26
Jun
2019

5 კითხვა, რომელსაც თქვენი ბიზნესის რებრენდინგამდე უნდა უპასუხოთ

26 Jun 2019

ბიზნესის მფლობელებს ხშირად ჰგონიათ, რომ ახალი ლოგო ან ვებგვერდი მათი ბრენდინგის პრობლემას გადაჭრის, თუმცა ცდებიან… შესაძლოა, გსმენიათ ამბავზე, როდესაც Netflix-მა DVD-შიპინგის სერვისის ცალკე ბიზნესად დაარსება გადაწყვიტა. სახელიც კი შეურჩია – Qwikster. აჰ, არ გახსოვთ? რასაკვირველია არ გახსოვთ, შეიძლება ითქვას, Netflix-საც ძალიან უნდა, ეს ამბავი არავის ახსოვდეს. Qwikster იყო ერთ-ერთი დიდი epic fail, რომელიც რებრენდინგს ახსოვს. ბუნებრივია, Netflix-ს მოუწია ამ იდეის სანაგვეზე მოსროლა. Qwikster-ი არამხოლოდ ცუდი სახელდება იყო ნებისმიერი რამისთვის. არამედ, ეს ასევე იყო იმ ბრენდის ღალატი, რომელიც Netflix-მა შექმნა და რომელიც ასე ძალიან შეიყვარა მომხმარებელმა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თქვენი ბრენდი არ არის თქვენი ლოგო, სლოგანი, ფერთა გამა ან ვებგვერდის დიზაინი. რასაკვირველია, ყველა ეს კომპონენტი მნიშვნელოვანი ნაწილია, რაკი ბრენდს ადამიანებისთვის გამოცდილების შექმნა შეუძლია, მაგრამ ის მაინც არ წარმოადგენს თავად ბრენდს.
თქვენი ბრენდია ის, თუ რას გრძნობენ მომხმარებლები თქვენ მომართ.

სწორედ ამიტომ, ის, რასაც თქვენს ბრენდზე თავად საუბრობთ, ნაკლებმნიშვნელოვანია. ღირებულია ის, რასაც აკეთებთ. ესაა იმ ემოციებთან მჭიდრო ბმა, რაც თქვენი მომხმარებლის გამოცდილებას უკავშირდება.

ძალიან ხშირად, ბიზნესებს ჰგონიათ, რომ მათი საქმის წინ წასაწევად სახელის, ლოგოს ან ვებგვერდის განახლებაა საჭირო. არადა, ყველაფერი, რაც სჭირდებათ, მომხმარებლისადმი მიდგომის შეცვლაა. სწორედ ამ საკითხს მივყავართ აქტუალურ კითხვამდე: საჭიროებს თქვენი ბიზნესი რებრენდინგს? პასუხი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა, მთელი არსი მაინც ერთია. სწორედ ამიტომ, სანამ რებრენდინგს გადაწყვეტთ, ეს კითხვები დაუსვით საკუთარ თავს:

რა არის რებრენდინგის ნამდვილი მიზეზი?

დაფიქრდით რებრენდინგის გამომწვევ გარემოებაზე. მათ შორის, ბრენდის იმ სიახლეზე, რის შექმნაც გინდათ თქვენი მომხმარებლისთვის და იმ გამოცდილებაზეც, რაც მათ უკვე აქვთ თქვენს ბრენდთან ურთიერთობის განმავლობაში. ამ ორს შორის წყვეტა არსებობს?
რაიმე ნეგატივის გადაფარვას ხომ არ ცდილობთ? ან იქნებ, პროდუქტი ან სერვისი შეცვალეთ? თუკი საქმე ამ უკანასკნელშია, მაშინ კიდევ შეიძლება გქონდეთ რებრენდინგის საფუძველი. ხოლო, თუკი, უბრალოდ, ბევრი ადამიანი გააბრაზეთ, პრობლემა ლოგოტიპში აშკარად არ არის. იყავით მკაფიო და გულწრფელი, რეალური მიზეზის დასახელებისას – რისი შეცვლა გინდათ სინამდვილეში?

