in

რა იყო მანამდე, სანამ Red BULL „გაფრთიანებას” დაიწყებდა?

„რედ ბული აფრთიააანეეებს” – ამ ფრაზას ყველანი ვიცნობთ და ყურშიც ზუსტად ისე გვესმის, როგორც რეკლამაში გვაქვს მოსმენილი. ეს ენერგეტიკული სასმელი არა მარტო ფერადი, ანიმაციური რეკლამებით გვამახსოვრებს თავს, არამედ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების სპონსორობითაც. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიო ბაზარზე უკვე მრავალი ენერგეტიკული სასმელი იყიდება, პირველი ასოციაცია ამ ტიპის სასმელთან მაინც Red BULL-თან არის ხოლმე დაკავშირებული. 

istoriebi
istoriebi

გავეცნოთ ამ ბრენდის ისტორიას და ვნახოთ, რა იყო მანამდე, სანამ Red BULL „გაფრთიანებას” დაიწყებდა.

დაფუძნება

დიტრიხ მატეშიცი ის ადამიანია, ვინც, აღმოსავლეთ აზიის სასმელებით შთაგონებულმა, Red Bull დააარსა. ეს იყო 1980-იანი წლების შუა პერიოდში. მან შეიმუშავა არა მხოლოდ ახალი პროდუქტი, არამედ უნიკალური მარკეტინგული კონცეფცია და გამოუშვა Red Bull Energy Drink, რომლითაც საფუძველი ჩაუყარა პროდუქტის სრულიად ახალ კატეგორიას – ენერგეტიკული სასმელები. 

ვინ იყო მატეშიცი?

მატეშიცი იყო Blendax-ის, კბილის პასტების გერმანული მწარმოებლის საერთაშორისო მარკეტინგის დირექტორი. როდესაც ის 1982 წელს ტაილანდს ეწვია, იქ აღმოაჩინა მცენარეული სასმლის ტიპი, რომელიც ადამიანს ენერგიასა და მხნეობას ანიჭებდა. მატეშიცი დაინტერესდა იდეით და ავსტრიაში დაბრუნების შემდგომ გახსნა კიდეც პირველი საწარმო, რომელშიც თავისი კუთვნილი 500,000 აშშ დოლარი ჩადო ინვესტიციად. მიუხედავად იმისა, რომ მას ამ საქმეში პარტნიორიც ჰყავდა, კომპანიას თავიდან ბოლომდე თვითონ მართავდა.

 

1987 წელს საწარმომ გამოუშვა Red Bull-ის ავსტრიული ვერსია, რომელიც იყო გაზიანი და არა ისეთი ტკბილი, როგორიც მისი ორიგინალი ტაილანდური რეცეპტი. მას თავდაპირველად დაერქვა Krating Daeng, რომელიც უფრო სქელი სიროფის მასა იყო, ვიდრე თანამედროვე რედბული, თუმცა ეტიკეტზე დაკვირვებით, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ კავშირი თანამედროვე ბრენდთან. Red Bull ითარგმნება, როგორც „წითელი ხარი” და პირველ ვერსიას ეხატა ორი წითელი ხარი, რომლებიც ერთმანეთს ეხებიან.

ეს რეცეპტი დასავლელი მომხმარებლისთვის მაინცდამაინც მისაღები არ აღმოჩნდა, ამიტომ დამფუძნებლებმა მისი შეცვლა გადაწყვიტეს და მიიღეს ის სასმელი, რომელსაც დღესაც სიამოვნებით ვყიდულობთ. 

მარკეტინგული ნაბიჯები

მატეშიცს თავისი მარკეტინგული უნარები დაეხმარა პროდუქციის სწორად გარეკლამებაში. Red Bull-მა პოპულარობის მოპოვება ინოვაციური სარეკლამო კამპანიებისა და მარკეტინგული ტექნიკების წყალობით მალევე დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი გათვლა იყო უფასო სასმელების გაცემა – ტრადიცია, რომელიც დღესაც გრძელდება.

 

აშშ-ის ბაზარი

ბრენდი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1996 წელს დამკვიდრდა და, იმის მიუხედავად, რომ აქ მას დახვდა მთავარი კონკურენტი – Monster, მაინც მოახერხა მოწინავე ადგილის დაკავება. ის ამერიკელ მომხმარებელს სეზონურ არომატებს სთავაზობდა, მაგალითად, ზამთრის რედბული და ზაფხულის. ასევე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ყიდდა თავის სტანდარტულ ქილასაც. 

Red Bull-ის წარმატება და კავშირი ფესვებთან

Red Bull გახდა ავსტრიული ფორმულა, რომელმაც დაიპყრო ენერგეტიკული სასმელების ამერიკული ბაზრის თითქმის ნახევარი და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ბაზრის 80%.

აღსანიშნავია, რომ იაპონურ სასურსათო მაღაზიებში კვლავ შეგიძლიათ იპოვოთ სიროფის სტილის ენერგეტიკული სასმელები. ისინი ასევე ხშირად გვხვდება მანგასა და ანიმეებში. მარკეტინგის ექსპერტები ხშირად საუბრობენ ბრენდზე, როგორც იმის ნიმუშზე, თუ როგორ უნდა გახდეს კონკრეტულ მდებარეობაზე შექმნილი პროდუქტი გლობალური ჯაჭვის ნაწილი და რა როლს თამაშობს ამ დროს ინოვაციურობა და სწორი რეკლამა.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

„როცა გიყვარს და ზრუნავ“ — „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს

ESA-ს კოსმოსურმა ზონდმა მერკურის ახლო ხედები გადაიღო