8
May
2019

სააგენტო „რედბერიმ“ $3.2 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

8 May 2019

ციფრული მარკეტინგის ქართულმა სააგენტომ „რედბერი“, „საქართველოს კაპიტალისგან“, 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. თავად ამბობენ, რომ ამ რესურსს, კლიენტებთან მეტი ინტეგრაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის სრულფასოვან სააგენტოდ გარდაქმნისთვის გამოიყენებენ.

 

„მოზიდული ინვესტიცია სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს, არსებულ სერვისებს ახალი სერვისები დაუმატოს და მათი ეფექტური ინტეგრაციით ბაზარზე სრულიად უნიკალური შეთავაზება გააკეთოს – ინოვაცია, როგორც სერვისი. „რედბერიში“ შეიქმნება ციფრული ინოვაციების სრულყოფილი შიდა ეკოსისტემა, რაც აერთიანებს: კრეატიულ საკომუნიკაციო სერვისებს, ციფრული პროდუქტების დიზაინსა და დეველოპმენტს, კონტენტის ფროდაქშენს, ციფრულ გაყიდვებს, მედიადაგეგმარებასა და საკონსულტაციო სერვისებს“.

სააგენტოში ამბობენ, რომ შექმნილი ეკოსისტემა სრულიად ხელმისაწვდომი იქნება „რედბერის“ კლიენტებისთვის, რაც სააგენტოს მათთან უფრო სიღრმისეული ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას მისცემს. მათივე თქმით, კლიენტებთან ბიზნესპარტნიორობის გზით, „რედბერი“ შექმნის ახალ ციფრულ პროდუქტებს და განავითარებს გაყიდვის ციფრულ არხებს. როგორც თვითონ ამბობენ, მოზიდულ ინვესტიციას, ახალი ციფრული სტარტაპების შექმნისა და განვითარებისთვისაც გამოიყენებენ.

ლევან კეცხოველი („რედბერის“ მმართველი პარტნიორი): „ძალიან მიხარია, რომ ეს თანამშრომლობა შედგა. თავის მხრივ, ეს შეთანხმება საუკეთესო პრეცედენტია ჩვენს ინდუსტრიაში, ქვეყნის წამყვანმა საინვესტიციო კომპანიამ, ინვესტიცია ჩადოს ინტელექტუალურ რესურსში. ვფიქრობ, ძალიან კარგი დასაწყისია ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად განვითარებისა და წინსვლისთვის. ბოლო წელი განსაკუთრებით  შედეგიანი აღმოჩნდა „რედბერისთვის“. ჩვენს მიერ განხორციელებულმა კამპანიებმა უამრავი მნიშვნელოვანი ჯილდო მოიგო საერთაშორისო ასპარეზზე. შექმნილმა გადაწყვეტებმა კი რთული პრობლემები წარმატებით გადააჭრევინა და ბიზნესის ხელშესახები ზრდა მოუტანა ჩვენს კლიენტებს. ასეთი მომენტის დროს, მჯერა, ეს სწორედ ის სინერგიაა, რომელიც ფრთების კიდევ უფრო ფართოდ გაშლაში დაგვეხმარება და თითოეულ რედბერელს თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს. „რედბერის“ ხომ თითოეული ჩვენგანის პროფესიონალიზმი, ენერგია და ენთუზიაზმი ქმნის“.

გაგა დარსალია („რედბერის“ მმართველი პარტნიორი): „მოზიდული ინვესტიცია განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის საშუალებას მოგვცემს. შევძლებთ, გავხდეთ სააგენტო, რომელიც კლიენტებს წარმატებული ციფრული ტრანსფორმაციისთვის სერვისების სრულყოფილ სპექტრსა და ურთიერთობის პარტნიორულ მოდელს შესთავაზებს.  ვფიქრობ, ეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი ბაზრისთვის ძალიან დროული და სასარგებლო მოვლენა იქნება. მომხმარებლები ბრენდებისგან სულ უფრო და უფრო მეტად მოელიან იმავე ხარისხის გამოცდილების მიღებას, როგორსაც ტექნოლოგიური გიგანტებისგან იღებენ. შესაბამისად, ტრადიციული ბრენდების სწორი ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობა დღითი დღე იზრდება“.

„საქართველოს კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და დირექტორი ირაკლი გილაური ამბობს, რომ მათი კომპანია წარმატებით შევიდა სწრაფად მზარდ ციფრულ სექტორში.

„ციფრული ტრანსფორმაციის სერვისებში ინვესტიცია კარგად თავსდება ჩვენს პორტფელთან და გვაძლევს ციფრული შესაძლებლობების განვითარების საშუალებას ჩვენს ბიზნესებში. „რედბერის“ მენეჯმენტის გუნდთან თანამშრომლობით მოველი არსებული სტრატეგიული ხედვის აღსრულებას და დივერსიფიცირებული ბიზნესმოდელის შექმნას, რომელიც სხვადასხვა ციფრულ სერვისებს გააერთიანებს“.

„რედბერი“ 2014 წელს შეიქმნა. როგორც თავად ამბობენ,  დღეს, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ციფრული მარკეტინგული სააგენტოა საქართველოში, რომელიც, წამყვან ქართულ კომპანიებს, ეკონომიკის მრავალ სექტორში ემსახურება.

სააგენტო „რედბერის“ შექმნის ისტორიას, ვრცლად, შეგიძლიათ, „მარკეტერის“ სტატიაში გაეცნოთ.

განხილვა