20
Sep
2019

თუკი გსურთ, კარგი ლიდერი იყოთ, იკითხეთ პოეზია

20 Sep 2019

პოემებისა და ლექსების კითხვას ერთი თავისებურება აქვს – მასში თითოეული სიტყვა განსაკუთრებულ როლს თამაშობს. მათი კითხვისას აუცილებელია, გონება დავძაბოთ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებზე ვკონცენტრირდეთ, დავაკვირდეთ ფორმას, სტრუქტურას. მსგავსი ტიპის შემოქმედება გვეხმარება, ჩვენი ემოციები განსხვავებულ მხარეს მივმართოთ და ახალ-ახალი პერსპექტივები დავინახოთ, ვიგრძნოთ ის, რაც აქამდე არასდროს გვიგრძვნია. კლარა მორგანი თავის წიგნში “რა მოაქვს პოეზიას ბიზნესისთვის” ამბობს, რომ პოეზია მრავალმხრივი და ამოუწურავია, შეგიძლია, უამრავი პერსპექტივიდან დაინახო ის, უამრავი გადაწყვეტა მოუფიქრო ამა თუ იმ დეტალს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

და სწორედ იმიტომ, რომ პოეზია საკმაოდ დიდ კონცენტრაციასა და დაკვირვებას საჭიროებს, მისი კითხვა ბიზნესმენებსა და ლიდერებს მნიშვნელოვნად ეხმარებათ.

პოეზია გეხმარებათ, გაიუმჯობესოთ პრობლემის გადაწყვეტის უნარები

პოეზიის ხშირი კითხვა ავითარებს სიტუაციის მრავალი კუთხით დანახვის უნარს. მაშინ, როდესაც კომპლექსურ პრობლემასთან გიწევთ შეჭიდება, საჭიროა მისი გადაწყვეტის რამდენიმე ხერხი მოიფიქროთ, რათა ბოლოს საუკეთესო ვარიანტი ამოარჩიოთ. როგორ ხდება ეს? ლექსის წაკითხვისას თქვენ მის მნიშვნელობაზე ფიქრობთ, თქვენს გონებაში სახავთ წანაკითხ სამყაროს და ამბავს განვითარებას უძებნით. ყველაფერი ეს კი გიწყობთ ხელს, წარმოსახვის უნარი გაიუმჯობესოთ და სხვადასხვა ამბავს სხვადასხვა გადაწყვეტა უპოვოთ. როდესაც თქვენ ხართ ლიდერი, სწორედ ამ შემთხვევის წინაშე აღმოჩნდებით ხოლმე – გიწევთ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება. გიწევთ კომპლექსურ საკითხებზე მუშაობა, რაც აუცილებლად მოითხოვს წარმოსახვას. Harvard Business Review-ს ერთ-ერთ სტატიაში ჯონ კოლმენი ამბობს, რომ პოეზია გვასწავლის, თუ როგორ და რა გზებით გავამარტივოთ სირთულე. “მე ვეუბნებოდი ჩემს სენიორ თანამშრომლებს, რომ მენეჯერებად პოეტები აეყვანათ. პოეტები დიდი მოაზროვნეები არიან. ისინი აკვირდებიან ჩვენს კომპლექსურ გარემოს და ცდილობენ, ეს კომპლექსურობა დათრგუნონ – გაამარტივონ.”

პოეზია თქვენს შემოქმედებითობას ავითარებს

ის, რაც ერთ დროს კორპორაციებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო – ფასი, ხარისხი და ცოდნა, ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა. დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად შემოქმედებითობა გვევლინება. ბიზნეს სექტორში მომუშავე ადამიანები სტრატეგები არიან – ისინი ცდილობენ, შემოიკრიბონ შემოქმედებითი ხალხი იმისთვის, რომ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებამდე მივიდნენ. პოეზიის რეგულარული მკითხველები ის ადამიანები არიან, რომლებიც აკვირდებიან იმას, თუ “როგორ მუშაობს პოემა”, რის შედეგადაც ვითარდება ინტუიციური შეგრძნებები. ინტუიცია კი შემოქმედებითობის პირველი მასაზრდოებელია.

სამყარო ნელ-ნელა გამოდის იმ ფაზიდან, როცა ადამიანები გადაწყვეტილებების მიღებისას ჩარჩოებში სხდებოდნენ და სტერეოპტიპულად უყურებდნენ ამა თუ იმ საკითხს. კრეატიულობა ის მოთხოვნადი უნარია, რომელიც დღევანდელ მსოფლიოს ნებისმიერ საქმიანობაში სჭირდება, მათ შორის – ბიზნესში. არავის შეუძლია თქვას, თუ საიდან მოდის კრეატიული იდეები, მაგრამ შეგვიძლია, წინასწარ მოვემზადოთ ინსპირაციის მისაღებად, რასაც პოეზიის ხშირი კითხვა უწყობს ხელს.

პოეზია გაძლევთ შესაძლებლობას, იყოთ ემპათიურები

პოეზიის კითხვისას ავტომატურად გადადიხართ ავტორისა და მასში არსებული გმირების თანაგრძნობაზე. მომენტალურად მათი ცხოვრებით იწყებთ ცხოვრებას და მათი გადმოსახედიდან უყურებთ ამა თუ იმ საკითხს. დღესდღეობით, რასაც თანამშრომლები ლიდერებისგან აქტიურად ითხოვენ, სწორედ თანაგრძნობაა. ხშირად ხდება ისე, რომ ლიდერისა და თანამშრომლის ინტერესები ერთმანეთს კვეთს და საკამათო სიტუაცია იბადება. ასეთ დროს ლიდერებიც და გუნდის წევრებიც ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. ემპათიურობა კი გვეხმარება, მათი პერსპექტივიდან დავინახოთ ესა თუ ის საკითხი.

ასევე, ლიდერებს ხშირად უწევთ თავიანთი კომპანიის მომხმარებლების გადმოსახედიდან ყურება. ისინი ხომ სწორედ მომხმარებლებისთვის ქმნიან ამა თუ იმ პროდუქტს. მკითხველსა და ავტორს შორის დამოკიდებულება კი ერთგვარად შეგვიძლია შევადაროთ მყიდველსა და გამყიდველს შორის ურთიერთობას. ემპათია ორივე შემთხვევაში ერთნაირად მოქმედებს და სწორედ ამიტომაა, რომ ლიდერებზე პოეზიის კითხვა საკმაოდ დადებითად იმოქმედებს.

წყარო: Medium



განხილვა