Reckless – ამ ქართულ ბრენდს მარკეტერის მკითხველი წესით კარგად უნდა იცნობდეს. ის თინეიჯერებისთვის – მათი გემოვნების, სურვილების, პრობლემებისა და ცვალებადი განწყობების იდეებზე დაფუძნებული ქართული ბრენდია. Reckless უკვე ორი წელია, რაც ქართულ ბაზარზეა და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს. მის შექმნაში, დამფუძნებელთან ერთად, მონაწილეობას ის ადამიანები იღებენ, ვინც ბრენდის მთავარი სეგმენტია – მოზარდები. აქ თითოეულ ახალ სამოსსა თუ აქსესუარზე ფიქრი იწყება იდეით, შემდეგ ამ იდეის დამუშავებით, მასში შესაბამისი ემოციის ჩადებით და უკვე ბოლოს გარდაიქმნება ხელშესახებ ნივთად.
Reckless-ის დამფუძნებელია სალომე გველესიანი, რომელმაც თავისი ბრენდი შვილს, ნიკუშა ჯორჯაძის ხსოვნას მიუძღვნა. მისი დაარსების დღიდან სალომე აქტიურად ჩაერთო თინეიჯერების ყოველდღიურობაში, გაიგო, თუ რა სტკივათ მათ, რას აპროტესტებენ, რა სურთ, როდის არიან ბედნიერები, როგორ უყურებენ სამყაროს…ბრენდიც სწორედ ამ ყველაფრის გამოხატვას ცდილობს. ის ერთგვარი სახეა იმ სამყაროსი, რომელსაც თინეიჯერული პერიოდი ჰქვია. სალომე გვეუბნება, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც რექსლესს ქმნის, არის ჩვეულებრივი და სწორედ ეს ჩვეულებრივობა ხდის მათ განსაკუთრებულებს.
აქამდე Reckless ონლაინ გაყიდვებით იყო დაკავებული, თუმცა ცოტა ხანში მისი პირველი ფიზიკური სივრცე იხსნება. მაღაზია, რომელიც კოსტავას 9 ნომერში გაიხსნება, ბრენდისთვის ერთგვარი საიმიჯო სივრცე იქნება, სადაც შეგეძლებათ მისვლა და უკვე პირადად იმ პროდუქციის დათვალიერება, რომელსაც ის გთავაზობთ. ეს არის პატარა, მყუდრო სივრცე, რომელიც აუცილებლად იქნება მორგებული ბრენდის ხასიათზე.
Reckless-ზე და მის სიახლეზე თავად სალომე გველესიანს ვესაუბრეთ:
M: სალომე, სანამ უშუალოდ მთავარ თემაზე გადავალთ, ორიოდე სიტყვით შევაფასოთ Reckless-ის, როგორც ბრენდის განვლილი გზა. უკვე ორი წელია, ბაზარზე ხართ და იდეა მნიშვნელოვან ღირებულებებს ეფუძნება. როგორი იყო პირველი ნაბიჯები და როგორია ბრენდი დღეს, რა შეცვალა მან თქვენი ან იმ მოზარდების ცხოვრებაში, რომლებისთვისაც ის შეიქმნა?
პირველი ნაბიჯების შეფასება ამ გადმოსახედიდან ცოტა უცნაურად გამოიყურება – ჩანს შეცდომები ან საკითხები, რომლებიც შეიძლება გაცილებით მარტივად ან სწორად გაკეთებულიყო და ამავდროულად იცი, რომ მაინც არაფერს შეცვლიდი, რადგან ის ემოცია, მუხტი და ენთუზიაზმი, რომლითაც დავიწყეთ Reckless-ის კეთება, განუმეორებელია და ის, სადამდეც მივედით, ამ, შეიძლება არც თუ ისე სწორად გადადგმული ნაბიჯების შედეგია. ჩემთვის Reckless ყველაფერია, ნიკუშაა, რომელზე ზრუნვასაც ვაგრძელებ ამ ფორმით და როგორც მქონდა გაცნობიერებული ის ფაქტი, რომ ჩემი შვილი ინდივიდია და შეიძლება ჩემი წარმოდგენებისგან რადიკალურად განსხვავებული პიროვნება დამდგარიყო, იგივეს ვფიქრობ ბრენდზეც. Reckless-იც ცოცხალი ორგანიზმია, რომელზეც გავლენას ვახდენთ ჩვენ, მასზე მომუშავე ადამიანები, მაგრამ უდიდეს გავლენას ახდენს გარემოც და მუდმივად უცვლის ფორმას. ჩვენი ძლიერი მხარე ზუსტად ეგ მგონია, რომ გარემოს მიმართ ძალიან ცნობისმოყვარეები ვართ, მუდმივად ვიკვლევთ და ვაკვირდებით, ვცდილობთ, ის რასაც გვთავაზობს, ჰარმონიულად შევითავსოთ და გავხადოთ ბრენდის ორგანული ნაწილი. რა შეცვალა თინეიჯერების ცხოვრებაში ამის თქმა ძალიან ხმამაღალი იქნება. რაც შემიძლია ზუსტად ვთქვა, ისაა, რომ ვისაც Reckless ეხება და ვინც ჩვენი კომუნის ნაწილი ხდება, თავს უკეთესაც გრძნობს, იცის, რომ მისი ესმით ზედმეტი კითხვების გარეშე.