რა დაგიჯდებათ ეს ცვლილება?

არა, აქ ფულზე არ ვამახვილებთ ყურადღებას. რასაკვირველია, პროფესიონალის დაქირავება, რომელიც თქვენს ბრენდს განავითარებს, თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს მაინც არ არის უპირველესი ამოცანა. გაცილებით მნიშვნელოვანია რებრენდინგის ღირებულება არსებული კლიენტების მიმართ სამართლიანობის თვალსაზრისით.

თუკი თქვენი ბრენდი არის ის, როგორც ეკიდებიან ადამიანები თქვენს კომპანიას, მაშინ თქვენი ბრენდის იდენტობა ისაა, რაც მათი შეგრძნებებისა და ურთიერთობებისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის. როდესაც თქვენ ცვლით ბრენდს, თქვენ ცვლით იდენტობასაც და იმ შეგრძნებებსაც, რომელთანაც ხართ დაკავშირებული. შესაძლოა, ეს იყოს კიდეც თქვენი მიზანი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამით იმ დადებით ღირებულებებსაც შეუქმნით საფრთხეს, რის გამოც ააშენეთ ბრენდი.

როგორია ჩემი ამბავი?

ბრენდის შექმნისას, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, გადაწყვიტოთ, ვინ ხართ და როგორ გსურთ თქვენს თავზე საუბარი. სინამდვილეში, ადამიანები თქვენს ბიზნესს კი არა, მის მიერ შექმნილ ისტორიას მიყვებიან. ამიტომ, გულდასმით მოიფიქრეთ, რას უამბობთ მათ. ჩამოწერეთ, რა გსურთ, რომ თქვენზე იცოდეს ხალხმა, რას გრძნობდნენ? შემდეგ კი ეს ამბავი ხელახლა უამბეთ გამუდმებით, სხვადასხვა ფორმით.

შევძლებ ჩემს იდეალურ კლიენტთან დაკავშირებას?

ხშირად, ბიზნესი მომართულია, შეიძინოს რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი. შესაძლოა, ეს გამართლებულიც კია, თუკი მასას ემსახურებით. მაგრამ მცირე საწარმოებისთვის (მომსახურების სფერო, განსაკუთრებით) გაცილებით მოგებიანია მარკეტინგის კონკრეტულ, იდეალურ კლიენტზე მორგება.
ყურადღებით შეისწავლეთ თქვენი ბრენდის მუშაობის ყველა ასპექტი, საერთო მარკეტინგული გზავნილიდან დაწყებული, ისეთი დეტალებით დამთავრებული, როგორიცაა ვებგვერდი, საბეჭდი მასალა, საკომუნიკაციო პოლიტიკა და ა.შ. შეაფასეთ, როგორ შექმნათ ყველა დეტალი ისე, რომ მუდმივად იყოთ კლიენტთან დაკავშირებული.

როგორ შემიძლია ჩემი ბრენდის მხარდაჭერა?

ჰკითხეთ საკუთარ თავს, გაქვთ ბრენდინგის მხარდაჭერის სტრუქტურა? მიიღებენ თქვენი მომხმარებლები იმ გამოცდილებას, რასაც დაპირდით? შეინარჩუნებთ ხარისხს ხანგრძლივად?

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგია თქვენი საიტი, თუკი ყოველ ჯერზე, როდესაც მომხმარებელი აქ შემოდის, აწყდება რაღაც ისეთს, რითაც გრძნობს, რომ ბიზნესს კლიენტი არ აინტერესებს?
დარწმუნდით, რომ შექმენით ისეთი სისტემა, რომელიც ბრენდს ცოცხალ ორგანიზმად წარმოაჩენს, ხოლო სერვისი დაპირების შესაბამისია.

 

წყარო: inc



განხილვა