25
Oct
2019

განსხვავებული პოზიციები – თბილისში ალისია კვადესა და ნინო ქვრივიშვილის გამოფენა იხსნება

25 Oct 2019

თუკი გაინტერესებთ, როგორი შეიძლება იყოს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ხელოვანის ხედვა ერთ სივრცეში, გეტყვით, რომ 25 ოქტომბერს, 19:00 სთ-ზე კუნსტჰალე თბილისი აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში ალისია კვადესა და ნინო ქვირიშვილის გამოფენა იხსნება. ეს გამოფენა ევროპაში არსებულ ხელოვნების შექმნისა და აღქმის სხვადასხვა პირობასა და პრეზენტაციის ფორმებზე გამართული გარკვეული დიალოგია.

გამოფენის შესახებ

გამოფენაზე წარმოდგენილი ორი ხელოვანის მიდგომა, ესთეტიკა და ნამუშევრები ერთი თემის ორ განსხვავებულ სახეს გვიჩვენებს. მათ აქვთ პრივილეგია, ნებისმიერ საკითხს სრული თავისუფლებით მიუდგნენ. ეს თავისუფლება მათ აძლევთ საშუალებას, სოციალურ და პოლიტიკურ რეალობასთან, ცხოვრებასთან და ბუნებასთან უკიდურესად ინდივიდუალური პირადი დამოკიდებულება განავითარონ. ხელოვანთა შემოქმედებითი ჩანაფიქრი სამყაროს მიმართ მათ ინდივიდუალურ პოზიციას ასახავს და იმის გარკვეულ სანიშნედ იქცევა, ჩვენი გარემო კავკასიიდან დასავლეთ ევროპის ცენტრამდე როგორ უნდა აღვიქვათ.

ალისია კვადე

ალისია კვადე პოლონური წარმოშობის გერმანელი ხელოვანია. ის 1979 წელს კატოვიცეში დაიბადა, მაგრამ მისი ოჯახი მალევე საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა სადაც მან ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი UDK დაამთავრა. კვადე ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში. ხელოვანს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო გამოფენაში აქვს მიღებული. მისი ნამუშევრები ბევრი ცნობილი მუზეუმის კოლექციაში ინახება. 2017 წლის ვენეციის ბიენალეზე წარდგენილი კვადეს მასშტაბური ნამუშევრები საგამოფენო სივრცეებსა და ღია ცის ქვეშ მდებარე საჯარო სივრცეებში იყო ნაჩვენები. ამჟამად, 2019 წლის 27 ოქტომბრამდე მუზეუმის სპეციალური დაკვეთით შესრულებული მისი ნამუშევარი ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმის სახურავის ბაღშია გამოფენილი.

ალისია კვადეს ნამუშევარი

ალისია კვადე რეალობის ვიზუალური აღქმითაა დაინტერესებული. მის ნამუშევრებში სწორი საგნები ორჯერაა გადაღუნული; საათის ისრები სარკისებრი ზედაპირის მიღმა უხილავად წიკწიკებენ; ქვის ლოდები ნამდვილია, ან ქრომით დაფარულია ან ბრინჯაოს ასლებია.

კვადეს მრავალი ნამუშევარი სწორედ ობიექტის რეალურ ვიზუალურ სახესა და მის სარკეში ასახულ ანარეკლზეა დაფუძნებული. ხელოვანს აინტერესებს სამყაროში ფიზიკური არსებობის თემა, დროისა და სივრცის სტრუქტურა, განსხვავება რეალურსა და წარმოსახვითს შორის და ის, რაც წარმოსახვის მიღმა რჩება. გამოფენაზე წარმოდგენილი ქაღალდზე შესრულებული ნამუშევრები იმგვარი დროის თემას ეხება, რომელიც სწორედ ასეთ კონცეფციაზეა დაფუძნებული. დრო ციფერბლატზე საათის ისრების მდებარეობის საშუალებითაა ხილვადი. დამწვარი სანთელი კი გასულ დროზე მიუთითებს. გამოფენის ერთ-ერთ ექსპონატს დამწვარი სანთლის ნარჩენების რგოლი, წარსული მომენტების უსასრულო გამეორებას წარმოადგენს. მეორე ნამუშევარში ხის ჯოხი საკუთარ ბრინჯაოს ასლს უპირისპირდება. კვადეს ნამუშევრები ტექნიკური თვალსაზრისით უზადოდაა შესრულებული. მათში ხელით გაკეთებულის კვალი გაპრიალებული ზედაპირებითაა შენიღბული ან სარკეში ასახული ნივთის არარეალურობასა და დუბლირებულ ობიექტებშია დაკარგული.

ალისია კვადეს ნამუშევარი

ნინო ქვრივიშვილი

ამ გამოფენისთვის ნინო ქვრივიშვილმა ახალი ინსტალაცია ისეთი მარტივი და უბრალო მასალებით შექმნა, როგორებიცაა ძველი მუყაო, თაბაშირი და ნახმარი ხის ყუთები – საგნები, რომლებიც ამავე დროს პოეტურ მუხტს ატარებენ. გამოყენებული მასალის წყალობით დაფარული გრძნობები ძველ ღია ბარათებსა და ნაძვის ხის სათამაშოებში, ფაიფურის თეფშსა და საახალწლო განათებების ჯაჭვშიც ჩანან. ძველი ნივთებისგან შექმნილი ნამუშევრები წარსულს გვახსენებენ და გარდასული დროის ისტორიებს ყვებიან. სხვადასხვა ფერის ხე, მუყაო, თაბაშირით დაფარული ზედაპირები აძლიერებენ ამ შეგრძნებას და წარსულის დაფასებასა და შენახვაზე დაგვაფიქრებენ. განა ნოსტალგია, როგორც წარსულის მონატრება და გარდასახვა, მისაღებია? ნინო ქვრივიშვილის ინსტალაცია წარსულის ნაწილებისა და მეხსიერების ფრაგმენტებთან მუშაობის პროცესის ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც ხან ყუთებშია ფრთხილად ჩალაგებული და ხანაც კვარცხლბეკზე ძვირფასი ექსპონატის რანგში გამოფენილი. წარსულის რეკონსტრუქცია ფაქიზი საქმეა და მოგონებების გახუნებას ვერაფერი შეაჩერებს. ობიექტები და გამოსახულებები, რომლებიც ოდესღაც მნიშვნელოვანი ისტორიების აღმნიშვნელები იყვნენ დროთა განმავლობაში მნიშვნელობას კარგავენ და ჩვეულებრივ ნაგვად გარდაიქმნებიან.

ნინო ქვრივიშვილის ნამუშევარი

ნინო ქვრივიშვილი (დაბ. 1984 წ) თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. ის მუშაობდა ისეთ სახელოვნებო რეზიდენციებში, როგორებიცაა ბინცი (შვეიცარია) და Achterhaus, მონაწილეობდა ჰამბურგისა და დიუსელდორფის Frauenkulturbüro-ს გაცვლით პროგრამაში. 2016 წელს ნინო ქვრივიშვილის პერსონალური გამოფენები აბრეშუმის მუზეუმსა და Binz 39-ის გალერეაში, ციურიხში მოეწყო.

ნინო ქვრივიშვილის ნამუშევარი

გამოფენა “განსხვავებული პოზიციები” 25 ოქტომბერს გაიხსნება და 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

განხილვა