ციფრულ ეპოქაში, სადაც ინფორმაციის დამუშავების სისწრაფეს დიდი მნიშვნელობა აქვს, ტექსტი კომუნიკაციის მთავარ იარაღად რჩება. თუმცა, ხშირად ეს ყველაზე გავრცელებული ფორმატი ბევრისთვის არა შესაძლებლობად, არამედ გადაულახავ ბარიერად იქცევა. ჩვენ ხშირად ვაბრალებთ კონცენტრაციის ნაკლებობას, დროის უქონლობას ან გადაღლას, მაგრამ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რომ მიზეზი შესაძლოა გაცილებით სიღრმისეული იყოს. სტატისტიკურად, მსოფლიო მოსახლეობის 10-15%-ს დისლექსია აქვს, საქართველოში კი ამ „უხილავი სირთულის“ შესახებ ცნობიერება კრიტიკულად დაბალია. უამრავ ადამიანს, მოსწავლეებიდან დაწყებული დაკავებული პროფესიონალებით დამთავრებული, ყოველდღიურად უწევს უხილავ წინააღმდეგობასთან გამკლავება ისე, რომ გამოსავალს ვერ ხედავს.
სწორედ ამ სისტემური პრობლემის საპასუხოდ გაერთიანდა ტექნოლოგიებისა და ფსიქოლოგიის ექსპერტებისგან შემდგარი გუნდი. ასე გაჩნდა Readya – ქართული პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე ხმოვანი და ვიზუალური ფორმატების სინთეზზე მუშაობს. ის ტექსტს ბარიერიდან მარტივად აღქმად, მოქნილ და ინკლუზიურ გამოცდილებად აქცევს. როგორ იქცა განათლების სფეროში დანახული ყოველდღიური სირთულე მასშტაბურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტად და როგორ აპირებს პროდუქტი შეცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება კითხვის სირთულეების მიმართ? ამ თემებზე მარკეტერი პროექტის იდეის ავტორსა და დამფუძნებელს, რუსა მაჭარაშვილს ესაუბრა.
M: როგორ მიხვედით აზრამდე, რომ ინფორმაციის ტექსტურად მიღება ბევრისთვის ბარიერია და ამას ტექნოლოგიური გადაწყვეტა სჭირდებოდა?
განათლების სფეროში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილების განმავლობაში, ყოველდღიური შეხება მქონდა მოსწავლეებთან, რომლებიც ტექსტის წერილობითი აღქმისას სერიოზულ სირთულეებს აწყდებოდნენ. ეს პირდაპირ აისახებოდა წაკითხულის გაგება-გააზრებაზე და, შესაბამისად, ბავშვების მოტივაციასა და თვითშეფასებაზე. თავდაპირველად ეს ინდივიდუალურ შემთხვევებად აღვიქვი, თუმცა დროთა განმავლობაში დავინახე, რომ პრობლემა სისტემურია. სწორედ ამ პროცესში გავაცნობიერე, რომ სირთულეების მნიშვნელოვანი ნაწილი დისლექსიასა და ზოგადად, კითხვის პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს უკავშირდებოდა. ამან მიბიძგა, უფრო სიღრმისეული კვლევა დამეწყო და დავრწმუნდი, რომ საქმე გვქონდა ფართო მასშტაბის პრობლემასთან, რომელსაც ინოვაციური, ტექნოლოგიური გადაწყვეტა სჭირდებოდა. პარალელურად დავინახე ისიც, რომ საქართველოში დისლექსიაზე ცნობიერება ჯერ კიდევ ძალიან დაბალია. ბევრი ადამიანი ვერც კი აცნობიერებს, რატომ უჭირს კითხვა, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
M: რა აჩვენა ბაზრის კვლევამ, რეალურად რამდენ ადამიანს ეხება საქართველოში დისლექსიისა და კონცენტრაციის პრობლემა?