M: ვიცით, რომ ფიზიკური სივრცე იხსნება. რამ დააყენა მისი შექმნის საჭიროება? იყო თუ არა რამე, რაც აკლდა თქვენი აზრით ონლაინ სერვისებს?
ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ Reckless მხოლოდ ონლაინ სივრცეში არ დარჩებოდა. მაღაზიებსა და ქსელზე არ გვიფიქრია არასდროს, მაგრამ თავიდანვე ვიცოდით, რომ ერთი შეკრების წერტილი აუცილებლად დაგვჭირდებოდა. Reckless უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ტანსაცმელი და ის ყველა იდეა, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ, აუცილებლად საჭიროებს შეკრების სივრცეს. ასე რომ შოუ-რუმი მრავალმხრივად დაიტვირთება.
M: იქნება თუ არა გათვალისწინებული მაღაზიისთვის ახალი კოლექცია და ტანსაცმლის გარდა თუ გაიყიდება მოზარდებისთვის საინტერესო სხვა ნივთები?
ახალი კოლექცია არა, მაგრამ შეიქმნება ნიმუშები, რომლებიც მხოლოდ მაღაზიაში იქნება ხელმისაწვდომი. ასევე, მაღაზიისთვის ვგეგმავთ ჩვენი ეგრეთ წოდებული „სავიზიტო” ნივთების შევსებასა და დამატებას.
მოლაპარაკებები გვაქვს სხვა კომპანიებთან, რათა ამ სივრცეში თავი მოვუყაროთ ყველა იმ ნივთს, რომელიც მოზარდებისთვის საინტერესოა. თუმცა ეს ერთბაშად არ იქნება, ეტაპობრივად შევავსებთ და დავამატებთ ახალ ბრენდებს, როგორც ტანსაცმლის ისე აქსესუარების, მუსიკალური ნივთების, წიგნების და სხვა.
M: რა სირთულეებთან მოგიწიათ გამკლავება ამდენი ხნის შემდეგ ფიზიკური სივრცის გახსნაზე მუშაობისას და როდისთვის გეგმავთ ოფიციალურ გახსნას?
სირთულე ამ ქვეყანაში ყველაფერს ახლავს თან, არც მაღაზიის გახსნა იყო გამონაკლისი. დაწყებული უშუალოდ სარემონტო სამუშაოებით, გაგრძელებული მომწოდებლებთან კონტაქტით, ყველაფერი დროში იწელება. ოფიციალურ გახსნას ვგეგმავთ სწავლის დაწყებასთან ერთად. თუმცა, ტექნიკურად მაღაზია გაიხსნება დაახლოებით 2 კვირაში, ეს იქნება ონლაინ შეკვეთების გატანის წერტილიც.
M: ბრენდის ერთ-ერთი რწმენაა, რომ ქაოსის გარეშე ადამიანს არ შეუძლია შექმნას რაიმე მნიშვნელოვანი – თქვენი აზრით, ეს ქაოსი მხოლოდ მოზარდობაში აქვს ადამიანს თუ მთელი ცხოვრება მის დალაგებაზე მუშაობს?
ძალიან მითვისება რომ არ გამოვიდეს, დავაზუსტებ, რომ ეს ნიცშესეული მიდგომაა და ჩვენთვის ზუსტად ასახავს მოზარდობის პერიოდს. ჩვენ მოგვწონს მოზარდობის ეს გულწრფელობა, პირდაპირობა, ზოგჯერ უპასუხსიმგებლობაც და სამყაროსგან მაქსიმალურის მოთხოვნის სურვილი. ასეთი ქარიშხლებით სავსე, შინაგანად მრავალფეროვანი პერიოდი მეორე არ არის ადამიანის ცხოვრებაში და ვფიქრობთ, რომ ის სულ ტყუილად მიიჩნევა “გარდატეხის, სიჯიუტის, რთულ” პერიოდად. ეს არის ყველაზე შემოქმედებითი ეტაპი და დარწმუნებულები ვართ, სამყარო გაცილებით უკეთესი იქნებოდა ამ მიდგომების შენარჩულება რომ შეგვეძლოს უკვე დიდ ასაკში.
M: თქვენ ბევრ მოზარდთან გიწევთ, საქმიანობიდან გამომდინარე, ურთიერთობა. ხომ ვერ გამოყოფდით რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს – რა სურვილები, დანაკლისები აქვთ დღევანდელ თინეიჯერებს?
ძალიან ბევრი რამ არის ასეთი, თუმცა ამ ორი წლის განმავლობაში რაც ძალიან მკაფიოდ იგრძნობა, არის ჩვენი, დიდების ერთი ძალიან არაჯანსაღი დამოკიდებულება – როცა როგორ გვჭირდება, ისე ვეკონტაქტებით – ხან ბავშვებივით და „ბავშვი ხარ ჯერ” ვეუბნებით, ხან დიდებივით – „უკვე დიდი ხარ, რეებს აკეთებ”. სინამდვილეში ყველაზე ნაკლებად შეფასებები სჭირდებათ – უბრალოდ უნდა გვიყვარდეს და ვიღებდეთ მათ ისეთებს, როგორიც არიან, უპირობოდ.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი