in

სტარტაპ იდეიდან საკომუნიკაციო სააგენტომდე, ანუ როგორ გაჩნდა Redberry?

Redberry – ალბათ, პირველად ამ სახელს რომ გაიგებთ “წითელ კენკრასა” და ცნობილი მწერლის გვარს შორის გაიჭედებით.. მაგრამ არა! ის ხომ ბრედბერია.. მაშინ რას უნდა ნიშნავდეს ეს სახელი? 2008 წლის ერთ მშვენიერ დღეს გამართულ “რა? სად? როდის?-ზე” “მარსის ქრონიკების” შესახებ დასმულ კითხვაზე გუნდმა პასუხად “რედბერი” გასცა. პასუხი, რასაკვირველია, არასწორი იყო, თუმცა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, სწორედ ამ მომენტში გადაწყდა ის, თუ რა დაერქმეოდა ახალ ქართულ საკომუნიკაციო სააგენტოს წლების მერე.

რედბერის ისტორია 2014 წელს დაიწყო – მას შემდეგ, რაც მისმა დამფუძნებლებმა მათი სტარტაპ იდეის საკუთარი ძალებით დასაფინანსებლად გადაწყვიტეს, რომ ციფრული სააგენტოს სერვისები ბაზრისთვის შეეთავაზებინათ. ამ სერვისებმა კი ეს ადამიანები “რედბერიმდე” მიიყვანა, თანაც ისე, რომ თავდაპირველი სტარტაპის იდეა წარსულს ჩაბარდა. თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ამ გამოცდილებამ რედბერის დაბადებიდან მოაყოლა სტარტაპ კულტურა და ენტრეპრენერული სულისკვეთება, რაც დღემდე სააგენტოს მთავარი მამოძრავებელი ძალაა. 2014 წლის 1 სექტემბერს დაიწყო მათი საოფისე ცხოვრება. თავიდან ოთხნი იყვნენ. იხსენებენ, თუ როგორ ააწყეს ამავე ოფისში ელიავადან მოტანილი მაგიდები, თანაც – 2-ით ზედმეტი, რადგან იმედოვნებდნენ, რომ ახალ თანამშრომლებს მალე მიიმატებდნენ.

ამბობენ, რომ თავდაპირველად ბევრი წინაღობა ხვდათ წილად, რადგანაც უკვე არსებობდა ამ ინდუსტრიაში სერიოზული ბაზარი, სადაც კონკურენციის გაწევა რთული იქნებოდა.

“დიდი ენთუზიაზმისა და საქმისადმი სიყვარულის ხარჯზე მოხდა უფრო ეს ამბავი. თუმცა, ამ წინაღობებს დაბრკოლებებად მაინც არ აღვიქვამდით, ძალიან გვეხალისებოდა მათზე მუშაობა. დაბრკოლებებს გამოწვევებად უფრო ვიღებდით. რაც მეტად რთული პროექტი იყო, უფრო გვიხაროდა ხოლმე.”

რედბერის ისტორიის, განვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ სააგენტოს მმართველი პარტნიორი გაგა დარსალია მთელი გუნდის სახელით გვესაუბრა:

M: როგორი იყო “რედბერის” ცხოვრება თავდაპირველად?

პირველი ერთი წელი უფრო თვითგამორკვევის პროცესში ვიყავით, რისი კეთებაც გვიყვარდა და შეგვეძლო, იმას ვაკეთებდით და კლიენტებსაც ვპოულობდით, რომლებთანაც ჩვენი ინტერესები და მიდრეკილებები თანხვედრაში იყო. ვცდილობდით, გაგვერკვია, რა სერვისები გვინდოდა, რომ გვქონოდა, როგორი ბიზნეს-მოდელით უნდა გვემუშავა. როდესაც ამ ყველაფერზე ჩამოვყალიბდით, მერე უკვე დავიყავით გუნდებად და მივხვდით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, ბევრი ცვლილება მოგვეტანა კლიენტებისთვისაც და ზოგადად ქვეყნისთვისაც.

M: როგორია “რედბერის” შიდა სტრუქტურა დღეს?