ბაზრის კვლევამ ძალიან მკაფიო სურათი აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დისლექსიის შესახებ ინფორმაცია მწირია, გლობალური მონაცემებით ამ პრობლემას მოსახლეობის დაახლოებით 10-15% აწყდება. ამას ემატება კიდევ უფრო ფართო აუდიტორია, კერძოდ ადამიანები, რომლებსაც აქვთ კონცენტრაციის სირთულეები ან ყოველდღიურად უწევთ დიდი მოცულობის ინფორმაციის სწრაფად დამუშავება. პრობლემა რეალურად გაცილებით ფართოა და ეხება როგორც მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ისე პროფესიონალებს და ზოგადად ყველას, ვისაც ინფორმაციის ეფექტურად მიღება სჭირდება. სწორედ ამან დაგვანახა, რომ საჭიროება ძალიან მასშტაბურია, მაგრამ ამავდროულად საზოგადოებისგან ნაკლებად აღიარებული.

M: როგორ გადაწყვიტეთ გუნდმა Readya-ს იდეის გარშემო გაერთიანება და რა გამოცდილება გიმაგრებთ ზურგს?
Readya-ს იდეა თავდაპირველად პირადი გამოცდილებიდან გაჩნდა, თუმცა ძალიან სწრაფად იქცა გუნდურ მისიად. გუნდის ფორმირებისას ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გაგვეერთიანებინა როგორც ტექნიკური, ისე განათლებისა და ქცევითი მიმართულების ექსპერტიზა. შედეგად, შეიქმნა მრავალდისციპლინური გუნდი, რომელიც აერთიანებს დეველოპერებს, პროდუქტის სპეციალისტებსა და კლინიკურ ფსიქოლოგს. ჩვენ ერთი მთავარი მისია გვამოძრავებს, რომ შევქმნათ რეალური, პრაქტიკული გადაწყვეტა, რომელიც ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში დაეხმარება. ამასთან, გვინდა ვაქციოთ Readya არა მხოლოდ პროდუქტად, არამედ მოძრაობად, რომელიც შეცვლის დამოკიდებულებას კითხვის სირთულეების მიმართ.
M: რატომ არის ხმოვანი და ვიზუალური ფორმატების ერთდროული სინთეზი გადამწყვეტი ინფორმაციის აღქმის გასამარტივებლად?
ტრადიციული კითხვის პროცესში ადამიანი მთლიანად დამოკიდებულია ვიზუალურ აღქმაზე. ეს ბევრისთვის, განსაკუთრებით კი დისლექსიის ან კონცენტრაციის სირთულეების შემთხვევაში, დამატებით კოგნიტურ დატვირთვას ქმნის. ხმოვანი და ვიზუალური ფორმატების ერთდროული გამოყენება კი ამ პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს. როდესაც მომხმარებელი უსმენს ტექსტს და პარალელურად თვალს ადევნებს მის მიმდინარეობას, ინფორმაციის აღქმა უფრო ბუნებრივი და ნაკლებად დამღლელი ხდება. ეს მიდგომა აუმჯობესებს კონცენტრაციას, ზრდის გააზრების ხარისხს და ამცირებს სტრესს, რის გამოც სინქრონიზებული ანუ მარკირებული კითხვა Readya-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა.
M: ტექნიკურად როგორ მოახერხეთ ქართული ენის ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრაცია და ბუნებრივი ხმოვანი ფორმატის მიღება?
ქართული ენა „დაბალრესურსიან“ ენებს მიეკუთვნება, რაც ნიშნავს, რომ მასზე გაცილებით ნაკლები ტექნოლოგიური გადაწყვეტაა ხელმისაწვდომი. ამ გამოწვევის დასაძლევად, ჩვენ მოვახდინეთ ხელოვნური ინტელექტის მოდელების ადაპტაცია და სპეციალურად ქართულ ენაზე ოპტიმიზაცია. პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ტექსტის სწორ დამუშავებას, ბუნებრივ ინტონაციასა და მოსასმენად კომფორტული გამოცდილების შექმნას. ყოველივე ეს მოიცავდა როგორც რთულ ტექნიკურ განვითარებას, ასევე აქტიურ ტესტირებას რეალურ მომხმარებლებთან, რამაც საშუალება მოგვცა, მაქსიმალურად ბუნებრივი აუდიო გამოცდილება მიგვეღო.

