in

RedBull Lukvrame – ქართული ხის ციგურებით სრიალის გაცოცხლებული ტრადიცია

ვინ იფიქრებდა, რომ მესტიის ერთ-ერთ სოფელში, სათხილამუროდ ჩასული ორი მეგობრის შთაბეჭდილება ეროვნულ ტრადიციას გააცოცხლებდა და ყოველწლიურ შეჯიბრს დაუდებდა სათავეს. სამყაროში, სადაც ზამთრის სპორტისთვის გადაადგილების არაერთი საშუალება არსებობს, ქართული ალტერნატივა გამოჩნდა. გადავწყვიტეთ, ეს სტატიაც ამ ამბავს მივუძღვნათ და სანამ ცივი სეზონი კარს გაიხურავს, ერთ დიდებულ პროექტზე – RedBull Lukvrame-ზე – გესაუბროთ, რომელმაც ამ ზამთარში, RedBull Georgia-ს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების სააგენტოს მხარდაჭერით, სტარტი მესტიაში აიღო.

ფოტო: თამარ მეფარიშვილი

თხილამურებამდე დიდი ხნით ადრე, საქართველოს მთიან რეგიონებში ქართული ციგურებით სრიალებდნენ. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მას განსხვავებული სახელით მოიხსენიებდნენ: ლუხმედი, გელმა, ქოკი, ლეხმარკილაი, კანკი, კამარი, კაგდები… ესაა ხის სასრიალო მოწყობილობა, რომელიც ტერფის სიგანის ძელებზე დამაგრებული რკალური საყრდენებისგან სგან შედგება. მასზე დასადგომად, ფეხი რკალის ბოლოებს შორის მჭიდროდ უნდა მოათავსო, ხელებით კი – რკალებს დაეყრდნო. ციგურები არამხოლოდ ტრანსპორტირებისთვისაა მარტივი – მათი მხარზე გადაკიდება და თან ტარებაც შეიძლება.

ფოტო: რეზი ყენია

და აი, ერთ დღეს, მესტიის ერთ-ერთ სოფელში, სათხილამუროდ ჩასული ორი მეგობარი – ლერი ნიგურიანი და ანდრო ბურდული – ციგურებით მოსრიალე ბავშვებს წააწყდნენ. ლერის საკუთარი ბავშვობა გაახსენდა – ერთ დროს, ლუხმედებით (სვანეთში ციგურებს ასეც მოიხსენიებენ) თავადაც სრიალებდა. იფიქრეს, რა კარგი იქნებოდა, ხის ციგურები თანამედროვეობაში შეჯიბრების სახით გაეცოცხლებინათ და ტრადიციად ექციათ…

ფოტო: თამარ მეფარიშვილი

ამ ინიციატივით ლერიმ და ანდრომ RedBull საქართველოს მიმართეს და ერთობლივი კვლევა დაიწყეს. ლუხმედები, სოფლებში, აქა-იქ შემორჩენილი იყო, თუმცა არც ისე მარტივი საპოვნელი აღმოჩნდა. საბოლოოდ, მაინც იპოვნეს ციგურების ოსტატი – ვალერი ვიბლიანი, რომელმაც Redbull Lukvrame-სთვის ლუხმედების დამზადებაზე იზრუნა.

ფოტო: ნინო მაზანიშვილი

ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, შეჯიბრს სვანური სახელი დაარქვეს – RedBull Lukvrame – ლუკვრამე გაყინულს ნიშნავს. ღონისძიების ჩატარების ადგილად მესტიის ცენტრში, ლანჩვალის უბანი შეარჩიეს, სადაც დამრეცი ფერდობი და მოყინული გზა ლუხმედით დასაშვებად მოსახერხებელია. დაშვების სურვილი ბევრმა გამოთქვა – სპეციალურად ამისთვის, სხვა რეგიონებიდანაც კი ჩამოვიდნენ. RedBull Lukvrame-ს განსაკუთრებული სერიოზულობით მოეკიდნენ მიმდებარე სოფლებში, სადაც „შიდაშესარჩევი“ შეჯიბრებები ტარდებოდა. მონაწილეობის სურვილი ბევრმა მოზარდმა გამოთქვა, თუმცა ასაკობრივი შეზღუდვის გამო, გულდაწყვეტილებმა გადაინაცვლეს გულშემატკივრებში.

ფოტო: ნინო მაზანიშვილი

პირველი RedBull Lukvrame 2022 წლის 5 თებერვალს, ლანჩვალის უბანი გულშემატკივრებით გაივსო. ყველას აინტერესებდა, როგორია ამ უჩვეულო ციგურებით ასპარეზობა, როგორ შედეგს აჩვენებს მისი 28 მონაწილე. როგორც ჩანს, წინასწარ ვარჯიშმა შედეგი გამოიღო და გამარჯვებულებმა შთამბეჭდავ დროში დაფარეს მანძილი. სამი გამარჯვებული, სისწრაფის მიხედვით გამოვლინდა. პირველი ადგილი ლაშა შუკვანმა დაიკავა – მან ფინიშამდე ჩასრიალება 21:31 წამში მოასწრო. მეორე ადგილზე გიორგი ჯაჯვანი გავიდა – 22:12 წამიანი მაჩვენებლით. მესამე ადგილი კი დავით ფილფანს ერგო – 22:32 წამი. ყველაზე კრეატიული კოსტიუმისთვის კი, ჯილდო დავით ფარჯიანს ერგო.

RedBull Lukvrame-ს პირველმა წარმატებამ და დიდმა გამოხმაურებამ, პროექტის ავტორებს სურვილი გაუჩინა, მომდევნო სეზონისთვის, შეჯიბრის კონცეფცია უფრო მეტად დახვეწონ. და საერთოდაც, ლუკვრამეს აქვს პოტენციალი, დაიმკვიდროს თავი ზამთრის საერთაშორისო სპორტულ აქტივობებში. ამას გარდა, ეს იქნება ეროვნული სახეობა, რომელიც საქართველოს ზამთრის კურორტებისკენ მოაპყრობს საზოგადოების ყურადღებას. ჩვენ კი, როგორც მისი გულშემატკივრები, ერთი წლით ვემშვიდობებით და თავს მომდევნო სეზონზე შეგახსენებთ.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

,,ევექსი კლინიკები“ უკრაინელებს უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს

ნახეთ: ცისარტყელას ბოლოში გამოჩენილი ნავი