in

ESM-ელი სტარტაპერების საკვირაო სკოლა „რებუსში“ მათემატიკური ლოგიკის წრე იხსნება

8 ოქტომბრიდან, საკვირაო სკოლა „რებუსში“ მათემატიკური ლოგიკის წრე იხსნება და როგორც იდეის ერთ-ერთი ავტორი, ნატალია ლუჩანინოვა ამბობს, სახალისო ამოცანების ამოხსნის მეშვეობით ბავშვები ყველაზე საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას შეძლებენ. „რებუსი“ 2015 წლიდან არსებობს, მისი სასწავლო პროგრამა 5-12 წლის ბავშვებზეა მორგებული და მოიცავს: სახვით და გამოყენებით ხელოვნებას, სამყაროს შემეცნებას, მსოფლიო ლიტერატურასა და ახლა უკვე მათემატიკურ ლოგიკას. „რებუსის“ დამფუძნებელი ორი სტარტაპერი, ESM Tbilisi-ს 2007 წლის კურსდამთავრებულები, ნატალია ლუჩანინოვა და ანა გაბუნია არიან. მარკეტერი ნატალია ლუჩანინოვასთან შეეცადა ახალი კურსის დამატების მიზეზების, სამუშაო ჯგუფებში მუშაობის სპეციფიკისა და იმ გამოცდილების დაგროვების გარკვევას, რაც „რებუსის“ დაფუძნებიდან დღემდე მიიღეს. 

 


M: რამ გამოიწვია „რებუსის“ სასწავლო კურსებისთვის მათემატიკური ლოგიკის წრის დამატება და რა ცოდნის მიღების შესაძლებლობა ექნებათ მოსწავლეებს?
რებუსის მუდმივ განვითარებაზე ფიქრი და მუშაობა ჩვენი დღის წესრიგის მთავარი ნაწილია. მშობლებიდან ხშირად არის მოთხოვნა საგნების დამატებაზე. მოთხოვნისა და ბაზარზე არსებული სიტუაციის გაანალიზების შემდეგ, სწორედ მათემატიკური ლოგიკის წრის დამატება გადავწყვიტეთ. ვერ გეტყვით იმას, რომ მსგავსი წრეები სხვა სტუდიებში არ მოიძებნება. რებუსის უპირატესობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი პროგრამა, გამოცდილი და კვალიფიცირებული პედაგოგი და სკოლის მდებარეობაა. ასევე, ხელმისაწვდომი ფასი – 80 ლარი თვეში.

ბავშვები სწრაფად იზრდებიან და შესაბამისად, მალე უწევთ რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებთან შეჯახება. ისინი გაცილებით მარტივად და სწრაფად შეძლებენ მათ გადაჭრას, თუ კრიტიკული, ლოგიკური და კრეატიული აზროვნების უნარი ექნებათ განვითარებული. მათემატიკური ლოგიკის პროგრამა, რომელსაც რებუსი შესთავაზებს მოსწავლეებს, XXI საუკუნის ყველაზე საჭირო უნარების განსავითარებლად შეიქმნა. სახალისო ამოცანების ამოხსნა პატარებს სასკოლო საგნების მალე ათვისებაშიც დაეხმარება და სწავლის პროცესს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს.M: როგორი იქნება სამუშაო ჯგუფებში მუშაობის სპეციფიკა, რა სისტემით შეფასდება მოსწავლეების ცოდნა?
სასწავლო პროცესი ლოგიკური და სახალისო ამოცანების ამოხსნაზეა აგებული, რომელიც განათლების სამინისტროს სტანდარტებს ითვალისწინებს. ამ ამოცანების ამოხსნა რამდენიმე გზითაა შესაძლებელი და ბავშვები მათ პოვნას დამოუკიდებლად შეეცდებიან, რის შემდეგაც თითოეული მოსწავლის ამოხსნის მეთოდს სათითაოდ განიხილავენ კლასში.

მათემატიკური ლოგიკა ჩატარდება კვირაობით და 1.5 საათს გაგრძელდება. მოსწავლეების ჯგუფები კი დაიყოფა მათი ასაკისა და კლასის მიხედვით (8-12 წლის მოზარდები). საშინაო დავალებები მხოლოდ მათემატიკური ლოგიკის წრეზე ექნებათ და 
შეფასებაც მხოლოდ ამ კურსზე მოხდება (2017 წლის ბოლომდე მოსწავლეებს ორჯერ ჩაუტარდებათ ტესტირება და მათი ნამუშევრები 10 ბალიანი სისტემით შეფასდება). მასწავლებლის კომენტარებს რაც შეეხება, მათ მხოლოდ განმავითარებელი დატვირთვა ექნებათ როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის.M: ვის მოუწევს ბავშვებთან მუშაობა?
ჩვენს ახალ საგანს მათემატიკოსი ქეთევან კიკვაძე გაუძღვება. 31 წლიანი პედაგოგობის სტაჟი, კომაროვის შაბათის სკოლის გამოცდილება, სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სკოლებში მუშაობის პრაქტიკა და მრავალ პროექტში ჩართულობა ყველანაირ უფლებას გვაძლევს, ქეთევანს იდეალური მასწავლებელი ვუწოდოთ.

M: რა შეიცვალა დაფუძნებიდან დღემდე, რა გამოცდილება მიიღეთ?
„რებუსი“ უკვე მესამე წელია წარმატებით ფუნქციონირებს. ამ დროის მანძილზე  ჩვენი გუნდი უფრო გაიზარდა და ძალიან საინტერესო ადამიანებით დაკომპლექტდა. დღეს ისეთივე შემართებით ვართ, როგორიც გახსნის დღეს ვიყავით. გამოცდილებამ გვანახა, რომ ნებისმიერ საქმეს, რასაც აკეთებ, სჭირდება სიყვარული, მუდმივი განვითარება და დაუღალავი შრომა.„რებუსის“ სასწავლო კურსებზე დარეგისტრირება შესაძლებელია ონლაინ ფორმის შევსებით ვებგვერდზე – www.rebusi.ge ან Facebook-გვერდზე – facebook.com/rebusi.ge.

პირადი სიმფონიური ორკესტრი ნებისმიერი მგზავრობისას – Porsche-ს ორიგინალური ვიდეორგოლი

უთხარი სიყვარულს “კი”! – Coca-Cola-ს შეცვლილი შეფუთვა და ავსტრალიისთვის წამოწყებული კამპანია Yes