in

Reckless: „იმდენი რამ მოხდა, შეიძლება ითქვას, შეცდომების კასკადი დავუშვით“

Startauperi
Startauperi

ქართული ბრენდი, რომელმაც მოზარდების ემოციები და ამბები ერთი იდეის ქვეშ მოაქცია, ერთი წლის წინ დაიბადა. მისი სახელწოდება Reckless ნიკა ჯორჯაძის მეტსახელს უკავშირდება, რომელიც 15 წლის ასაკში ავტოავარიაში დაიღუპა. მის მიერ შექმნილმა ანიმაციებმა, სამოსის ესკიზებმა და მუსიკამ კი გაგრძელება ტანსაცმლის ბრენდში პოვა, რომელსაც დედამისი, სალომე გველესიანი უძღვება. Reckless-ის სახით, მან მოზარდებისთვის კომფორტული სივრცე შექმნა, სადაც ესმით მათი წუხილი, ტკივილი და პროტესტი. სამოსის შექმნა დიზაინის სკოლა VADS-ის სტუდენტებმა, ლიზა ყაჯრიშვილმა, ანკა ქოიავამ და მასუ მწარიაშვილმა აიღეს საკუთარ თავზე. Reckless-ის კოლექციაში მათ მოზარდების ემოციები ფილოსოფიურად გადმოსცეს, ეს იყო “გაქცევა სახლიდან”, რომელიც ალეგორიულად ახალგაზრდების სოციალური ინსტიტუციებისგან და სტერეოტიპებისგან თავის დაღწევის დაუცხრომელ სურვილს გამოხატავდა. Reckless-ს თქვენ უკვე იცნობთ, ამჯერად კი, მისი დამფუძნებელი სალომე გველესიანი ბრენდის შეცდომებზე გვესაუბრება.

„რექლესის დაწყება პანდემიამდე 2 თვით ადრე გადავწყვიტეთ. შესაბამისად, კლასიკური შეცდომები, ალბათ, ნაკლებად გვქონდა. თუმცა, Covid-19-დან გამომდინარე, ისეთი ქაოსი და გაუგებრობა იყო, იმდენი რამ მოხდა, შეიძლება ითქვას, შეცდომების კასკადი დავუშვით. ყველაზე დიდი მარცხი, რაც Reckless-ის ისტორიაში გვაქვს ისაა, რომ პირველი კოლექცია Back To School 31 აგვისტოს უნდა ჩაგვეშვა, თუმცა სკოლა არც სექტემბერში დაიწყო და არც ოქტომბერში… ეს კოლექცია თინეიჯერებზე გათვლილი ტანსაცმელი, რომლის ძირითადი კონცეფცია სასკოლო უნიფორმების რეკონსტრუქცია იყო, ამიტომ, ოპტიმისტურად მივუდექით და Late Back To School გავაკეთეთ. წინასასკოლოდ, მოლში ვაპირებდით Pop-Store-ის გაკეთებას და სამწუხაროდ, ესეც ვერ შედგა, რადგან მაღაზიები აღარ გაიხსნა და დავრჩით ვებგვერდის ამარა.

ყველაზე მეტად ოპტიმიზმი გვეხმარებოდა და ახლობლების მხარდაჭერა. თანაც, არ გვქონია ილუზია, რომ ბაზარი მაშინვე გაჯერდებოდა ჩვენი სამოსით. ვიცოდით, რომ ჯერ ახლო წრე დაიწყებდა მოხმარებას და შემდეგ ეს არეალი გაფართოვდებოდა.“

ბიზნეს-პროცესები

თანდათან ოპტიმალური გათვლების გაკეთებაც ვისწავლეთ. თავდაპირველად, ეს ბიზნესი უფრო ემოციებზე იდგა – ძალიან ადვილად ვიღებდით რაიმეს გაკეთების გადაწყვეტილებას და არ ვუფიქრდებოდით პრიორიტეტებსა თუ შესაძლებლობებზე. კოლექციის რაოდენობის შეკვეთისას, ზუსტად ვერ გავთვალეთ და რაზეც „ბესთსელერობის“ მოლოდინი გვქონდა, ის არ აღმოჩნდა მომხმარებლის ფავორიტი. მეტიც, ყველაზე ნაკლები მოლოდინი რა პროდუქტზეც გვქონდა, ის აღმოჩნდა პოპულარული. ბევრი ვიწვალეთ, ვათენეთ ღამეები, 300 ერთეული პროდუქტი შევფუთეთ და 20 ცალი გაგვეყიდა მხოლოდ.

ახლა რომ ვიწყებდე, პრინტებს საერთოდ არ გავაკეთებდი. შევქმნიდი სადა პროდუქტების მარაგს და საჭიროებისამებრ გავაფორმებდი, როცა დრო მოვიდოდა.

ვფიქრობ, მაინც სწრაფად ვიღებდით გადაწყვეტილებებს და სიტუაციის მიხედვით გადავეწყობოდით ხოლმე – დავგეგმავდით შეხვედრას, ფასდაკლებას, აქციას, რათა გაყიდვები წაგვეხალისებინა და სულ აქტიურები ვყოფილიყავით.

გამოწვევები წარმოებისას

მოლაპარაკებები ძალიან დიდ საწარმოებთან გვაქვს, ზოგი ჩინეთშია, ზოგი – პორტუგალიაში, საფრანგეთში… ჩვენი შეკვეთა, სხვებთან შედარებით იმდენად ცოტა იყო, რომ მათგან კომუნიკაციაც და დამოკიდებულებაც ზედაპირული მოდიოდა. ამდენად, ჩვენი შეკვეთა, რომელიც სექტემბერში უნდა ჩამოსულიყო, 2 თვის დაგვიანებით ჩამოვიდა, როცა სეზონიც გასული იყო. ასეთმა წვრილმანებმა ხელი საკმაოდ შეგვიშალა, თუმცა ვამბობდით, რომ აქედან ვისწავლით. როცა მსგავსი სიტუაციები ხდება, მშვიდად ვხვდებით და გამოსავალს ვპოულობთ – მომდევნო ჯერზე, როცა შეკვეთის შემოსვლა კვლავ დაგვიანდა, რაღაცები წინასწარ გავყიდეთ. რომ არა იმედიანი მიდგომა, შესაძლოა, ბიზნესი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ვგეგმავდი, 2-3 თვეში დასრულებულიყო.

გეგმები

ვაპირებთ უფრო მისაწვდომი გავხადოთ პროდუქტი. იმ ონლაინ მაღაზიების გარდა, სადაც უკვე იყიდება Reckless-ის სამოსი, გვინდა მოლები ავითვისოთ. როდესაც პანდემია ძალას დაკარგავს და შევძლებთ ჩვენი საკუთარი სივრცე გავხსნათ, გვინდა ის ვაქციოთ ახალგაზრდების თავშეყრის ადგილად, სადაც შეხვდებიან, მუსიკას მოუსმენენ, გაერთობიან და ა.შ.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

„საბედნიეროდ, ეს გაკვეთილი მხოლოდ რამდენიმე ასეული დოლარი დაგვიჯდა“ – Auto Element-ის #შეცდომები

რას უნდა ველოდეთ, როდესაც შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ პირადად შევხვდებით მეგობრებს?