in

ნინი მარიამიძე და ქეთი ადეიშვილი – დეველოპერული სექტორის კონსულტანტები გამორჩეული გამოცდილებით

უძრავი ქონების ბაზარი მუდმივად განიცდის აღმავლობასა და ვარდნას, შესაბამისად, დეველოპერულ სექტორში მიმდინარე ცვლილებებზე კომპანიების მხრიდან დროული და საპასუხო რეაქციები წარმატებული საქმიანობის ერთადერთი წინაპირობაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უძრავი ქონების მიმართულებით საკონსულტაციო მომსახურება, რომლის მიმართ ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივი ინტერესი იმატებს.

დეველოპერულ სფეროში მრავალწლიანი უწყვეტი გამოცდილების მქონე ექსპერტები ნინი მარიამიძე და ქეთი ადეიშვილი უკვე არაერთი წელია საკუთარ ცოდნას უზიარებენ კომპანიებს, რომლებიც პროექტების უფრო ეფექტურად განვითარებას და რეალიზაციას ცდილობენ.

„ჩვენს, უკვე როგორც უძრავი ქონების კონსულტანტების, პორტფელში არის სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი პროექტები. გვაქვს გამოცდილება როგორც ეკონომ, ისე პრემიუმ კლასის პროექტებზე. გარდა საცხოვრებელი კომპლექსებისა, მიწის ნაკვეთების განვითარებაზეც გვიმუშავია. ამ ეტაპზე ჩვენი ჩართულობით უკვე 6 პროექტი არის გაყიდვაში ჩაშვებული“, – გვიამბეს ნინი მარიამიძემ და ქეთი ადეიშვილმა.

ქეთიმ და ნინიმ ერთმანეთი, 8 წლის წინ, ქინგ დევიდში გაიცნეს და მას შემდეგ, ერთად უწყვეტად მუშაობენ, გაყიდვებისა და მარკეტინგის მართვის კუთხით. „ქინგ დევიდის“ შემდეგ, იყო „ანაგი დეველოპმენტი“ და Pillar Park. პანდემიის დროს, საკუთარი მრავალწლიანი და საინტერესო გამოცდილების სხვებისთვის გაზიარების სურვილი გაუჩნდათ. ასე გაჩნდა მათი საავტორო უძრავი ქონების გაყიდვების და მარკეტინგის კურსი. მოგვიანებით კი, დაემატა სტრატეგიული საკონსულტაციო მომსახურება დეველოპერული კომპანიებისთვის, რომელიც მოიცავს ბაზრის კვლევას, სამიზნე სეგმენტის განსაზღვრას, პროექტის არქიტექტორული დავალების მომზადებას, შეთავაზების ფორმირებას, გაყიდვების პოლიტიკის და მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრას, რეკრუტინგსა და ადამიანური რესურსის კორპორაციულ ტრენინგს. უნდა აღინიშნოს, რომ ქეთი და ნინი დეველოპერებს უშუალოდ გაყიდვების პროცესის მართვასა და აღსრულებაშიც ეხმარებიან.

მარკეტერთან ინტერვიუში ნინი მარიამიძემ და ქეთი ადეიშვილმა თავიანთი გამოცდილება და სერვისები გაგვაცნეს და გაგვიზიარეს ინფორმაცია უძრავი დეველოპერულ ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებზე, გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე.

M:  თქვენი პორტფოლიო პროექტების მრავალფეროვან სპექტრს აერთიანებს. რა სახის პროექტებზე გიმუშავიათ და როგორ ვითარდებოდა თქვენი საქმიანობა უძრავი ქონების სფეროში?

ნინი: მთლიანობაში, ჩემი გამოცდილება 20 წელს მოიცავს. დეველოპმენტში მეოთხე კურსიდან დავიწყე მუშაობა კომპანია „არსში“. გამიმართლა იმ მხრივ, რომ ამ სფეროში საქართველოში დეველოპმენტის ბუმის დასაწყისში მოვხვდი. სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი 12-მდე მიმდინარე პროექტი გვქონდა. იქ რვა წლის განმავლობაში გამოვიზარდე. შემდეგ იყო „ამერი დეველოპმენტი“, „ქინგ დევიდი“, „ანაგი დეველოპმენტი“ და Pillar Park.

ქეთი: პროფესიული საქმიანობა „დირსიში“ დავიწყე, შემდეგ იყო „ქინგ დევიდი“, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებდა, მათ შორის A კლასის ბიზნესცენტრსა და საერთო სამუშაო სივრცეს. შემდეგ იყო „ანაგი დეველოპმენტი“ და Pillar Park.

M: როგორ დაიწყეთ ერთობლივი საკონსულტაციო და სატრენინგო მიმართულება?

ნინი: იდეა პანდემიის დროს გაგვიჩნდა, როცა შევაფასეთ ჩვენს მიერ დაგროვილი საინტერესო და მრავალმხრივი გამოცდილება და მივხვდით რომ მზად ვიყავით ამ გამოცდილების გასაზიარებლად. ჩვენი უპირატესობა სწორედ დეველოპმენტის სფეროში უწყვეტი და მრავალწლიანი გამოცდილებაა, რომელიც ბევრ საინტერესო ქეისს მოიცავს. ამ ეტაპზე, უძრავი ქონების გაყიდვების და მარკეტინგის კურსის 16 ნაკადი ჩავატარეთ.

