in

“Reckless-მა უნდა ილაპარაკოს იმ ამბებზე, ტკივილზე, გაუცხოებაზე, რაც მოზარდებს აწუხებთ”

Startauperi
Startauperi

“ტკივილი არის ერთ-ერთი ძლიერი ენერგია, უზარმაზარი, დამანგრეველი, ამორტიზებას აკეთებს ფიზიკურად, ემოციურად, ყველანაირად… და თუ შეძლებ ეს ენერგია სხვაგან მიმართო, აუცილებლად საოცრებებს გაგაკეთებინებს…”

Reckless ნიკა ჯორჯაძის მეტსახელი იყო Soundcloud-ზე. გასულ წელს, 15 წლის ასაკში, ნიკა ავტოავარიაში მოხვდა და უსაშველო ტკივილთან ერთად, მემკვიდრეობად დატოვა მის მიერ დახატული ანიმაციები, ტანსაცმლის ესკიზები, მუსიკის ტექსტები. მის მიერ შექმნილი მუსიკის მოსმენა Soundcloud-ზე დღესაცაა შესაძლებელი… ნიკას დედამ, სალომე გველესიანმა გადაწყვიტა, რომ ეს ვერ და არ უნდა ყოფილიყო დასასრული. ის დაფიქრდა სხვა მოზარდებზეც, რომლებიც ყოველდღიურად გრძნობენ იმედგაცრუებას, აქვთ პროტესტის განცდა დიდური სიყალბისა და გაუცნობიერებლობის მიმართ და იგრძნო მათი მხარდაჭერის აუცილებლობა. სალომე გველესიანმა, შვილის ხედვები და იდეები გააერთიანა და ტანსაცმლის ბრენდში მოუყარა თავი, ისე, რომ ეს არ არის ამბავი მხოლოდ ნიკა ჯორჯაძეზე, Reckless-ის ბრენდი არის ყველა მოზარდზე, რომელიც სამყაროსგან გულწრფელობასა და სტიგმებისგან გათავისუფლებას ითხოვს.

“გადავწყვიტე, რომ უნდა შეგვექმნა ტანსაცმელი მოზარდებისთვის, რომელიც არ იქნება უბრალოდ სამოსი და უნდა ილაპარაკებდა მათ ამბებზე, ტკივილზე, გაუცხოებაზე, რაც მოზარდებს აწუხებთ. ნიკას ამბავმა დამანახა, რომ ამ ბავშვებს რეალურად ბევრი რამ აწუხებთ. სტერეოტიპული შეხედულებაა, რომ იმაზე ლაღები და უდარდელები არიან, ვიდრე ჩვენ ვიყავით, სინამდვილეში ასე არ არის.”

M: სად არის წყვეტა, მოზარდებთან მისკომუნიკაცია, რაც ყურადღებას მოითხოვს?

კლასიკური მისკომუნიკაციაა – ჩვენ გვგონია, იმაზე მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ჩვენს შვილებთან, ვიდრე ჩვენს მშობლებს ჰქონდათ ჩვენთან. აღზრდის მეთოდი იყო უფრო მკაცრი, აგებული შენიშვნებზე, არ იყო წახალისებაზე. ითვლება, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ, მაგრამ ასე არაა. მათ აქვთ უშველებელი პირადი სივრცე,  ბევრ რამეზე არ გველაპარაკებიან და ეს არ მგონია დიდი პრობლემა. რაღაც მომენტში, სადღაც უნდა გაწყდეს მშობელთან ძაფი, რომ გაჩნდეს პირადი რესურსი. ეს არ მგონია მშობლის მოსაგვარებელი – მგონი, რაც ნაკლებად ჩაერევიან, მით უკეთესია. საშუალება უნდა მივცეთ შვილებს, თვითონ იპოვონ გზა.

