ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა სირთულე წარსულში დარჩა და საინფორმაციო ველი, ნებისმიერი სახის შეზღუდვისგან გათავისუფლდა. მეტიც, თანამედროვე სამყაროში, ადამიანები, სატელევიზიო მაუწყებლობისა და ინტერნეტის დანერგვის შემდეგ, ჭარბ და ინტენსიურ ინფორმაციულ ნაკადს, ყოველდღიურად, ხშირად გაუცნობიერებლად იღებენ. ასეთ პირობებში, ყალბი ახალი ამბების (Fake News) გავრცელება, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ერთ-ერთ მთავარ იარაღად იქცა. ფაქტებით მანიპულაცია, ნახევრადნამდვილი ამბავი, მტკიცებულებად წარმოდგენილი ფოტო ან ვიდეომონტაჟი და სხვა მრავალი მეთოდი არსებობს იმისთვის, რომ ყალბი ამბავი რეალურს დაემსგავსოს და ადამიანებმა მარტივად დაიჯერონ.
დეზინფორმაციის მსხვერპლი, შესაძლოა, თითოეული ჩვენგანი გახდეს და შემდეგ, თავად იქცეს არაზუსტი ინფორმაციის გამავრცელებლად. ამდენად, ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა, არა მხოლოდ ინდივიდუალურ ამოცანას, არამედ საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მისი სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია, არსებობს კონკრეტული მეთოდები, რომელთა გამოყენებაც დეზინფორმაციისგან გვიცავს.
მედიის მკვლევარი თათია კობიძე გვიყვება, თუ როგორ გავარჩიოთ ყალბი ამბავი ნამდვილისგან:
M: რა უნივერსალური ნიშნები ახასიათებს ყალბ ამბავს?
როგორც წესი, ყალბი ამბავი ერთი დიდი ჯაჭვის ნაწილია, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის კითხვისას საერთო სურათის დანახვა და ისე გააზრება. ყალბი ამბების გავრცელების ძირითადი მოტივი პოლიტიკური მიზნის მიღწევა, საზოგადოებრივი აზრის შეცვლა, კონკრეტული პირის/კომპანიის დისკრედიტაცია ან ფინანსური სარგებელია. ხშირად ყალბ ამბავს რეიტინგის გასაზრდელადაც იყენებენ საინფორმაციო სააგენტოები თუ სოციალური ქსელის გვერდები. მაღალი რეიტინგი რეკლამის მატებას და მეტ შემოსავალს უკავშირდება, ამიტომაც ბევრჯერ გადააწყდებით ინტერნეტში სიახლეებს, სადაც სათაური და შინაარსი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. მანიპულაციური თუ პროვოკაციული სათაურით ცდილობენ მკითხველის ვებ გვერდამდე შეყვანას და მნახველების რაოდენობის გაზრდას. ეს ყალბი ამბის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ფორმაა.
თანამედროვეობაში ყალბი ამბები რომ კარგად გავრცელდეს, უფრო და უფრო ნაკლებად იყენებენ გამოგონილ ამბავს. ყველაზე ხშირად მანიპულაციის გზას პროპაგანდისტები მიმართავენ – იღებენ ფაქტს და მას უმატებენ გამოგონილ ამბავს. ასეთი სინთეზით მიღებული ამბები გაცილებით მარტივი დასაჯერებელია, ვიდრე სრული ტყუილი.
ყალბი ამბების უნივერსალური ნიშნებია – ურთიერთგამომრიცხავი შინაარსი და სათაური, მყვირალა, ჭარბი ემოციით დაწერილი ტექსტი, უკონტექსტოდ გამოყენებული ციტატები, ცინიკური, ფაქტისა თუ კონკრეტული პირის დისკრედიტაციისთვის გამოყენებული ფრაზები. ცხადია, ეს არასრული ჩამონათვალია და სია ამა თუ იმ ამბის კონტექსტის გათვალისწინებით იცვლება. თუმცა, ეს არის ის საბაზისო ნიშნები, რამაც ჩვენს თავში კითხვის ნიშნები უნდა გააჩინოს.
M: რომელი მახასიათებლების შემჩნევაა რთული და როგორ ამოვიცნოთ ისინი?
საშუალო სტატისტიკური მკითხველის/მაყურებლის შემთხვევაში, ყველაზე რთული, ალბათ, კონტექსტის დამახინჯებით გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ამოცნობაა. ძალიან ხშირად, სტატისტიკური მონაცემების უკონტექსტოდ გამოყენებას ადამიანები შეცდომაში შეჰყავს. მაგალითად, ვრცელდება ინფორმაცია კონკრეტული მონაცემის ზრდაზე ან კლებაზე, მაგრამ არ არის მითითებული გარემოებები – ის თუ რასთანაა შედარებული ეს რიცხვები, შესაბამისად, მანიპულირების ფართო დიაპაზონი რჩება. ასევე, ყალბი ამბების გავრცელება, ხშირად, მოვლენებისთვის თარიღების შეცვლით ხდება. მაგალითად, 2022 წელს უკრაინაში მიმდინარე ომის დღეებში, რუსეთმა 2014 წლის ვიდეოების გამოიყენა იმისთვის, რომ საკუთარ საზოგადოებას სამხედრო ოპერაციების წარმატებულობა დაუმტკიცოს. ამ შემთხვევაში, ყველაზე მარტივი, ალბათ, კადრების ყურადღებით ნახვაა. ცხადია, ყველა რეგიონს თუ რაიონს ვიზუალურად ვერ გავარჩევთ ერთმანეთისგან, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც კადრში გამოჩენილ ადამიანებს სეზონისთვის შეუფერებლად ეცვათ, რითაც მარტივად დასტურდებოდა, რომ ვიდეო სხვა დროს იყო გადაღებული.
