წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერს აკეთებთ კარიერული წინსვლისთვის, მიუყვებით კიბეს, ადიხართ მწვერვალზე და იქ… არ გხვდებათ ის, რასაც ელოდით. ან კიდევ უარესი – იმედგაცრუებას განიცდით. ეს საკმაოდ გავრცელებული მომენტია და ძირითადად იმიტომ ხდება, რომ ჩვენი მოლოდინები ხშირად რეალობას არ ემთხვევა. ჩვენ ველით, რომ ფინიშის ხაზი ყველა პრობლემას მოაგვარებს, თუმცა რეალობა სხვაგვარია.
მიზნები გზის მაჩვენებელი უნდა იყოს – ისინი გვაჩვენებენ, რამდენად გავიზარდეთ და რისი მიღწევა შეგვიძლია, თუმცა ისინი თავისთავად საბოლოო დანიშნულების წერტილს არ წარმოადგენენ. ფსიქოლოგები და ფილოსოფოსები წლების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ ბედნიერება საქმის კეთების თანმდევი შედეგია და არა საბოლოო გაჩერება. თუმცა, ადამიანებს ეს ხშირად ავიწყდებათ მყისიერი სიამოვნების სურვილის გამო. ფილოსოფოსი ალან უოტსი წერდა, რომ ტვინი მუდმივად ბედნიერების ძიებაშია, თუმცა რადგან ის უფრო მეტად მომავალზე ზრუნავს, ვიდრე აწმყოსაგან, ბედნიერებას აღიქვამს როგორც გარანტიას მომავალი სიამოვნებისთვის და არა როგორც მიმდინარე მომენტს.
მიზნები არასდროს მთავრდება, რადგან ადამიანის გონება ადაპტაციისთვისაა მოწყობილი. დღევანდელი მიღწევა ხვალ უკვე ჩვეულებრივი ამბავი ხდება და ტვინი ახალ საზრუნავს პოულობს. ფსიქოლოგიაში ამას „ჰედონისტურ სარბენ ბილიკს“ (Hedonic Treadmill) უწოდებენ. ადამიანს ჰგონია, რომ მეტი ფული, დიდი სახლი ან დაწინაურება მას ბედნიერს გახდის. როცა ამას იღებს, თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მალევე ტვინი ახალ სამიზნეს ირჩევს და ისევ ჩნდება უცნაური სიცარიელის განცდა. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს რაიმე სჭირს – ეს უბრალოდ ბიოლოგიაა. ყველაზე წარმატებული ადამიანებიც კი ხშირად ებმებიან ე.წ. „მიღწევის/ჩამოსვლის მახეში“ (Arrival Trap).
ადამიანი „დევნისთვის“ არის დაპროგრამებული და არა ფლობისთვის. სიამოვნებას პროცესი, მოქმედება და „თითქმის მიზანთან ყოფნა“ გვანიჭებს. როგორც კი სასურველს ვიღებთ, ინტერესი ქრება. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ვცდილობთ რიცხვებით, ტიტულებით ან კონკრეტული გამოცდილებით შევცვალოთ ჩვენი ბიოლოგიური მოწყობა, რაც შეუძლებელია. ამის გააზრება კი საკუთარი თავის დადანაშაულებისგან გათავისუფლების საუკეთესო გზაა.
რა არის გამოსავალი?
გამოსავალი ყოველდღიურობაში აზრისა და სიხარულის პოვნაშია. როგორც ფილოსოფოსი რობერტ პირსიგი აღნიშნავდა, სიცოცხლეს მთის ფერდობები ასაზრდოებს და არა მისი მწვერვალი. ცხოვრების აზრი არასდროს ყოფილა ბედნიერების მიზნებთან მიბმა ან სადღაც „მისვლა“. ადამიანი უკვე მთაზეა, ამიტომ სჯობს, ის იპოვოს, რაც მას აცოცხლებს. მნიშვნელოვანია არა ერთჯერადი მიღწევები, არამედ გამოცდილებაში აზრის ჩადება და მცირე გამარჯვებებით ტკბობა.
სიხარული კეთების პროცესში უნდა ვიპოვოთ და არა გეგმების მონიშვნაში. დასრულება ყოველთვის არ ნიშნავს სისავსეს. როდესაც ადამიანი სწავლობს „აღმასვლით“ ტკბობას, მარცხიც კი პროგრესად აღიქმება, რადგან ის სიბრძნეს მატებს. სჯობს ისეთი პროექტების დაწყება, რომლებიც პიროვნულ ზრდას უწყობს ხელს, შედეგზე მიჯაჭვულობის გარეშე. მაჰათმა განდიც ამბობდა, რომ თავად გზაა მიზანი.
ფოკუსი ფლობიდან კეთებაზე უნდა გადავიდეს. პროექტის პატარა ნაწილის დასრულება ან კოლეგის დახმარება შექების მოლოდინის გარეშე – ეს ის „მიკრო-გამარჯვებებია“, რომლებიც ბედნიერებას განაპირობებს. ის გრძნობა, რომელსაც ადამიანი ფინიშთან ელოდება, სინამდვილეში დასასრული არ არის. სიცარიელე შესაძლოა ისევ დაბრუნდეს და ეს ნორმალურია. ამის მიღება კი შიშს აქრობს.
ისიამოვნეთ პროცესით
მიზნები მიმართულებას გვაძლევს, მაგრამ ტრანსფორმაციას სწორედ პროცესი ახდენს. მიზნის მიღწევა ეგზისტენციალურ სიცარიელეს ვერ ამოავსებს. ბედნიერება არ არის ადგილი, სადაც მივდივართ; ეს არის ყურადღების ხარისხი გზის გაკვალვისას – ფოკუსი სამუშაოზე, კავშირი გუნდთან და მცირე გაუმჯობესებები.
რა თქმა უნდა, მიზნები აუცილებელია, მაგრამ ფინიშის ხაზი ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ეპიზოდია. მთავარია ზრდა და განვითარება. რეალური სამუშაო მწვერვალზე ასვლა კი არა, ცოცვის პროცესის შეყვარებაა. საბოლოო ჯამში, პრიზი არასდროს ყოფილა მთავარი – მთავარი ის პიროვნებაა, რომლადაც გზის გაკვალვისას ჩამოყალიბდით. ამიტომ, თუ რაიმეს მიღწევის შემდეგ უცნაურ სიცარიელეს იგრძნობთ, ეს უმადურების ნიშანი კი არა, იმის დასტურია, რომ ადამიანი ხართ.
წყარო: Fastcompany