აწუხებთ სიყალბე, ჩვენი ფსევდო მიდგომები, განათლება რომლის მიმართ ნულია ინტერესი, სკოლის მოძველებული დამოკიდებულება, განათლების სისტემა რომელიც მართლა ჩამოქცეულია, ფარისევლური ტრადიციები და ღირებულებები, რომელიც არარელევანტურია ამათ ინტერესებთან.

M: ბრენდი როგორ პასუხობს ბავშვების იმ პრობლემებს, რაც ზემოთ ახსენეთ?

თავიდან, ჩემმა მეგობარმა ახსენა, რომ ნიკას ფრაზები, რომელიც საკმაოდ ცინიკური იყო, ხომ არ გადაგვეტანა აქსესუარებზეო. იმ მომენტში არაფერი, მაგრამ წყლის წვეთივით მომხვდა, რაღაც პერიოდის შემდეგ სახე შეიცვალა და ამ იდეად გადაიქცა, რომ უნდა გამეკეთებინა ბრენდი. არავის არ ეგონა ამხელა მასშტაბს თუ მიაღწევდა, ყველას ეგონა რომ ჩემს დასამშვიდებლად ვაკეთებ.

“რექლესი” არ არის შექმნილი იმისთვის, რომ რამე მოვუგვაროთ, არც გვაქვს ამის ამბიცია და არც მგონია, რომ ბრენდის სახით ახალი მასწავლებელი ან ფსიქოლოგი სჭირდებათ. ეს არის კომუნა სადაც ბავშვებმა ბევრი რაღაც კეთებას შეძლებენ. რამდენიმე ბავშვი, რომელიც ესე პარკში ვიპოვეთ და გადავიღეთ, მათ უკვე ატიურად იღებენ სხვადასხვა რეკლამებში, ერთი სააგენტოშიც მიიწვიეს. ჩვენ ვეუბნებით როგორიც არის ისეთია კარგი, მისაღები და საინტერესო, ჩვენი მისიაა მოგვწონდეს როგორიც არის და არაფერი არ ვასწავლოთ, სწავლით მგონი ძალიან დაიღალნენ. აქეთ გვასწავლიან ბევრ რამეს.

M: როგორ გამოხატეთ ეს რეალობა Reckless-ის სამოსში?

ბავშვი ადვილად გრძნობს ტყუილს, ისეთი ემოციურები არიან, გახსნილები  სამყაროს მიმართ, აქედან კი, უბრუნდებათ რაღაც შაბლონები. ჩვენი კოლექცია საბჭოთა თემის გარშემოა აგებული. მაგალითად, მაისურსა და შორტებზე გვაქვს კუპიდონი, რომელიც მადონას სერვიზიდან ამოვიღეთ, როგორც ჭურჭლის მოძველებული სიმბოლო, რომელიც ყველას სახლში გვაქვს, მაგრამ  იქიდან ჩაი არავის დაგვილევია. აი, ასეთი რაღაცები გვაქვს ტვინშიც, რომელიც არსებობს, არავის არასდროს ადგება, მაგრამ ვერც ვაგდებთ აუცილებლად უნდა ისწავლო, ჩააბარო. ეს შაბლონებია, რომელმაც დაკარგა თავისი აქტუალურობა.

მინდოდა, Reckless-ის კოლექცია ახალგაზრდებს შეექმნათ. ტანსაცმლის დიზაინი თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა VADS-ის სტუდენტებს, ლიზა ყაჯრიშვილს, ანკა ქოიავასა და მასუ მწარიაშვილს მივანდე. საოცარი ენთუზიაზმით არიან ჩართულები.

ახლა ტრენდულია უნიფორმები, ამ სტილის სილუეტები, სისწორე,  ფორმები, ფერები, სიმკაცრე ყოველთვის მოდის მნიშვნელობანი ხაზი იყო, ჩვენც გვინდოდა რაღაც მსგავსი უნიფორმების თარგი, მაგრამ დეკონსტრუირებული, რომ გვეჩვენებინა ხასიათი ფორმის მიღმა.

M: როგორი ხასიათი აქვს ბრენდს?