ინფორმაციის დასამახინჯებლად ხშირად ავრცელებენ ძველ ციტატებსა და ინტერვიუებსაც. საინფორმაციო სააგენტოები ძველი თარიღით ჩაწერილ ინტერვიუებს აზიარებენ, მაგრამ აღწერილობაში არ უთითებენ, რომ განცხადება ახალი არაა, რაც ხშირად კონტექსტს ამახინჯებს. ასეთ შემთხვევაში, საუკეთესო და მარტივი გამოსავალია, ამბის წაკითხვამდე თარიღი შევამოწმოთ. წვრილმანი დეტალებია ის, რაც სიჩქარეში ან ემოციური ფონის გამო ხშირად გვავიწყდება. არადა, ერთმა ყალბმა ამბავმა, შესაძლოა, უამრავი მითი შექმნას და საზოგადოებრივი აზრი რადიკალურად შეცვალოს.
M: როგორ გავფილტროთ ხარისხიანად ამბები, რომელსაც ვისმენთ?
ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი ფილტრი ჩვენი გონებაა. ამიტომ, საუკეთესო ფილტრი კრიტიკული კითხვების დასმაა. ეცადეთ გაარკვიოთ, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ამა თუ იმ ინფორმაციის გავრცელება, რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ამან და ა.შ.
როდესაც ჟურნალისტებს ინფორმაციის მოპოვებას ასწავლიან, ოქროს წესია, რომ ის რამდენიმე სხვადასხვა წყაროსთან გადამოწმდეს. სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად, ჩვენც ვიქეცით სამოქალაქო ჟურნალისტებად, ამიტომაც, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელებისას, თითოეულმა ჩვენგანმა ამ წესით უნდა იმოქმედოს – ყველაზე სანდო მედია საშუალებებსაც კი, მოსდით შეცდომები და არ შეიძლება ბოლომდე ვენდოთ მხოლოდ ერთ წყაროს. დღეს, უკვე იმდენად ღიაა საინფორმაციო ველი, ციტატის ავტორთანაც კი შეგვიძლია გადავამოწმოთ რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე, რას წერს სოციალური ქსელის პირად გვერდზე. საბოლოოდ, კრიტიკული აზროვნება და კონტექსტის აღქმა, უალტერნატივო ფილტრია.
M: როგორ შევქმნათ/შევინარჩუნოთ ჯანსაღი ინდივიდუალური საინფორმაციო სივრცე?
ჯანსაღი საინფორმაციო სივრცის შესანარჩუნებლად, მთავარი პრინციპია მოვიძიოთ ინფორმაცია იმ მედია საშუალებებზე, რომლებსაც ვეცნობით. პროპაგანდისტული მედიის დიდი ნაწილი უკვე მხილებულია და მათზე კრიტიკული სტატიებიც მრავლად იწერება. ამიტომ, როდესაც თქვენთვის უცნობ მედიას გადააწყდებით და ზემოთ ნახსენებ ყველა ფილტრს გამოიყენებთ, ინფორმაციის გაზიარებამდე, ყოველი შემთხვევისთვის შეამოწმეთ რა იწერება ამ მედიაზე.
თუ ხვდებით, რომ ინფორმაციის პირველ წყარო არ ჩანს, მაგრამ მაინც გსურთ ამბის სოციალურ ქსელებში გაზიარება, აღწერაში უნდა დაურთოთ, რომ წყარო დაუზუსტებელია, კითხვის ნიშნებს აჩენს ან სხვა მსგავსი შინაარსის კომენტარი, რაც თქვენს მეგობრებს მიანიშნებს, რომ არ ხართ დარწმუნებული მის სანდოობაში. ჯანსაღი ინდივიდუალური საინფორმაციო სივრცე, მეგობრების დეზინფორმაციისგან დაცვასაც ნიშნავს, რადგან თუკი საინფორმაციო გარემო ყალბი ამბებით დაბინძურდება, ეს საზოგადოებაში არასწორი მითების და შეხედულებების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
M: როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას არა მხოლოდ პირად, არამედ საჯარო სივრცეში?
თუკი საჯარო სივრცეში დეზინფორმაციას წააწყდებით, სასურველია დააკომენტაროთ და საზოგადოების სხვა წევრებსაც აუხსნათ, თუ რატომ არ უნდა ენდონ ამ კონკრეტულ ცნობას. მესმის, რომ სოციალურ ქსელებში წამოწყებული კამათი, ხშირად, სიტყვიერი დაპირისპირების საფუძველიც კი ხდება, რომ დიდ ემოციურ რესურსს მოითხოვს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ დეზინფორმაციის საცეცები ძალიან ძლიერია და ტყუილით გაჟღენთილი გარემო, ყველას გვაზიანებს. გადადეთ თავი ჯანსაღი საზოგადოების შესაქმნელად, სხვა შემთხვევაში, პირადი კეთილდღეობის მოპოვებაც შეუსრულებელი მისია გახდება.
ავტორი: სოლომონ დევსურაშვილი