M: რეალურ პრაქტიკაში როგორ იყენებენ პლატფორმას თქვენი განსხვავებული სეგმენტები – მოსწავლეები, დისლექსიის მქონე პირები და პროფესიონალები? როგორ ეხმარება Readya დაკავებულ ადამიანებს?
Readya-ს გამოყენების სპეციფიკა მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული, რაც პლატფორმის მოქნილობას უსვამს ხაზს. მაგალითად, მოსწავლეები და სტუდენტები პლატფორმას სასწავლო მასალის უკეთ გასაგებად და გაკვეთილების მოსამზადებლად იყენებენ. მეორე მხრივ, დისლექსიის მქონე პირებისთვის ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ამცირებს კითხვის სირთულეს, ეხმარება ინფორმაციის დამოუკიდებლად მიღებაში და უზოგავს მათ დროს, ენერგიას და ძალისხმევას. რაც შეეხებათ პროფესიონალებს და დაკავებულ ადამიანებს, ისინი იყენებენ Readya-ს, რათა ინფორმაცია სწრაფად და ეფექტურად მიიღონ პარალელურ რეჟიმში, მაგალითად მგზავრობისას ან სხვა აქტივობის დროს. საბოლოო ჯამში, Readya ტექსტს აქცევს მოქნილ ფორმატად, რომელიც ზედმიწევნით ადაპტირდება მომხმარებლის ცხოვრების რიტმზე.
M: როგორია Readya-ს სამომავლო გეგმები?
Readya-ს განვითარება ორი ძირითადი მიმართულებით მიდის, რაც პროდუქტის გაძლიერებასა და მასშტაბირებას გულისხმობს. პროდუქტის განვითარების კუთხით, მოკლევადიან გეგმებში გვაქვს მობილური აპლიკაციის ჩაშვება და არსებული ფუნქციების გაუმჯობესება, რის შემდეგაც დავამატებთ AI-ზე დაფუძნებულ ტექსტის შეჯამებასა და აუდიოწიგნების ინტეგრაციას. გეოგრაფიული გაფართოების თვალსაზრისით კი ჩვენი სტრატეგიული მიზანია, სრულად ავითვისოთ ქართული ბაზარი, რის შემდეგაც გავფართოვდებით მეზობელ რეგიონებში, კერძოდ სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და სხვა იმ ქვეყნებში, სადაც დაბალრესურსიანი ენების ანალოგიური პრობლემები არსებობს.
ამასთან, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია დისლექსიის შესახებ ცნობიერების ამაღლება, რისთვისაც ვგეგმავთ ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას ფსიქოლოგების, მშობლების, განათლების სფეროს წარმომადგენლებისა და თავად დისლექსიის მქონე ადამიანების ჩართულობით. ამ პროცესში დიდი როლი ექნება უკვე არსებულ მშობელთა კომუნას, რომელთაც აქვთ მზაობა, გახდნენ კამპანიის ნაწილი. ჩვენ აქტიურად გამოვიყენებთ საკუთარ მედია პლატფორმას და YouTube არხს TP Talks • თვითფლობა, რომელიც იქცევა ღია, რეალური საუბრების სივრცედ და სადაც შეიქმნება საინფორმაციო-მოტივაციური ვიდეორგოლების სერია გამოცდილების გასაზიარებლად. გრძელვადიან პერსპექტივაში, გვსურს Readya გახდეს მრავალენოვანი, ხელმისაწვდომი კითხვის პლატფორმა და შექმნას ინკლუზიური გარემო, სადაც ცოდნაზე წვდომა ყველასთვის თანაბარი იქნება. ჩვენი მთავარი მიზანია, შევცვალოთ საზოგადოების დამოკიდებულება კითხვის სირთულეების მიმართ.