თავქარიანი, ხან ცინიკოსი, ხან სევდიანი, მაგრამ საერთო ჯამში ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ უნდა თამაში, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. თამაში გართობის თვალსაზრისით და თამაში, როგორც ცხოვრების წესი.

M: პირველ ნაბიჯებზე გვიამბეთ…

თავიდან დაიბნენ, მაგრამ მერე  დამშვიდნენ. სამივე სრულიად განსხვავებულია ხასიათითაც და  ჩაცმის სტილითაც. მაგრამ თან მეგობრები არიან და ძალიან საინტერესოდ გადმოსცემენ ჩანაფიქრს. ტანსაცმელიც ესეთი გამოვიდა, კლასიკურიც არის და შეგიძლია ძალიან სპორტულადაც მოირგო. თავიდან კი ვუთხარი, რომ პირველი კოლექცია ნიკასთან კავშირში მინდოდა ყოფილიყო, მაგრამ სრულიად თავისუფლები იყვნენ. თვითონ დაიწყეს კვლევა და სწორედ დაინახეს, რის თქმაც მინდოდა. თავიდან რა თქმა უნდა შეცდომები იყო, რაღაცეები დავხატეთ და გვეგონა ეგრევე გავაკეთებდით. თურმე, პირიქით ხდება, ჯერ ნაჭერი უნდა იშოვო  და მართლა სიგიჟეები ვაკეთეთ ამ Covid-19-ის ფონზე. საფრანგეთში – მაისური, იაპონიაში – ქსოვილი ვიყიდეთ, პორტუგალიაში პერანგი, ჩინეთში – პოლოები. რთული იყო თავიდან, რადგან არცერთ დათმობაზე არ წავედით და ყველაფერი რაც გვჭირდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში შევიძინეთ.

პირველი კოლექცია საბჭოთა კავშირის თემატიკა იყო, “გაქცევა სახლიდან” ჰქვია და გამოსახულია კუპიდონის პრინტით რომელიც მადონას სერვისიდან ამოვიღეთ. “გაქცევა სკოლიდან” გამოხატულია მიხაკით, რომელიც სკოლის პირველ დღესთან ასოიცირდებოდა. და “ფილოსოფიური გაქცევა” – ღმერთისგან თუ სოციალური ინსტიტუციებისგან, სტერეოტიპებისგან „ასე იტყოდა ზარათუშტრა“ აწერია ჰუდებს და ზარატუსტრა ხატია მთელ ზურგზე.

M: გაყიდვა როგორ დაიწყეთ?

თავიდან, პირველი მყიდველები ახლობლები და მათი ახლობლები იყვნენ, მაგრამ როდესაც ეს ხალხი მეხუთედ და მეექვსედ მობრუნდა ჩვენთან შესაძენად, ხვდები, რომ უკვე მართლა მოეწონა და მხარდაჭერის გამო არ ყიდულობს. ხარისხთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კმაყოფილი ადამიანი გვყავს, მით უმეტეს, ინტერნეტით ვერ ეხები ნივთს. როცა ეს წრე კმაყოფილები დარჩა, მერე გავრცელდა ხმა, რომ კარგი ხარისხია.

გაყიდვა დავიწყეთ და ვაგრძელებთ ონლაინში Reckless.ge-ზე. ქართველი მომხმარებელი დიდად არ გიჟდება ონლაინ შეძენაზე, მაგრამ მაინც დავიწყეთ, ვიცით, რომ მაღაზიებშიც უნდა შევიდეთ, მაგრამ არა თავიდან. ამჟამად მხოლოდ გალერეა 4710-ის მაღაზიაში იყიდება. სულ რამდენიმე მაღაზიაა, რომელიც შეეფერება “რექლესს” სტილურად – თავიდან ამ მაღაზიებში შევალთ, მერე რა თქმა უნდა, ვეცდებით შოუ-რუმებში მივიღოთ მონაწილეობა. შემდეგ კი, როგორც ხდება, წარვადგინოთ ახალი კოლექცია, წინასწარ ავიღოთ შეკვეთები…

M: სამიზნე სეგმენტი როგორ გამოიკვეთა?

