in

„ამ ინდუსტრიაში, თითქმის, ყველაფერს შევცვლი“ – ასე შევიდა Red Bull საფეხბურთო სამყაროში

დღეს, ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული სპორტული პროექტის შესახებ მოგიყვებით – 1984 წელს, ავსტრიაში დაწყებული ბიზნესი მალევე „გაფრთიანდა“ და „რედ ბული“, ახლა, მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და გაყიდვადი ბრენდია. კომპანიის თანადამფუძნებელმა და 49%-იანი წილის მფლობელმა დიტრიხ მატერშიცმა ძალების მოსინჯვა ფეხბურთშიც გადაწყვიტა და 2005 წელს ბრენდმა პოზიციონირება ამ მიმართულებით დაიწყო.

„მომისმინეთ და კარგად დაიმახსოვრეთ, მე ამ ინდუსტრიაში, თითქმის, ყველაფერს შევცვლი“, – ასეთი ამბიციური განცხადებით გადადგა პირველი საფეხბურთო ნაბიჯი ავსტრიელმა მილიარდერმა. ჯერ იყო მშობლიური ზალცბურგი და იქაური საფეხბურთო რევოლუცია, შემდეგ საფეხბურთო ხომალდი კონტინენტს გასცდა და აშშ-ში, „ნიუ-იორკ რედ ბული“ გამოჩნდა, მომდევნო გაჩერება ბრაზილიური „რედ ბულ ბრაზილია“ გახდა, ყველაზე დიდი პროექტი კი გერმანული ლაიფციგი აღმოჩნდა.

ეს არ არის მხოლოდ ინვესტირება და უბრალოდ ფუნქციონირება, „რედ ბულს“ აქვს საკუთარი საფეხბურთო ხედვა და კონცეფცია, რომელიც დაფუძნებულია ყოველი წლის შემდეგ გარკვეული ეტაპის მიღწევაზე და ახალი საფეხურისკენ სვლაზე. პროექტი გულისხმობს ძლიერი აკადემიის მოწყობას, სადაც ბავშვები საფეხბურთო სავარჯიშო პროცესის გარდა სწავლობენ სასკოლო საგნებს, მათთან მუშაობენ ფსიქოლოგები, გაწერილია თითოეული ბავშვის სავარჯიშო პროცესი, კვებითი რაციონი, საჭირო მედიკამენტების თუ ვიტამინების ნორმა. უმეტეს შემთხვევაში პრაქტიკული ვარჯიშების გარდა, მწვრთნელები ბავშვებთან ინდივიდუალურ თეორიულ მეცადინეობებს ატარებენ.

მატერშიცის თქმით, სპორტი დიდი გამოწვევაა, სადაც შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ. „რედ ბული“ ბევრ სხვა სასპორტო სახეობას მოიცავს, ცხადია, თითოეულ მათგანს განსხვავებული მართვის სტილი სჭირდება, თუ კომპანია ფორმულა 1-ის საჯინიბოს წლიურად 450 მილიონ ევროს ახარჯებს. შედარებისთვის ,შარშანდელმა „ლაიფციგის“ წლიურმა ბიუჯეტმა, დაახლოებით, 240 მილიონი ევრო შეადგინა, კლუბმა კი არსებობის მანძილზე პირველად იასპარეზა ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის ნახევარფინალში (ჩემპიონთა ლიგა).

ავსტრიული ფეხბურთის სრული დომინანტი „ზალცბურგი“ გახდა, კლუბი შიდა ასპარეზზე უკონკურენტოა. ბოლო წლებში კი სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი მოგებიანი და შემოსავლიანი კლუბია, რომლის შემოსავლების ზრდა 200-300%-იანი ნიშნულებსაც კი აღწევს.

„რედ ბული“ შეჩერებას არ აპირებს, კომპანიაში თვლიან რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ უამრავი გამარჯვება და წარმატებით დაძლეული ბარიერი ელოდებათ. ცნობისთვის, მათი ყველაზე წარმატებული საფეხბურთო პროექტი – „რედ ბულ ლაიფციგის“ საფეხბურთო კლუბი სულ რაღაც 11 წლის წინ, 2009 წლის ბოლოს შეიქმნა. კლუბმა ასპარეზობა გერმანიის რანგით მეხუთე ლიგიდან დაიწყო და უკვე მესამე წელია, ყველაზე მაღალ გათამაშებაში, ბუნდესლიგაში ასპარეზობს.

გოლფის სამოსი, კოსტიუმის ნაცვლად – მადამ ტიუსოს მუზეუმში ტრამპს ჩაცმულობა შეუცვალეს

როგორ წარვმართოთ ნეთვორქინგი, პანდემიის ეპოქაში?