშირდება. საწყისი კაპიტალი თვითონ მოვიძიეთ, შემდეგ ეტაპზე კი დაგვეხმარა თიბისი „სტარტაპერი“.

M: რა ეტაპები გაიარეთ RE-Fresh-ის შესაქმნელად და როგორ შეარჩიეთ „ზუმო“ თანამშრომლობისთვის?
ძალიან დიდი კვლევა გავაკეთეთ. 6 თვე მხოლოდ მიმოწერაში და იმის გარკვევაში ვიყავით, თუ რომელი აპარატი იყო ჩვენი მოთხოვნის შესაბამისი. მოთხოვნა კი იყო გამორჩეულობა და ხარისხი. მსოფლიოში, 4-5 წამყვანი კომპანიაა, „ზუმოს“ კი მათგან ვერტიკალური წურვის სისტემა გამოარჩევს, რომელიც მხოლოდ მისი ტექნოლოგიაა. მათთან თანამშრომლობის დასაწყებად ესპანეთში ჩავედით, სადაც ვისაუბრეთ ჩვენი ბაზრის შესახებ და საქართველოში საკმაოდ დიდი პოტენციალი დაინახეს. ამიტომ, შემოგვთავაზეს ვყოფილიყავით მათი ოფიციალური წარმომადგენლები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სასომხეთსა და აზერბაიჯანშიც.

M: როგორია მოთხოვნის მაჩვენებელი თვენს პროდუქტზე და როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ?
თუნდაც, მხოლოდ „ნიკორას“ მონაცემების მიხედვით, მომხმარებლის დაინტერესება და მოთხოვნა დიდია. ეს გვაძლევს საფუძველს გვინდოდეს, რაც შეიძლება მეტ ქსელურ ადგილას ვიყოთ წარმოდგენილი, მათ შორის, სასტუმეოებშიც. ფასს რაც შეეხება, Re-Fresh-ის წვენი 4-დან 11 ლარამდე ღირს, გააჩნია ფრეშის რაოდენობას.

M: როგორია Re-Fresh-ის განვითარების ხედვა?
ჩვენი გეგმები, საწყის ეტაპზე, გაფართოებას უკავშირდება. ორი დიდი ვენდინგი და 5 ჰორეკას ტიპის აპარატი გზაშია და უკვე დღე-დღეზე ველოდებით. მათი ნაწილი განთავსდება „ნიკორას“ ქსელში, რაც უკვე შეთანხმებულია. ასევე, სხვადასხვა ქსელურ მაღაზიასთან გვაქვს მოლაპარაკება. გვინდა აპარატები დავდგათ კორპორატიულ კაფეტერიებში, სასტუმროებში, ხალხმრავალ ადგილებში, მაგალითად, მოლებში, აეროპორტში და ა.შ. გარდა ამისა, სამომავლოდ, ვფიქრობთ ფორთოხლის გარდა, სხვა ფრეშების შეთავაზებასაც.

განხილვა