სურათებს თუ გადახედავ ინსტაგრამზე, უცებ მიხვდები სამიზნე სეგმენტს. ზუსტად ვიცოდით კონკრეტული ტიპები, ვინც იყო ჩვენი მომხმარებელი, ვიცნობდით კიდეც. გვინდოდა მოზარდები ყოფილიყვნენ, მეორადებშიც რომ იცმევენ, მოდა აინტერესებთ და იციან, რა აცვიათ, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ძვირიანებს იცვამენ. შეიძლება ძვირიანი კეპი აქვთ და კარგად მოირგონ მეორადი მაისური, ვისთვისაც ტანსაცმელი არის ერთგვარი თვითგამოხატვის ფორმა. აკვირდებიან აქსესუარებს თმას, არიან ექსპერიმეტის პერიოდში და ჩვენც ვეხმარებით ამაში.

თან, ძალიან მახარებს, რომ ბავშვები, ვინც გადავიღეთ  ჩვენი ტანსაცმლით, ზოგი რეკლამაში გადაიღეს, ზოგი სააგენტოში აიყვანეს. აი, ასე ვცვლით სხვის ცხოვრებას, მართალია, შემთხვევით აღმოვაჩინეთ მოდელები, ქუჩაში, მაგრამ მაინც. ყველა ერთად დავდიოდით – მე, დიზაინერები და ფოტოგრაფი. 60-ზე მეტი მოდელი შევარჩიეთ. თავიდან არ იცოდნენ რა ბრენდია, რომ იგებდნენ, ძალიან მოსწონდათ და ამაყობდნენ.

M: თქვენი ხედვით, როგორ შეიძლება გახდეს Reckless გლობალ ბრენდი?

საზღვარგარეთ გატანა არის ერთ-ერთი მიზანი. ძალიან ბევრია სამუშაო. არის სააგენტო, რომელიც მუშაობს პიარისა და გაყიდვების კუთხით, მოდის სფეროში. ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ. ასე ხდება: არჩევ შოურუმს, იხდი ფულს, ჩაგაქვს ნიმუშები, მოდიან დაინტერესებული პირები, თუ რამეს ააჩევენ, ისინი გიკვეთავენ. თავიდან, ცოტას, დატესტვის მიზნით – აინტერესებთ, რამდენად სტაბილური ხარ, რამდენად კარგად იყიდება. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, მერე ზრდიან შეკვეთების რაოდენობას.

კოვიდის გამო, შოურუმების საკითხი შეზღუდულია, შეზღუდულია მიმოსვლაც, ამიტომ ვცდილობთ ონლაინ შეხვედრები ჩავნიშნოთ, ვუგზავნით ბრენდბუქს, ნიმუშებს, სურათებს, მ

ოვლის წესებით და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა, მომდევნო კოლექციები. ჯერ მზად არ ვართ დიდი რაოდენობებისთვის, ნელ ნელა მივალთ აქამდე. ბევრია სამუშაო, მაგრამ ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ.

M: სამომავლოდ…

გვინდა რაღაც სივრცე გავაკეთოთ, არა მაღაზია, არამედ, თავშეყრის ადგილი, განტვირთვის, ავტოფარეხის მსგავს ტერიტორიას ვეძებთ, სადაც ვინილების მაღაზია იქნება ან რამე ამდაგვარი. ახალგაზრდები მუსიკას ქმნიან, დიჯეობენ. გვინდა, რომ ამ სივრცეში დაუკრან, მაგრამ იქამდე, ჯერ პროდუქცია გვინდა დავაგროვოთ. ჯერ უნდა მოვძლიერდეთ.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

უნარები, რომლებიც გუნდის წევრებისთვის სამაგალითო ლიდერს აქვს

Toyota-ს ახალი რობოტები, ხანდაზმულებისთვის საშინაო საქმის შესამსუბუქებლად