ქეთი: კონსალტინგის მხრივ, ჩვენი მომსახურება საინტერესოა როგორც პროექტის საწყის ეტაპზე, ასევე გაყიდვების მიმდინარეობისას. საწყის ეტაპზე, კომპანიას ვეხმარებით პროექტის მიზნობრივი სეგმენტის მოთხოვნებზე სწორად მორგებაში, გაყიდვების და მარკეტინგის სტრატეგიის განსაზღვრაში და გაყიდვების გუნდის როგორც დაკომპლექტებაში, ასევე დატრენინგებაში. იმ შემთხვევაში თუ კომპანია გაყიდვების დაწყების შემდეგ გვიკავშირდება, ვახდენთ სიტუაციურ ანალიზს, რის შემდეგაც სტრატეგიული რეკომენდაციებს გავწერთ და დასახული მიზნების მიღწევაში ვეხმარებით.

M: თქვენი მომსახურება გაყიდვების პროცესში ჩართვასაც გულისხმობს. როგორ ეხმარებით კომპანიებს ამ კუთხით?

ნინი: დიახ, ახალი კომპონენტი დავამატეთ – გაყიდვების ნაწილი. თუ, ადრე, კომპანიასთან ურთიერთობას მას შემდეგ ვწყვეტდით, რაც სტრატეგიულ ნაწილს განვსაზღვრავდით და გადავაბარებდით, ახლა, მზად ვართ, რომ ჩვენი გუნდი აღსრულების ნაწილშიც ჩავრთოთ. დღეს, ბაზარზე მიმდინარე სიტუაციიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯების გადადგმა. შესაბამისად, მზად ვართ გარკვეულ პროექტებში გაყიდვების პროცესის მართვაშიც ჩავერთოთ.

ქეთი: დღეს, მწვავე კონკურენციის პირობებში, უფრო და უფრო რთულია მომხმარებელთა ინტერესების დაკმაყოფილება, მათი შენარჩუნება და ახალი მომხმარებლების მოპოვება. კომპანიებმა უნდა შეძლონ ორიგინალურ, ინფორმაციულ და მიმზიდველ კომუნიკაციასთან ერთად მომხმარებელთა დარწმუნება მათთვის ფასეული პროდუქტის ვარგისიანობაში. ზუსტად ამ ნაწილში ვხედავთ ჩვენი ჩართულობის საჭიროებას.

M: რატომ მიმართავენ კომპანიები გარე კონსულტანტებს და რა საჭიროებებს ხედავთ ამ მხრივ?

ნინი: ხშირად ხდება, რომ გაყიდვები ისე არ მიდის, როგორც კომპანიას სურს. მოგვიანებით ხვდებიან, რომ სადღაც რაღაც არასწორად გააკეთეს და აქ დგება კონსულტანტების ჩართვის საჭიროება. კონსალტინგის კუთხით, უკვე ექვს კომპანიას მოვემსახურეთ. მათ შორის, ძირითადად, პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი მასშტაბური პროექტებია.

დღეს, იმდენად გაიზარდა დეველოპერული სექტორი, რომ კვალიფიციური ადამიანური რესურსის დეფიციტია. როდესაც კომპანიებში კორპორაციულ ტრენინგებს ვატარებთ, ვხედავთ რომ დასაქმებულ ადამიანებს ძალიან მცირე ან ზოგჯერ საერთოდ არ აქვთ გამოცდილება. მე და ქეთის ხშირად მოგვმართავენ დეველოპერები რეკომენდაციისთვის, რადგან ამ ეტაპისთვის უკვე 150-ზე მეტი ადამიანი გადავამზადეთ.

M: რა არის თქვენი მთავარი უპირატესობა, როგორც კონსულტანტების და რა გამოგარჩევთ სხვებისგან?

ნინი: ჩვენი მთავარი უპირატესობა უნიკალური და უწყვეტი გამოცდილებაა, რომელიც სხვადასხვა მასშტაბის თუ კონცეფციის პროეტის მართვას უკავშირდება. ტრენინგები საშუალებას გვაძლევს მუდმივად ბაზრის პულსზე გვედოს ხელი. რადგან ჩვენი შეხვედრების მსვლელობისას განვიხილავთ როგორც ჩვენს მიმდინარე, ასევე სტუდენტების პირად ქეისებსაც და ხშირად ვეხმარებით მათ რეკომენდაციებით.

M: როგორ ხედავთ საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის განვითარების პერსპექტივას უახლოეს მომავალში?

ქეთი: ყველა კომპანიის საბოლოო მიზანი ხომ პროდუქტის მომგებიანი გაყიდვა და ბიზნესის წარმატების უზრუნველყოფაა. მზარდი მოთხოვნის და მწვავე კონკურენციის პირობებში, მარტო იმ კომპანიებს აქვთ შანსი, რომლებიც სწორად განსაზღვრავენ სამიზნე სეგმენტებს და ზუსტად აიდენტიფიცირებენ თავისი მომხმარებლების საჭიროებებს და სურვილებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, რადგან ბევრი დეველოპერული კომპანია ერთსა და იმავე სამომხმარებლო სეგმენტზე ცდილობს ერთიდაიმავე პროდუქტით მუშაობას. საჭიროა მეტი დივერსიფიკაცია და ახალი სამომხმარებლო ნიშების ათვისება.

საქართველოს ბანკსა და „Bene Group“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Radisson RED Tbilisi წარმოგიდგენთ ახალ სივრცეს – Steakhouse #1