in

Redberry-ის ციფრული პროდუქტების მიმართულებას გიორგი კობიაშვილი უხელმძღვანელებს

კრეატიულმა სააგენტო “რედბერიმ” ტექნოლოგიური მიმართულების განვითარება, ჯერ კიდევ, გასული წლის ბოლოს დააანონსა. 2019 წლის შეჯამებაში, სააგენტომ, სტარტაპ ეკოსისტემის გარდა, ციფრული პროდუქტებისა და გამოცდილებების სამომავლო დახვეწაზეც გვამცნო. ამ ამბავს წინ უსწრებდა გარდამტეხი ეტაპი სააგენტოს ისტორიაში – 2019 წელს, რედბერიმ “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. მეტიც, დაგვპირდა, რომ საკუთარ მასშტაბებს ბევრად გაზრდიდა და გლობალურ ბაზარზე გავიდოდა. ახლა კი, როგორც ჩანს, ტექნოლოგიური ცვლილებების დროც დადგა და სააგენტომ ციფრული პროდუქტების მიმართულებით პირველი ნაბიჯებს შესახებ განაცხადა – “რედბერის” ციფრულ პროდუქტებს გიორგი კობიაშვილი ჩაუდგა სათავეში. სიახლეების შესახებ ჩვენს შეკითხვებს Redberry-ის თანადამფუძნებელმა გაგა დარსალიამ და ციფრული პროდუქტების მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი კობიაშვილმა უპასუხეს.

M: 2019 წლის მიწურულს, “რედბერიმ” ტექნოლოგიური მიმართულებით გააქტიურება დააანონსეთ. უფრო ვრცლად, რას გულისხმობდით?

გაგა დარსალია

გაგა დარსალია: გლობალურად, სარეკლამო ინდუსტრია არსებობის მანძილზე ყველაზე დიდი ცვლილებების წინაშე დგას. ამას უკვე საქართველოშიც ვგრძნობთ. სააგენტოს მხრიდან მხოლოდ კრეატიული საკომუნიკაციო გადაწყვეტების მიწოდება ბიზნესის ზრდისთვის საკმარისი აღარაა. თანამედროვე ბრენდებს ის experience-ები განსაზღვრავენ, რომლებსაც მომხმარებლები მათთან შეხების წერტილებში იღებენ. საუბარია საკომუნიკაციო არხებში ურთიერთბაზე, სხვადასხვა ციფრული პროდუქტების მოხმარებაზე, თუ ფიზიკურ სამყაროში არსებულ სივრცეებთან შეხებაზე.

სწორედ ამიტომ Redberry-ში განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ციფრული პროდუქტების დიზაინისა და დეველოპმენტის მიმართულებით. ამ მხრივ, ჩვენ გვაქვს პროდუქტის დიზაინის საკუთარი მეთოდოლოგია, რომელიც მუშაობის პროცესში ნელ-ნელა ჩამოყალიბდა და დაიხვეწა. მასზე დაყრდნობით უკვე არაერთი წარმატებული პროექტი შეგვისრულებია როგორც კლიენტებისთვის, ასევე ჩვენი სტარტაპ სტუდიისთვის. ეს მეთოდოლოგია საშუალებას გვაძლევს ავიღოთ ბრენდის (ან/და მომხმარებლების) წინაშე არსებული პრობლემა / გამოწვევა და  design thinking-ის პრინციპებზე დაყრნობით შევიმუშავოთ პროდუქტის დიზაინი, რომელიც არსებულ პრობლემას გადაჭრიდა.

M: რა ნაბიჯები გადადგით ამ მიმართულებით?

წელს ჩვენი ამოცანაა მეტად განვავითაროთ ჩვენი შესაძლებლობები ტექნოლოგიების მიმართულებით, რათა შევძლოთ უფრო კომპლექსური პროექტების დეველოპმენტი მაღალ ხარისხზე როგორც ჩვენი სტარტაპ სტუდიისთვის, ასევე ჩვენი ლოკალური და საერთაშორისო კლიენტებისთვის. სწორედ ამ მიზნით, ჩვენს გუნდს შემოუერთდა გიორგი კობიაშვილი. კობის აქვს ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი და მრავალფეროვანი გამოცდილება. იგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა გუნდს, რომელმაც შექმნა საჯარო რეესტრის სხვადასხვა სისტემები, რომლითაც სარგებლობს საქართველოს მილიონობით მოქალაქე. ასევე კობის აქვს მრავალწლიანი გამოცდილება განათლების მიმართულებით ტექნოლოგიებში. იგი არის თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებები სკოლის ლექტორი. საგანმანათლებლო გამოცდილება არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რადგან ტექნიკური გუნდის გაზრდა და განვითარება არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა.

M: გიორგი, როგორ ხედავთ ამ მიმართულების განვითარებას?

გიორგი კობიაშვილი

გიორგი კობიაშვილი: ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ძირითადად დაფუძნებულია მაღალკვალიფიციურ, მოტივირებულ ადამიანებზე. თავისი არსებობის მანძილზე, “რედბერიმ” ბევრი ძლიერი სპეციალიტი მიიზიდა თავის გუნდში, ბევრიც გაიზარდა “რედბერისთან” ერთად. ეს ტრენდი კიდევ უფრო გაძლიერდება.

მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა განვითარების თანმდევი პროცესია. “რედბერი” არის ადგილი, სადაც შესაძლებელია საინტერესო, მრაფალფეროვან, კომპლექსურ პროექტებზე მუშაობა. ჩვენთვის კადრების განვითარება პრიორიტეტულია. კვალიფიკაციის ამაღლებას დიდი დრო და რესურსი ეთმობა, რაშიც  აკადემიური გამოცდილება მეხმარება.

M: რა სიახლე გაქვთ ციფრული პროდუქტების მიმართულებით? რა შეიცვალა სერვისებში?

გიორგი კობიაშვილი:რედბერის” უნიკალურობა ისაა, რომ ჩვენი სერვისები ფარავს ყველა ეტაპს პროდუქტის დიზაინიდან დაწყებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილების ჩათვლით. უპირველეს ყოვლისა, გაიზრდება სერვისების პორტფელი – პარტნიორებს შევთავაზებთ უახლოეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ასევე, მასშტაბირებადი cloud სერვისების შექმნას, რაც ჩვენს პარტნიორებს შესაძლებლობას მისცემს თავიანთი პროდუქტი მარტივად ხელმისაწდომი გახადონ მსოფლიო ბაზრისთვის.

“რედბერი” პროექტებს მართავს ეჯაილ მეთოდოლოგიით. პროდუქტის შექმნის პროცესი გამჭვირვალე და მოქნილია. ჩვენი სტრატეგიული მიზანია არასტაბილურ, სწრაფად განვითარებად სამყაროში პარტნიორებს მივაწოდოთ სტაბილური, მაღალი ხარისხითა და გამჭვირვალობით გამორჩეული სერვისები.

M: რას შეცვლის “რედბერისთვის “ამ მიმართულებით გააქტიურება?

გიორგი კობიაშვილი: უფრო დიდი და კომპლექსური პროექტების შესარულებას. გვინდა შევქნათ მყარი პრეცედენტი, რომ ქართველებსაც შეგვიძლია მსოფლიო მასშტაბისა და ხარისხის ინტელექტუალური პროდუქტის შექმნა. გვსურს შემოვიკრიბოთ გამბედავი, ზრდაზე ორიენტირებული ადამიანები, ვისაც გავუზიარებთ დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას. ცოდნის გაზიარება არის გზა, რომლითაც ყველა მონაწილე ხდება უფრო ძლიერი და წარმატებული.

M: სფოთლაით 2019-ზე გაგა დარსალიამ საერთაშორისო მასშტაბებზე გასვლაზე ისაუბრა. რა კავშირი აქვს ამ დიდ მიზანთან ამ კონკრეტული მიმართულების განვითარებას?

გიორგი კობიაშვილი: ტექნოლოგიებზე მოთხოვნილება მზარდია როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ. რაც მთავარია, სხვა ინდუსტრიებისგან განსხვავებით, ტექნოლოგიები ერთნაირია ყველა ქვეყანაში. საქართველოში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მოთხოვნადია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

ეს დიდ შესაძლებლობას გვაძლევს გავხდეთ მსოფლიო ბაზრის მონაწილე. ექპორტზე გავიტანოთ როგორც ჩვენი კომპეტენცია, ასევე  საქართველოში შექმნილი ტექნოლოგიური პროდუქტები.

ყოველი ტექნოლოგიური სიახლე არის შესაძლებლობა გახდე მოწინავე შენს სფეროში. დღეს ასეთ შესაძლებლობას იძლევა cloud ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი. ჩვენს მიერ შექნილი პროდუქტები დაფუძნებულია საუკეთესო მოწინავე ტექნოლოგიებზე, რაც ზრდის საერთაშოისო ბაზარზე გატანის შესაძლებლობას.

ვფიქრობ საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრება მთელი საქართველოს მიზანია. ამ ეტაპზე კარგი შესაძლებლობებია, რადგან მსოფლიოში  მიმდინარეობს ტექნოლოგიების განახლება, გადახალისება. სავარაუდოდ გვაქვს სამიდან ხუთწლამდე დროის ინტერვალი სანამ მოხდება მსოფლიო ბაზრის გაჯერება ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით. ამ შესაძლებლობის ეფექტურად გამოსაყენებლად გვინდა შემოვიკრიბოთ წარმატებული ქართული კომპანიები და ინდივიდები, რომ ერთიანი ძალებით ყველამ სწრაფად შევძლოთ საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრება. ეს იქნება პარტნიორული ურთიერთობა სადაც ყველა მხარე მოგებული დარჩება. ამის გარანტი არის მსოფლიო ბაზრის მასშტაბი და ახალი შესაძლებლობები.

გაგა დარსალია: Redberry-ში ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაზრდა საშუალებას მოგვცემს სრულად განვახორციელოთ ჩვენი სააგენტოს ხედვა: კრეატივის, პროდუქტის დიზაინის, ტექნოლოგიებისა და ციფრული მედია დაგეგმარების სინთეზით შევქმნათ experience-ები, რომლებიც უზრუნველყოფს ბრენდების ზრდას.

ციფრული პროდუქტების მიმართულებით, გაგვეზრდება შესაძლებლობა ჩვენი სერვისები გავიტანოთ საერთაშორისო ბაზარზე, სადაც კლიენტებისთვის შევძლებთ ვიყოთ სანდო, სტაბილური და მაღალი ხარისხის სერვისის მქონე პარტნიორი.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Google Maps იმ ადგილების მოძებნაშიც დაგეხმარებათ, სადაც თქვენი საყვარელი ფილმებია გადაღებული

Apple iPhone-ის ძველი მოდელების მუშაობის შენელებისთვის დაჯარიმდა