12
Aug
2019

პაშა ბანკი რითეილში შედის – გაიცანით რე|ბანკი

12 Aug 2019

ქართული საბანკო მომსახურების ბაზარზე ახალი მოთამაშე რე|ბანკი გამოჩნდა. რე|ბანკი პაშა ბანკის ქვე-ბრენდია და საცალო სეგმენტს მოემსახურება. პაშა ბანკი საქართველოში 7 წელია ოპერირებს და კორპორაციულ სეგმენტზე მუშაობს. რე|ბანკის შექმნით პაშა ბანკი საცალო მომსახურების ბაზარზე შემოვიდა. სახელწოდება რე|ბანკი საბანკო სფეროს ხელახალ გააზრებას გულისხმობს. ბრენდინგის ვიზუალური ნაწილიც შესაბამისი კონცეფციით შეიქმნა, რომელიც ბანკის გამჭვირვალობაზე საუბრობს. რე|ბანკის ბრენდინგზე სააგენტო WINDFOR’S-მა იმუშავა. ახალი საბანკო მომსახურების თავისებურებებზე პაშა ბანკის PR-ისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანანო ქორქია გვესაუბრა:

“აქამდე, პაშა ბანკში მხოლოდ კორპორაციული მომსახურება გვქონდა. ვემსახურებოდით მხოლოდ მსხვილ კომპანიებს. წელს, დავამატეთ შედარებით მცირე ზომის კომპანიებიც. ამასთან, კლიენტთა კმაყოფილების კვლევებიდან ვხედავდით, რომ პარტნიორი კომპანიები გამოთქვამდნენ სურვილს, რომ გვქონოდა საცალო პროდუქტებიც, რასაც თავიანთ თანამშრომლებს შესთავაზებდნენ.  წინა სტრატეგიული პერიოდის წარმატებით დასრულებასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, საცალო მომსახურების ბაზარზეც შევსულიყავით. სწორედ აქედან, დადგა საჭიროება, გვქონოდა იმ პროდუქტების იდენტიფიკაცია, რითაც ბაზარზე შევიდოდით.

M: დღეს, საბანკო სფერო საკმაოდ სწრაფად ვითარდება საქართველოში. რამდენად კონკურენტულია რე|ბანკის პროდუქტები?

გვაქვს ფლაგმანი პროდუქტი ტოპ|ქარდი – უპროცენტო განვადების ბარათი, რომელსაც თან ერიცხება ქეშბექი და არც გაცემის საკომისიო აქვს და არც მომსახურების, ფაქტობრივად, სრულიად უფასოა. მომხმარებელს ბარათზე ერთჯერადად უმტკიცდება 5000 ლარამდე განვადების ლიმიტი, საიდანაც ითვისებს და ფარავს თანხას. ამდენად, განვადებებზე სათითაოდ პროცედურების გავლა მომხმარებელს აღარ უწევს. თან, განაღდება ყველა ბანკომატში შეგიძლიათ უფასოდ და ნებისმიერი სიხშირით. პლუს, ქეშბექი ირიცხება იმის მიუხედავად, განვადების თანხას ვხარჯავთ თუ საკუთარს. ძალიან პრაქტიკული და გამოყენებადი ბარათია და სხვა ქვეყნების ბაზარზე ძალიან კარგად მუშაობს. მაქსი|ანაბარი და ბლიც|სესხი შედარებით სტანდარტული მომსახურებებია, თუმცა, მათ კონკურენტუნარიანად საპროცენტო განაკვეთები აქცევს. ამ სამი პროდუქტის ერთობლიობა მოგებიანი შეთავაზებაა მომხმარებლისთვის.

 

განმასხვავებელი იქნება ისიც, რომ არ გვექნება ბევრი ფილიალი, მხოლოდ რამდენიმე ფილიალი თბილისში, Pop-Up დესქები სავაჭრო ცენტრებში, თითო ფილიალი რეგიონებში. ეს საკმაოდ მცირე რაოდენობაა, თუმცა, ამას სისუსტედ ვერ ვხედავთ. პირიქით, გვსურს ეს საოპერაციო ხარჯები პროდუქტის გაიაფებას მოვახმაროთ, რომ მომსახურება უფრო მოგებიანი გავხადოთ მომხმარებლისთვის. გვაქვს მობილური ფილიალებიც და ვამატებთ საკურიერო მომსახურებასაც. ინტერნეტ და მობაილ ბანკმაც წარმატებით გაიარა სატესტო პროცესი და ამ კვირაშივე იქნება ხელმისაწვდომი.

M: რას მოიცავდა ბრიფი, რითაც სააგენტოს მიმართეთ ბანკის ბრენდინგისთვის?

როდესაც შევადგინეთ ბრიფი, ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო, ბრენდი ყოფილიყო ახლებური. ბანკების მიმართ საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება რომ შეგვეცვალა საკუთარი გამჭვირვალე მომსახურებით, ყოველგვარი ფარული ხარჯების გარეშე. მაგალითად, თუ პროდუქტი ღირს 100 ლარი და ორთვიანი განვადებაა გაკეთებული, 50-50 გადავიხდი და ამით დასრულდება. ზედმეტს არაფერს ვიხდი, პირიქით, 1% ქეშბექად მიბრუნდება. გვინდოდა სახელი ყოფილიყო მოკლედ და მარტივად დასამახსოვრებელი და გამოეხატა ბანკის კონცეფცია. ტენდერში მონაწილეობდა ორი სააგენტო, რომელთაგან გაიმარჯვა WINDFOR’S-ის იდეამ, სახელწოდებით რე|ბანკი. ჩვენი სლოგანია “ცვლილებებისთვის”. ხოლო ლოგოსაც თუ დავაკვირდებით, “შავით თეთრზე” წერია, ყვითელი კი დამხმარე ფერია. ესეც ერთგვარი სიმბოლოა ბანკის გამჭვირვალობის.

ბრენდინგზე კი სააგენტო WINDFOR’S-მა გვიამბო.

ბექა მეფარიშვილი, WINDFOR’S-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი: “თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი ბანკისთვის სახელი და ვიზუალური იდენტობა უნდა შეგვექმნა. სამიზნე აუდიტორიაზე ფიქრისას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თანამედროვე ადამიანები ყველგან და ყველაფერში სიმარტივეს ეძებენ, განსაკუთრებით კი საბანკო მომსახურებაში, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, საოცრად რთული და კომპლექსურია. ვცდილობდით, ისეთი სახელი მოგვეფიქრებინა რომელიც, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ბრენდის არსს – ახლებურ, გადააზრებულ საბანკო მომსახურებას კარგად გამოხატავდა. სწორედ ასე გაჩნდა სახელი Re|Bank – რე|ბანკი.”

მარი სუხიშვილი, WINDFOR’S-ის სინიორ არტ დირექტორი: “ლოგოს და ვიზუალური სტილის შექმნისას გავითვალისწინეთ ბრენდის მთავარი სიძლიერე – სიმარტივე და მოქნილობა. შევქმენით მარტივი, თანამედროვე, ტიპოგრაფიული ლოგო, რომელიც ზედმეტი სიმბოლიკით არ გადავტვირთეთ და რომელიც პირდაპირ კლავიატურით შეგიძლია “აკრიფო”. ვიზუალურ სტილს რაც შეეხება, მინიმალისტური გრაფიკული ელემენტები, ფერები და მათი კომბინაცია ერთადერთ მიზანს, ბრენდის მხრიდან სათქმელის პირდაპირ, ყველასთვის გასაგებად გამოხატვას ემსახურება.”

განხილვა