8 ივლისს რედისონ ბლუ ივერია თბილისში ლუკა ცეცხლაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. დამთვალიერებელი მომდევნო 2 თვის განმავლობაში შეძლებს ნამუშევრების დათვალიერებას.
ლუკა ცეცხლაძის გამოფენა „რედუქციები“ მხატვრის ხედვის განვითარების კონტურებს განსაზღვრავს, აღქმადს ხდის მიმდინარე ცვლილებებს ფორმისადმი მის დამოკიდებულებაში. ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრების პირველი პრეზენტაციებიდან გამოჩნდა ინტერესი გრაფიკული ხაზის, გეომეტრიული ფორმისა და ფრაგმენტირებული კომპოზიციისადმი. რედისონის ექსპოზიცია ამ ცვლილებებისა და დამოკიდებულებების ეტაპებს აღნიშნავს, რომლებშიც თითოეულს თავისი ღირებულება და მნიშვნელობა ჰქონდა.
გრაფიკული, მრავალდეტალიანი, დრამატული მუხტის მქონე ექსპრესიონისტული გამოსახულებებიდან მხატვარი თავის ენას ლაკონიურობისკენ, მინიმალისტური გამოსახულებებისკენ მიმართავს, თითქოს გზადაგზა „ანადგურებს“ ყველაფერს, რასაც ზედმეტად თვლის. ადრეულ გრაფიკულსა და ექსპრესიონისტულ ნამუშევრებშიც არის თავისებური სკულპტურულობა, ფორმის დამოუკიდებლობა და სიმკვეთრე, რაც შემდეგ რეალიზდა ფერადი რკინის ქანდაკებების სახით რუსთავის პარკში, ენტონი კაროს ქანდაკებების სტილში.
გავლენების შესახებ თავად ხელოვანი საუბრობს და მნიშვნელოვნად თვლის გამოკვეთილი ხედვების მქონე აღიარებული წარმომადგენლების გამოცდილებას, რაც მას საკუთარი „ხმის“ პოვნაში ეხმარება და მომდევნო პერიოდის ნამუშევრები უკვე მკაფიო, თავდაჯერებულსა და ორიგინალურ ხასიათს განსაზღვრავს. ამ პროცესის ზუსტი ვიზუალიზაციაა ლუკა ცეცხლაძის „პოსტმოდერნისტული ხატები“ (2015) — კომპოზიციური უნარების თვალსაჩინო დასტური, რომელშიც პირობითი პეიზაჟის ფონზე ასევე პირობითად აღნიშნული „ბრენდული“ ანაბეჭდები მრავალფეროვანი და წინააღმდეგობრივი სამყაროს მასშტაბურ თემას მოიცავს.
„რედუქციები“ მხატვრული ფაქტი-ნიშნებით აგებული რუკაა, რომელთა შორის არსებული ინტერვალები დროისა და გააზრების არაერთგვაროვან ეპიზოდებს მოიცავს.
[R]