მივხვდით, რომ ჩვენი შესაძლებლობებით და რესურსებით, შეგვეძლო, გაგვეწია ციფრული ტრანსფორმაციის სერვისები – ბრენდების მომხმარებლებთან შეხების წერტილების გაციფრულებით შეგვექმნა ახალი ღირებულება ბაზრისთვის და მოგვეტანა კლიენტებისთვის ბიზნესის ხელშესახები ზრდა. სწორედ ამას მოჰყვა გუნდებად დაყოფა. დღეს რედბერის სერვისები აერთიანებს ხუთ ძირითად მიმართულებას: 1) კრეატიული სერვისები – კრეატიული კამპანიების დაგეგმვა და აღსრულება, ბრენდების ციფრული არხების მართვა (Facebook, Instagram, Youtube, etc.), დიზაინ სერვისები და კონტენტის შექმნა ციფრული მედიისთვის, 2) ციფრული პროდუქტების დიზაინი და დეველოპმენტი, როგორიცაა ვებ-გვერდები, მობილური აპლიკაციები, სხვადასხვა კომპლექსური სისტემები და პლატფორმები, 3) ციფრული მედია დაგეგმარება, მონაცემების ანალიზი და ციფრული გაყიდვების მართვა, 4) ფოტო და ვიდეო კონტენტის ფროდაქშენი – განსაკუთრებული აქცენტით ციფრულ მედიაზე მორგებულ ვიდეო კონტენტზე, 5) საკონსულტაციო სერვისები – ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიის შემუშავება ბრენდებისთვის – როგორც პროდუქტების განვითარების, ასევე კომუნიკაციისა და გაყიდვების მხრივ. რედბერის სტრატეგიული გუნდი უზრუნველყოფს, რომ კლიენტებმა ჩვენი სერვისები ინტეგრირებულად მიიღონ და სწორედ ესაა რედბერის ძლიერი მხარე: ჩვენი დაკვირვებით, რაც უფრო მეტი მიმართულებით ვთანამშრომლობთ კონკრეტულ ბრენდთან, მით მეტია ბიზნეს შედეგი, რასაც კლიენტთან ერთად ვაღწევთ.

M: რომელ პროექტებს გამოყოფდით რედბერის მოღვაწეობიდან?

ჩვენი პროექტებიდან ყველაზე მეტად გამოვყოფდი ორს: Secret Santa-ს, რომელიც უკვე მესამე წელია, ტარდება. იგი უნიკალური ქეისია, რადგანაც ორი სააგენტოს – რედბერის და მეტროს კოლაბორაციით კეთდება ყოველ წელს. თანაც, ეს პროექტი ტრადიცია გახდა უკვე ხალხისთვის, მათთვის ახალი წელი, გარკვეულწილად, შეიცვალა.

ასევე, გამოვყოფდი GWP – ის (Georgian Water and Power) კამპანიას. კამპანიის გაკეთებამდე საზოგადოებას ბრენდისადმი ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა. ყველა ლანძღავდა, აგინებდა და უბრაზდებოდა მათ. აქ მივხვდით პირველად, რომ უნდა აგვეწყო არატრადიციული, ჩვენზე მორგებული “ფროდაქშენის” სისტემა. რეალურად, კომპანიას ძველ, საბჭოთა წყლის გაყვანილობის სისტემაზე მუშაობა მოუწია, რაც ძალიან დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, თუკი საზოგადოებას პირადად უპასუხებდა მომუშავე პერსონალი, რომელსაც დღე და ღამე უწევთ მუშაობა. ძალიან ეფექტური გამოვიდა ეს კამპანია – ერთ დღეში შეიცვალა განწყობა..

M: ცოტაოდენი “რედბერის” მიერ მოპოვებული ჯილდოების შესახებ..

პირველი ჯილდო მივიღეთ Secret Santa-სთვის 2017 წელს “კიაფსა” და “გოლდენ ჰამერზე”, 2018 წელს ასევე GWP-მ გრანპრისთან ერთად 13 ჯილდო მოიგო. ყველაფერ ამის შემდეგ იყო ad black sea, white square, golden drum, eurobest.. ჯამში 50-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო გვაქვს მიღებული. ჯილდოები ძალიან დიდი მოტივაციაა, მნიშვნელოვანი დაფასება და იმის აღიარებაა, რომ პროდუქტი, რომელიც შექმენი, საერთაშორისო ხარისხისაა და არა – ლოკალური ხარისხის. თუმცა, შეიძლება, კამპანია ჯილდოს გარეშეც წარმატებული იყოს, რისი არა ერთი მაგალითი არსებობს.

M: როგორ ფიქრობთ, რა არის “რედბერის” ნიშა?

ჩვენ თავიდანვე ციფრული სააგენტო ვიყავით და ამ ფოკუსს არ ვკარგავთ. კარგი გამოცდილება გვაქვს და მედიაზე მორგებულები ვართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დროში. Facebook, Instagram, Youtube და სხვა ციფრული არხები ძალიან ჩქარა ვითარდებიან, ახალ ფუნქციებს ამატებენ/იცვლებიან, ახალი ტრენდები იქმნება მსოფლიოში, ჩნდება კონტენტის ახალი ფორმატები, ყოველდღიურად იცვლება ადამიანების ქცევა და მოლოდინები ბრენდების მიერ შეთავაზებული გამოცდილებების მიმართ. ვფიქრობთ, ამ სწრაფი ცვლილებების პულსზე ხელი კარგად გვიჭირავს და კლიენტებს მაქსიმალურად რელევანტურ გადაწყვეტებს ვთავაზობთ.

M: როგორია “რედბერის” სამომავლო გეგმები?

რედბერი აქამდე იყო ციფრული კომუნიკაციების სააგენტო და გვინდა, გავხდეთ სრულფასოვანი ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტო. საკმაოდ მნიშვნელოვან პროდუქტებს შევქმნით მაგ მხრივ, რომლებიც ბევრი ბრენდისა და ადამიანის ცხოვრებას შეცვლის. ცოტა უფრო გრძელვადიანი მიზანი არის ის, რომ საზღვარგარეთ გავიტანოთ ჩვენი სერვისები. რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგმული გვაქვს ამ მხრივ, საფრანგეთში გავაკეთეთ რამდენიმე პროექტი. ვფიქრობთ, რომ საქართველოს კარგი პოტენციალი აქვს იმისა, რომ კრეატიული სერვისებისა და ციფრული ტექნოლოგიების სერვისების ექსპორტი გააკეთოს.

M: ზოგადად, როგორ ხედავთ დღევანდელობაში ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობას?

ციფრული ტრანსფორმაციით გარდავქმნით როგორც ბრენდების მომხმარებელთან შეხების წერტილებს, ასევე კომპანიის შიდა პროცესებს და ზოგ შემთხვევაში მთლიანად ბიზნეს მოდელსაც კი, რაც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ახალი ღირებულება ბაზრისთვის. ეს ნიშნავს, რომ, განსხვავებული გზებით, მომხმარებლისთვის უფრო მარტივად ხელმისაწვდომს ვხდით სხვადასხვა პროდუქტებს და მომსახურებებს. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები ბრენდებისგან სულ უფრო და უფრო მეტად მოელიან იმავე ხარისხის გამოცდილების მიღებას, როგორსაც იღებენ დიდი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ შეთავაზებული პროდუქტების და სერვისების მოხმარებისას (მაგ: Google, Amazon, Facebook, Apple). ეს ეხება ისეთ ტრადიციულ ინდუსტრიებსაც, როგორიცაა ბანკინგი, ჯანდაცვა, ფარმაცია, დაზღვევა და ა.შ. შესაბამისად ამ და სხვა ინდუსტრიებშიც ბრენდების ციფრული ტრანსფორმაცია სულ უფრო და უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება.

M: როგორია თქვენი კორპორატიული კულტურა?

სააგენტო მთლიანად ადამიანებზე დგას. ყველაფერი, რასაც რედბერიში ვქმნით თითოეული ჩვენი თანამშრომლის შექმნილია. შესაბამისად, ჩვენი კორპორატიული კულტურა ამ ადამიანებისთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნას ეფუძნება. სტრუქტურა მაქსიმალურად ჰორიზონტალური გვაქვს, გარემო თავისუფალი, ექსპერიმენტებსა და განვითარებაზე ორიენტირებული. ჩვენ გვჯერა, რომ თუ ადამიანებს, ვისაც საკუთარი საქმის კეთება უყვართ, სწორად დავანახებთ და ავუხსნით კონტექსტს, მათ არ დასჭირდებათ ზედმეტი კონტროლი იმისათვის, რომ თავისი მაქსიმუმი დადონ.

ჩვენ ბუნებით „ექსფლორერები“ ვართ, ვცდილობთ მუდმივად აღმოვაჩინოთ ახალი შესაძლებლობები, ვიმოქმედოთ სწრაფად, ვიყოთ გაბედულები და მოქნილები. “Jump off the cliff and build your wings on the way down” – რეი ბრედბერის ეს სიტყვები საკმაოდ კარგად გამოხატავს ჩვენი კულტურის ხასიათს. ვფიქრობთ, რომ „great workplace is stunning colleagues” და რედბერის მართლაც დიდი ადამიანური გრავიტაცია აქვს, რომელსაც თითოეული თანამშრომელი ქმნის და რასაც თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ. ყველაფერი, რასაც ვქმნით, ამ ენერგიით იქმნება.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

მოწყობილობა, რომელიც შშმ ბავშვებს სიარულის შესაძლებლობას აძლევს