სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ სააგენტო „რედბერიმ“ საინვესტიციო ჯგუფ „საქართველოს კაპიტალისგან“ 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. გაჩნდა ეჭვები და შეკითხვები: „საქართველოს კაპიტალმა“ „რედბერი“ იყიდა? სააგენტო მხოლოდ საინვესტიციო ჯგუფში შემავალ კომპანიებს მოემსახურება? „საქართველოს კაპიტალი“ სააგენტოს საქმიანობაში ზედმეტად ხომ არ ჩაერევა?
თუმცა, გაიჟღერა აზრმაც, რომ ეს შეთანხმება საუკეთესო პრეცედენტი იყო შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის, რადგან პირველად, დიდმა ადგილობრივმა ინვესტორმა ინტელექტუალურ რესურსში გადაწყვიტა კაპიტალის დაბანდება – იდეებში, ხედვებში… და დიჯიტალიზაციის პროცესის ადეკვატური ანალიზით, შედეგად, სარეკლამო სააგენტო „რედბერი“ ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტოდ იქცა.
უფრო კონკრეტულად, დიჯიტალიზაციის პროცესის ადეკვატურ ანალიზში ვგულისხმობთ იმას, რომ ციფრული სამყარო საკომუნიკაციო მედიიდან იქცა მედიად, რომელშიც ბიზნესის კეთებაა შესაძლებელი. ანუ, ბრენდები აქ წარმოდგენილები უნდა იყვნენ არა მხოლოდ როგორც საკომუნიკაციო, არამედ როგორც სრულფასოვანი ბიზნესსუბიექტები.
რას გულისხმობს ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტოდ გარდაქმნა?
ეს ნიშნავს, რომ სააგენტო უფრო სიღრმისეულად უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომელიც ტექნოლოგიებისა და გარემოს სწრაფი განვითარების პირობებს შეესაბამება. რადგან დღესდღეობით, მომხმარებლის ქცევა იმგვარად შეიცვალა, რომ ბიზნესის ნებისმიერ სექტორში ისეთ „იქსფერიენსებს“ – გამოცდილებებს ეძებს, რომლებსაც დიდი ბრენდები სთავაზობენ, როგორიც ვთქვათ, „ამაზონია“ – ონლაინშოპინგი; ონლაინდაზღვევა… და ა.შ.
რა მიმართულებებით იმუშავებს „რედბერი“?
კრეატიული, ბიზნესსაკონსულტაციო სერვისებისა და ტექნოლოგიური კომპონენტების მიმართულებით.
კონკრეტულად, რა სერვისებს შესთავაზებს ბაზარზე არსებულ კომპანიებს? – კრეატიულ საკომუნიკაციო სერვისებს, ციფრული პროდუქტების დიზაინსა და დეველოპმენტს, კონტენტის ფროდაქშენს, ციფრულ გაყიდვებს, მედიადაგეგმარებასა და საკონსულტაციო სერვისებს.
რა ბიზნესმოდელით იმუშავებს სააგენტო?
სააგენტო ქართულ ბრენდებს ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის საშუალებას მისცემს. „რედბერი“, ასევე, პასუხისმგებლობას აიღებს ბიზნესშედეგებზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის, ბიზნესის ტრანსფორმაციის პროცესში, მონაწილეობას ფინანსური კაპიტალის დონეზეც მიიღებს. ანუ, „რედბერი“ თავისივე ინვესტიციით შემოვა კლიენტთან ურთიერთობაში და როგორც თავად სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, ეს იქნება პასუხისმგებლობის აღების ყველაზე მაღალი დონე, რაც კი სააგენტოსა და კლიენტს შორის, ბიზნესურთიერთობაში შეიძლება არსებობდეს.
სტარტაპ სტუდია – „რედბერიმ“ უნდა შექმნას სტარტაპების განვითარების მიკროეკოსისტემა, რომელიც სააგენტოს შიდაადამიანური რესურსისა და ფინანსური კაპიტალის ხარჯზე უნდა განხორციელდეს. საქართველოში იარსებებს ადგილი, სადაც ნამდვილი ტექნოლოგიური სტარტაპი დაიბადება, განვითარდება და შემდეგ, გარედან მოიძიებს ინვესტიციას.
მხარეების ვალდებულებები
„საქართველოს კაპიტალში“ აცხადებენ, რომ სააგენტოს სრული დამოუკიდებლობა აქვს, ეს კი გამოიხატება ინვესტიციის „ექვითიში“ ჩადებაში. ანუ, „რედბერის“ ფული კი არ ასესხეს, დაავალდებულეს ან თუნდაც, მენეჯმენტში შეეჭრა ინვესტორი, არამედ სრული ნდობა გამოუცხადეს მას.
ვისთან ითანამშრომლებს „რედბერი“?
„რედბერის“ კონკრეტული სახელმძღვანელო აქვს, რომლის მიხედვითაც, კლიენტთან თანამშრომლობის პოტენციალს შეაფასებს. სააგენტოს წარმოდგენილი ექნება, რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი კონკრეტული ბრენდის ციფრული ტრანსფორმაციით. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მხოლოდ საინვესტიციო ჯგუფის წევრ კომპანიებთან თანამშრომლობით არ შეიზღუდება.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ფონდი
„საქართველოს კაპიტალისა“ და „რედბერის“ თანამშრომლობის ინიციატივა ნიკა გუჯეჯიანს ეკუთვნოდა. ამიტომ, სწორედ მისი სახელი დაერქვა 2.5 მილიონდოლარიან ქვესაინვესტიციო ფონდს, რომელიც სტარტაპებს განვითარებაში დაეხმარება.
საქართველოს ბიზნესის ისტორიისთვის, ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ორი თაობის ბიზნესს შორის სერიოზული ნდობა გაჩნდა, რაც თავის მხრივ, სწრაფ ტემპში, შემოქმედებითი ინდუსტრიისა თუ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის საინტერესო ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას იძლევა.
ავტორი: თიკა გეგენავა